Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
6-07-2014, 17:09
ნანახია: 2004

გიორგი ტიგინაშვილი:-

   ნანატრი სამართლიანობის აღდგენა–დამკვიდრების პროცესი

   ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობასა და ამ პროცესის მისაღწევად საჭირო გზებზე "ივერიონს" საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, მწერალი გიორგი  ტიგინაშვილი (ივრისპირელი) ესაუბრა.

      დემოკრატიული, ცივილური და განვითარებული სახელმწიფოს ფუძემდებლურ პრინციპს, პირველ რიგში კანონის უზნაესობა და სამართლიანობა წარმოადგენს. დასავლური სამყაროს ყველაზე საქებარი მონაპოვარიც ეს ორი ძირითადი პოსტულატი გახლავთ. იქ, სწორედ ამ ღირებულებებზეა დამყარებული საზოგადოებრივი წესრიგი, თანასწორობა, სოლიდარობა, ღირსება, გამოხატვის თავისუფლება, უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი ფასეულობანი. ყოველივე ეს კი თავის ჩანასახში ქრისტიანული ცნობიერების მატარებელია, თუმცა რიგ შემთხვევებში, იდეოლოგიათა თავნება ავტორები მის პროფანაციას დაუფარავად ეწევიან ხოლმე. 

    წარმატებული და მოდერნისტული სამყაროდან ჩვენ უნდა გავიზიაროთ ყველა ის ღირებულება და გამოცდილება, რომელიც ჯანსაღი საზოგადოების შენების საქმეში დაგვეხმარება. ასეთ დროს, პროცესში, რასაკვირველია ადგილობრივი ეთნო–ფსიქოლოგია და მკვიდრი ფასეულობები უსათუოდ უნდა გავითვალისწინოთ და მათი იგნორირების ხარჯზე პირდაპირ არ უნდა შემოვიტანოთ სხვაგან აპრობირებული მოდელის კალკი.  

    მთავრობა სამართლიანობის გარეშე ვერ უზრუნველყოფს ინდივიდის თავისუფლებას. საზოგადოება, რომელშიც რეალურად არ მოქმედებს მიუკერძოებელი სამართლიანობის პრინციპი, ვერ განვითარდება. სამართლიანობისა და კანონიერების პრიორიტეტი უნდა ხორციელდებოდეს ადამიანსა და პიროვნებაზე, ანუ ყოველ მოქალაქეზე და არა რომელიმე ცალკეულ კასტაზე. 

    ნებისმიერ ეპოქაში, (განსაკუთრებით კი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის აღმშენებლობის ხანაში) ყველა გამოჩენილი მოღვაწე თუ მოაზროვნე, უმთავრეს და ბუნებით მრწამსად, პოლიტიკურ თუ სოციალურ ასპექტში სამართლიანობის დამკვიდრების აუცილებლობას მოიაზრებს. ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნის გამოჩენილი ბერძენი ჰიმნოგრაფი – პინდარე ამბობს: "სახელმწიფოს ურყევი საძირკველი სამართლიანობაა!" დაახლოებით იგივეს ამბობს XVIII საუკუნის ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი – იმანუილ კანტიც: "როცა სამართლიანობა ქრება, მაშინ აღარაფერი რჩება ისეთი, რომ ადამიანის სიცოცხლეს ღირებულება მისცეს". ასევე საგულისხმოა XX საუკუნის დიდი განმათავისუფლებელის – მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები: "არ იქნება სამართლიანობა – არ იქნება მშვიდობა!"

