Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
14-07-2014, 16:39
ნანახია: 782

  "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის" ინიციატივით დაწყებული კარვების აქციიდან 3 თვე შესრულდა.

   დღეს საყდრისის მცველებმა, ადგილობრივი მოსახლეობის წარმოამდგენლებმა, პროფესორებმა და პოლიტიკოსებმა, კიდევ ერთი სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

 

   "სადავო აღარ არის, რომ საყდრისის ოქროს მაღარო მსოფლიოში უძველესი და უნიკალურია.  ის ჩვენი ისტორიისა და კულტურის სიამაყეა.  ამავდროულად, საკაცობრიო მნიშვნელობის ძეგლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საყდრისის მცველები საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს სასწრაფოდ აღუდგეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

   საყდრისის განადგურების გეგმის ფორმა შეიცვალა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, საყდრისზე  ტოტალური გათხრების ჩატარება აქვს განზრახული,  რის შემდეგაც საყდრისის შენარჩუნება შეუძლებლად გამოცხადდება და "არემჯი გოლდს" მისი აფეთქების უფლება მიეცემა. სააგენტო ცდილობს ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებაში ჩაითრიოს შეულახავი რეპუტაციის მქონე მეცნიერები. 

   ჩვენ, საყდრისის მცველები, მაღაროს არქეოლოგიურ კვლევას მივესალმებით, მაგრამ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ისეთი ტიპის არქეოლოგიურ გათხრებს, რომელმაც მაღაროს შენარჩუნება სათუო შეიძლება გახადოს.

   საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არსებული სახით შენარჩუნებას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და ის საერთაშორისო კონვენციები, რომელსაც მიერთებულია საქართველო და რომლის შესრულებასაც გვავალდებულებს ევროკავშირთან ახლახანს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება.

 საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს არსებული სახით შენარჩუნებას ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 12-ე მუხლის პირველი პუნქტი და არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ევროპული კონვენციის (განახლებული ლავალეტას კონვენციის) მეორე, მესამე მუხლები და მეოთხე მუხლის მეორე პუნქტი. ამ კონვენციას ჩვენი სახელმწიფო მიუერთდა 2000 წლის 23 თებერვლის N158 დადგენილებით.

  გაფრთხილებთ, ვინც ჩვენი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას ცდილობთ - გამხელთ და კანონით დაშვებული ყველა ფორმით დაგიპირისპირდებით!

  აქვე შეგახსენებთ, რომ  "არემჯი გოლდმა" მაღაროს ნაწილი ბარბაროსულად დაანგრია. შესაბამის უწყებებში არაერთი საჩივარია შესული, მაგრამ რეაგირება ჯერჯერობით, არც ერთს მათგანს არ მოჰყოლია.

 საყდრისში,  კარვების აქცია გრძელდება. ასევე გრძელდება საყდრისის დასაცავად დაწყებული სასამართლო დავები. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ის საკანონმდებლო აქტები, რომლითაც ძეგლს მოეხსნა არქეოლოგიური დაცვის ზონა და რომლითაც გაუუქმდა უძრავი ძეგლის სტატუსი. მეორე პროცესზეც საყდრისის მცველების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და "არემჯი გოლდს" ფართომასშტაბიანი სამუშაოების უფლება აეკრძალა, მანამ, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს"- ნათქვამია განცხადებაში.