“თეატრი ცოცხლობს, კინო კი აღარ არსებობს

“თეატრი ცოცხლობს, კინო კი აღარ არსებობს

   "ივერიონი" დღეიდან იწყებს ახალ რუბრიკას-რეტრო, სადაც მკითხველს შეეძლება წაიკითხოს ინტერვიუები იმ ცნობილს და ყველასთვის საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც უკვე ჩვენს გვერდით აღარ არიან. რუბრიკის პირველი "სტუმარია" ბუმბერაზი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი. ინტერვიუ ჩაწერილია 2007 წელს.

     “თეატრი ცოცხლობს, კინო კი აღარ არსებობს"

   ქართველი მსახიობების იმ თაობას, რომელსაც ოთარ მეღვინეთუხუცესი მიეკუთვნება, ყურადღება არასოდეს მოკლებია. მიუხედავად ამისა, დღესაც ხშირად ჩნდება სურვილი, კვლავაც გვიამბონ მათ იმ ფილმებსა და სპექტაკლებზე, რომლებშიც სხვადასხვა დროს უთამაშიათ. ეს, ალბათ, იმ ნოსტალგიის შედეგია, რასაც დღეს ნამდვილი ქართველი ვარსკვლავების დეფიციტის გამო განვიცდით. თუ დღეს ვინმე სიყვარულს, მოფერებას, პატივისცემას იმსახურებს, ისევ ის სახეებია, ვისაც უკვე დიდი ხანია, ვიცნობთ…

   ოთარ მეღვინეთუხუცესი აქტიურად განაგრძობს თავის საქმეს, მაგრამ ის მაინც ისეთი როლებით ახსოვთ და უყვართ, როგორებიც დათა თუთაშხია, გიორგი პირველი და კიდევ არაერთი როლია. ბუნებრივია, იმ წლების მანძილზე, რაც კინოსა და თეატრში მოღვაწეობს, ბატონი ოთარისთვის ბევრჯერ დაუსვამთ კითხვები მისივე შემოქმედების გარშემო, თუმცა, ალბათ, მაინც საინტერესოა, როგორ უყურებს იგი დღეს ქართული კინოსა თუ თეატრის აწმყოსა და მომავალს…

 

_ ალბათ, ეს კითხვა ბევრჯერ მოგისმენიათ, მაგრამ იქნებ კიდევ ერთხელ გაიხსენოთ, როგორი იყო თქვენი პირველი როლი და, საერთოდ, როგორ დადგა თქვენი შემოქმედებითი აისი?

 

_ ჩემთვის კინოში მუშაობა არცთუ სახარბიელოდ დაიწყო _ თამაზ მელიავამ ლენინგრადში წამიყვანა, ჩერქეზის როლი უნდა მეთამაშა. ნახევარი ფილმი უკვე გადაღებული გვქონდა, როცა მოულოდნელად გადაღებები შეწყდა. ამის შემდეგ პირველი სურათი, რომელშიც ვითამაშე, "ფატიმა" იყო. აქაც ნახევარზე მეტი გადავიღეთ და ფილმის რეჟისორი ვალიევი სურათიდან გაათავისუფლეს. სცენარი სიკო დოლიძეს ეკუთვნოდა. არ ვიცი, რატომ და სიკო დოლიძემ თავიდან დაიწყო გადაღება. პირველი სცენარის მიხედვით, ჯამბულათი დადებითი გმირი უნდა ყოფილიყო, მერე კი სცენარისტმა გმირი უარყოფითად გადააკეთა და მეც როლზე უარი ვთქვი. ფატიმაზეც და ჯამბულათზეც სხვები აიყვანეს. ამ დროს სტუდიის დირექტორი გიგოლაშვილი იყო. მან ეს როლი ისევ მე შემომთავაზა, მაგრამ უარყოფითი გმირის თამაში არ მინდოდა. მერე მითხრა, სანამ მე დირექტორი ვარ, აქ ფეხს ვერ შემოდგამო. დიდხანს ვუარობდი, თუმცა საბოლოოდ მაინც დამითანხმეს. მოკლედ, ბევრი უსიამოვნება შემხვდა და მას შემდეგ, როცა აღნიშნავენ, რომ ეს კარგი სურათია, მთლად ვერ აღვიქვამ ამას, რადგან ის არასასიამოვნო განწყობა, რომელიც ამ ყველაფერმა შემიქმნა, ბოლომდე გამყვა.

 

_ ე.ი. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენთვის გმირის დადებით და უარყოფით სახეს?