    ასე რომ, ნუ ღელავთ აღშფოთებულნო, არაფერია ცისქვეშეთში ახალი, ცხოვრებისეული კონონზომიერება ბუმერანგის საჰაერო კურსზეა გადებული. რასაც თესავდნენ, იმას იმკიან და რომ არა გარეშე ზეწოლა თუ ლობისტების წნეხი, გაცილებით უფრო მაღალ ტემპში განხორციელდებოდა გაჯანსაღების პროცესი. ამიტომ ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას პოზა, მოსყიდული უტიფრობა და კეკლუცური წუხილი იმაზე, რომ თურმე რა "გაუგონარ და უმსგავსო" ქმედებებს აქვს ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, არის დიდი თვალთმაქცობა და არც მეტი, არც ნაკლები – უზნეობა! რამეთუ ნორმალური ქვეყნის შენებაში, კანონისადმი შერჩევითი მიდგომა ყოვლად დაუშვებელია! 

     ფინანსური მანიპულაციები, ელიტარული კორუფცია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ადამიანების გატაცება, ბუნდოვანი და გაუხსნელი მკვლელობები (მათ შორის პრემიერის ლიკვიდაცია), პატიმართა წამება, მომიტინგეთა უმოწყალო დარბევა, არჩევნების გაყალბება, მასმედიის დამონება, სასამართლოს დაჩოქება, ეკლესიის დაშანტაჯება, ტოტალური მოსმენები, საკუთრების ხელყოფა, ავანტურულ ომში ჩაბმა, ფულის გათეთრება და ა.შ. რასაკვირველია პრო–ევროპულ და წესიერ ქვეყანაში დასჯადი უნდა იყოს, იმისათვის, რათა მომდევნო მთავრობებს ცდუნება აღარ შეექმნათ და დაუსჯელობის სინდრომით არ გათავხედნენ. 

    ამრიგად, ყველას მოვუწოდებ, რომ ახსოვდეთ წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი, შეაფასონ ის საკადრისად, იაზროვნონ ობიექტურად და კეთილსინდისიერად, პატივისცენ კანონს და კაცური კაცის პირნათელი რაკურსიდან შეხედონ მოცემულ რეალობას. 

    ამჟამინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით კი სერიოზული ანალიზი და დაფიქრებაა საჭირო. იმ ფონზე, როცა ყველანი მოვესწარით ავტორიტარული თუ პლუტოკრატიული რეჟიმის თარეშს, საზოგადოებრივი სპექტრის მხრიდან (რომელთა შორისაც აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა სახით დაზარელებულია) გამოთქმული პრეტენზია, აბსოლუტურად ადეკვატური და ლოგიკურია. შესაბამისად, თუკი ამომრჩეველთა უმთავრესი დაკვეთა – "დაუყონებლივ აღდგეს სამართლიანობა!", არ შესრულდა, ამ შემთხვევაში ნიჰილიზმი და ემოციური ჯანყი გარდაუვალი იქნება. ასე, რომ მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ძლიერთა ამა სოფლისათა და ხელმწიფეთა, მოგიწოდებთ აქტიური ნაბიჯებისაკენ. იმოქმედეთ ისე, როგორც ამას თქვენი პარტნიორი ქვეყნების მმართველები იზამდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მეცადინეობას მხოლოოდენ ფასადურსა და ბუტაფორიულს დაარქმევენ და დაეთანხმებიან სახელოვან მეცნიერ – ბლეზ პასკალს, რომელიც თითქოს და დღევანდელობაზე ამბობდაო: "ეს საცოდავი სამართლიანობა! მისი საზღვრები მთებსა და მდინარეებზე გადის, რაც პირინეის აქეთ სამართლიანია, პირინეის იქით უსამართლობად ითვლება". აქვე დავძენდი, რომ სამართლიანობის აღდგენა უნდა იყოს უსამართლოდ შელახულ უფლებათა აღდგენა, დამცირებულთა რეაბილიტაცია–რესოციალიზაცია და "შემლახველთა" პასუხისგება. 

    ისე, გულახდილად, რომ ვთქვათ, ჩვენს სინამდვილეში სამართლიანობა თითქმის არც არასდროს ყოფილა და რაღაც რომ აღადგინო, ეს რაღაც ჯერ ტრადიციულად უნდა გქონოდა ოდესღაც. ამდენად, აღდგენას კი არა, დამკვიდრებას უფრო უნდა ვითხოვდეთ, რომლის მიღწევაც, მოკლევადიან პერსპექტივაში, შეუძლებელია განათლების სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გარეშე.

    განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როცა საჯარო სამსახურებში, კონკრეტულად კი ძალოვან სტრუქტურებში, სასამართლოსა და პროკურატურაში, "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი წევრები კვლავინდებურად გადამწყვეტ ძალად, რომ არიან დარჩენილნი. ფაქტობრივად ახლაც ისინი დირიჟორობენ სახელმწიფო უწყებებსა და ადმინისტრაციულ ორკესტრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ–ჯერობით სამართლიანობის დამყარებაზეც არავის უზრუნია. ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" შიგნით უნდა გადახადოს თავის თანაგუნდელებს, რომლებიც დღითი–დღე იდეურად თუ მერკანტილურად უნათასავდებიან (ხელს აფარებენ) იმ ხალხს, ვისაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. აგრეთვე, ერთობ სამწუხარო და დასაგმობია ისიც, რომ ნაცვლად სოციალური პრობლემების მოგვარებისა და მოქალაქეთა დასაქმების უზრუნველყოფისა, ხელისუფლება 200–300 %–იან სახელფასო დანამატებსა და პრემიებს ეშურება, რაც მორალური თვალსაზრისით მეტად გაუმართლებელია და ერთგვარად ლეგალური თუ ირიბი კორუფსიის სახეს წარმოადგენს. თუკი ეს აღვირახსნილი თვითნებობა არ გამოსწორდება, მაშინ თამამად ვიტყვით, რომ თქვენც წინამორბედთა პოლიტიკურ კლონს წარმოადგენთ. სამართლიანობა ასეთ ქონებრივ დიფერენციაციას, როგორიც დღეს არსებობს, ნამდვილად არ გულისხმობს საკუთარ თავში. ასე, რომ ჯერი მმართველ აპარატზეა, ხოლო ხალხი კი უეჭველია, რომ ყველაფერს მკაფიოდ და ფოკუსირებულად აკვირდება.

    რაც შეეხებათ უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის გაწიწმატებულ მხადამჭერებს,  მინდა თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ტონით მივმართო: შეცდომილნო, იქნებ ახლა მაინც დაინახოთ სინამდვილე, როცა კი განსაცდელი და პასუხისგება მოგიახლოვდათ. შეინანეთ და დადუმდით, თუკი იოტისოდენა პატიოსნება ან ოდნავი განსჯის უნარი მაინც შეგრჩენიათ. პირადად მე, არ მინდა რომ მჯეროდეს არისოტელეს, უმკაცრესი მოწოდებისა: "არამზადის სინდისი, რომ გავაღვიძოთ, სილა უნდა გავაწნათო". ნუ აიძულებთ საზოგადოებას, რომ მხოლოდ საპასუხო აგრესიითა და სახალხო ანგარიშსწორებით მოგეკიდონ. გეყოთ ამდენი პროვოკაცია, გამოწვევა და უნამუსობა. დაიოკეთ ბოღმა, გათავისუფლდით მომაკვდინებელი ცოდვებისაგან, გაიხედეთ მომავლისაკენ და სამარემდე მაინც ნუ ჩაყვებით გარდასული ბოროტების დამღუპველ მანქანებას, რომელმაც თანამემაულეთა სიცოცხლის კისერზე არაერთგზის, თქვენს თვალწინ და თვენივე გამოისობით გადაიარა.

    ბოლოს კი ყურადღებით მოვიგონებ, გერმანელი რეფორმატორის – მარტინ ლუთერის სიტყვებს: "რაკი უფალმა დააწესა საერო ძალაუფლება ბოროტთა დასასჯელად და კეთილთა დასაცავად, დაე მან თავისუფლად აღასრულოს თავისი მოვალეობა, პირმოთნეობის გარეშე: ვინც დამნაშავეა, დაისაჯოს!"