 

_ დიახ, ნამდვილად, და აი, რატომ _ მიმაჩნია, რომ როცა როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ის შენზე მოქმედებს, მისგან რაღაც გეცხება, გაიძულებს, უკეთესი იყო. შენი, როგორც მსახიობის, ისე პიროვნების სრულყოფისათვის ეს კარგია და თუ მთელი ცხოვრების მანძილზე ასე გრძელდება, პიროვნების ჩამოყალიბებაში ეს ძალიან დიდ როლს ასრულებს _ ერთხელ გუგული მგელაძემ მითხრა, შენ ისეთი როლები გაქვს ნათამაშევი, სულელი დაჭკვიანდებოდაო.

 

_ თუ ასეა, მაშინ როგორ ფიქრობთ, ხალხს თქვენი გიორგი მეფე უყვარს, დათა თუთაშხია თუ თავად ოთარ მეღვინეთუხუცესი?

 

_ ალბათ, ხალხს უყვარს თვითონ მსახიობი, თუმცა განსახიერებული გმირის მადლით, რადგან მაყურებელი, რატომღაც, ამ გმირის თვისებებს მიაწერს შემსრულებელს.

 

_ სხვა კინოროლებზე რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც გიორგი პირველი განასახიერეთ, შეძელით, გეჩვენებინათ იგი ზუსტად ისეთი, როგორსაც წიგნიდან ვიცნობთ _ ეს ღვთით მომადლებული ნიჭია თუ დიდი შრომის ნაყოფი?

 

_ როცა რუსთავის თეატრში წავედი, მომეცა საშუალება, თავზე დაბერტყილივით მქონოდა სამუშაო, მქონდა ერთმანეთზე საინტერესო როლები. ამან ჩემს პროფესიაში გარკვეული ნახტომი გამაკეთებინა. ამ დროს 35 წლის ვიყავი. ჩვენ _ ყველას უნდა დაგვემტკიცებინა, რა გვინდოდა. ერთსულოვნება ძალიან ძლიერი იყო. ამის შემდეგ მოგვაქციეს ყურადღება. როცა ისეთ დიდ ნაწარმოებს იღებდნენ, როგორც კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაა", მსახიობების შერჩევა სწორედ რუსთავის თეატრიდან გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ მზად ვიყავი ამ როლისათვის. რაც შეეხება ნიჭს, ეს აუცილებელია, მაგრამ ამას შრომაც სჭირდება _ თავისებურად, ნიჭიერება შრომისუნარიანობაც არის. როცა სამუშაო გიყვარს, შრომის უნარიც გიჩნდება. ფიროსმანს ჰქონდა ასეთი ფრაზა: "წმინდა გიორგი მათრახით მადგას თავზე, ხატე და ხატეო"… პირადად მე, როგორც მსახიობს, გიორგი პირველის როლმა მომიტანა მაყურებლის დიდი აღიარება. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ მცნობდნენ ქუჩაში. მაშინ უკვე თეატრის გამო დიდი პაუზა მქონდა კინოში, აქ კი ნახევარი წლის გეგმა ორ კვირაში შევასრულეთ.

 

_ და ამის მერე, კიდევ ბევრი საპასუხისმგებლო როლის კვალდაკვალ, დაიბადა დათა თუთაშხია, რომელიც ვერავის წარმოუდგენია სხვა სახით. თქვენ მას ხორცი შეასხით. ეს არჩევანი რეჟისორის მიღწევად მიგაჩნიათ თუ ყველაფერი ზეცაში წყდება?

 

_ იცით, ეს ისე მოხდა, რომ ალბათ ყველა ფაქტორმა ითამაშა როლი, თამაზ მელიავა "მთვარის მოტაცებას" იღებდა. როცა მან დათა თუთაშხია წამაკითხა, ის ჯერ წიგნად გამოცემულიც კი არ იყო. მელიავამ მითხრა, რომ დათა მე უნდა მეთამაშა. მერე თამაზი გარდაიცვალა. ფილმი თენგიზ აბულაძეს ორ სერიად უნდა გადაეღო. მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ აბულაძე ნამდვილად იყო დიდი რეჟისორი, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ამ ზომის წიგნი ორ სერიაში ვერ ჩაეტეოდა, ჭაბუა ამირეჯიბი ვერ დაითანხმეს. ნაწარმოები ბევრს დაკარგავდა. აბულაძესაც მე ვუნდოდი დათას როლზე. ამ ყველაფრის მერე ფილმი გიგა ლორთქიფანიძის ხელში გადავიდა _ ჩვენ იმდენად გვესმოდა ერთმანეთის, რომ მან კატეგორიულად განაცხადა (რადგან ეუბნებოდნენ, იქნებ დათას როლზე ვინმე გაგვესინჯაო _ კანდიდატურებს სთავაზობდნენ), თუ იქნება ოთარი, გადავიღებ, თუ არა და _ არაო.

 

იცით, არის ეპიზოდები, რომლებიც უჩემოდ მართლა არ შედგებოდა _ შეიძლებოდა, ეთამაშა ვინმეს, ცხენს სხვაც გააჭენებდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, არ იქნებოდა მეწისქვილის სცენა, ჩემი და თენგიზის დიალოგი მცხეთაში, მეოთხე სერია კი საერთოდ არ შედგებოდა… ასეა ეს… ჭაბუას ჩემთვის დაუწერია-მეთქი "დათა თუთაშხია" _ ვამბობ ხოლმე ხუმრობით. ეს ჩემი სალოცავი კაცია _ საქართველოსათვის და პირადად ჩემთვის სალოცავი კაცი! სხვათა შორის, მაშინ საფრანგეთს უნდა შეეძინა ეს ფილმი I პროგრამისათვის, მაგრამ რუსებმა სამმაგი ფასი დაადეს, რომ არ გაეყიდათ. და იცით, რატომ? არ შეიძლებოდა, ამ პროგრამით პირველად ქართული ფილმი გასულიყო და არა რუსული _ ასე რომ, ეს კინოროლები, ისევე, როგორც გიგა ბეთანელი (ერთ-ერთი პირველი კინოროლი ფილმში "კეთილი ადამიანები"), ელიოზი ("ნატვრის ხე") და ბევრი სხვა ძალზე მნიშვნელოვანი როლებია ჩემთვის (სხვადასხვა მხრივ, რა თქმა უნდა).

 

_ და მაინც, რომელი მათგანი უფრო გიყვართ?

 

_ მაინც დათა…

 

_ ამ შემთხვევაში, ყურადღება, ძირითადად, თქვენს კინოროლებზე გავამახვილე, თეატრზე რას იტყვით? რა და რა ადგილს მიაკუთვნებთ კინოსა და თეატრს თქვენს ცხოვრებაში?

 

_ კინო და თეატრი განსხვავებული ხელოვნებებია _ მე ორივე მიყვარს, არტისტს ორივე სჭირდება. პირადად ჩემთვის, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი რუსთავის თეატრს უკავშირდება.

 

_ დღეს რამდენად იმედიანია ხელოვნების ამ ორი დარგის მომავლის თქვენეული პროგნოზი?

 

_ თეატრი დღეს, ასე თუ ისე, ცოცხლობს, კინო კი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს _ იმას, რასაც დღეს იღებენ, მე კინოს ვერ დავარქმევ. მომავალში რომ რამე გაკეთდეს, ამისათვის დიდი თანხებია საჭირო. პატარა ქვეყანა ვართ და ამიტომ, მოგების მხრივ, ბევრი პრობლემა იქმნება. მაშინ ვინმემ უნდა გარისკოს _ რეჟისორი და ფილმი უნდა დააფინანსოს. ამ ახლო წარსულში, მე და გუგული მგელაძე ვიღებდით ფილმს "გაჭედილები". ვჩერდებოდით, ფულს აგროვებდნენ, მერე ისევ ვიღებდით და ისევ გავჩერდით, სანამ გივი სიხარულიძე ფინანსურად არ დაეხმარა მგელაძეს. სამაგიეროდ, ბევრი რამ შეიცვალა, როლები სხვაგვარად გადანაწილდა, თუმცა ფილმის დასრულება მაინც მოხერხდა.

 

_ ამ ყველაფრის ფონზე, როგორ ფიქრობთ, ქართველ მსახიობთა ახალ თაობას აქვს იმის საფუძველი, ისეთივე სიყვარული მოიპოვოს, როგორი სიყვარულითაც თქვენ დღესაც ძველებურად სარგებლობთ ხალხში?

 

_ ვფიქრობ, ძალიან ცოტას აქვს ამისი შესაძლებლობა დღეს. საქართველოში ნიჭი არ გამოილევა, მაგრამ ამ ნიჭს დიდი მოვლა სჭირდება. მსახიობისათვის გადამწყვეტი ნიჭი, ტალანტი უნდა იყოს. თეატრალური უნივერსიტეტიდან პროფესიონალები უნდა გამოვიდნენ _ ეს აუცილებელია.

 

შორენა როსტომაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: