ვაჟა ბერიძე: ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,შეთქმულებას აწყობენ"

ვაჟა ბერიძე:  ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,შეთქმულებას აწყობენ"

   ,,ივერიონი" ექსპერტ  ვაჟა ბერიძეს ესაუბრა

 

-თქვენი აზრით, როგორია დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უნდა ველოდეთ თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

 

-ვფიქრობ, პოლიტიკური პროცესები, გარკვეული თვალსაზრისით, სტაგნაციას განიცდის- არ ვითარდება და მას საზოგადოებაც მოწყვეტილია. კონსერვაციული სურათი ჩამოყალიბდა, როცა ორი ძირითადი მოთამაშე - ,,ქართული ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,შეთქმულებას აწყობენ"  დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების  მიმართ, რაც ორივეს ხელს აძლევს. ერთმანეთის მოწინააღმდეგეობა მათთვის ხელსაყრელია - ,,ნაციონალებისთვის" ხელსაყრელია გამოუცდელებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, ,,ოცნებისთვის" - ,,ნაციონალების" ოპოზიციონერობა, რომელთაც 9-წლიანი კრიმინალი, ნაკლოვანება, მძიმე შეცდომები და გადაცდომები უმძიმებს ზურგს. 

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბევრია სათქმელი, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ ახლო მომავალში ეს მოსალოდნელი არა არის. ეს ხელს არ აძლევს ორ მთავარ მოთამაშეს, ხოლო დანარჩენები იმდენად სუსტია, რომ ამისთვის ძალა არ ეყოფათ.

 

-დღეს უკვე ხმამაღლა საუბრობენ კალაძე-ღარიბაშვილის დაპირისპირებაზე. ეს რეალურად გეჩვენებათ?

 

-ისინი ივანიშვილის ფავორიტები არიან, მას ავტორიტეტად აღიარებენ, პატივს სცემენ და, აქედან გამომდინარე, მათი დაპირისპირებაც გამორიცხულია. 

 

-ამბობენ, რომ ირაკლი ალასანია რესპუბლიკელებთან ერთად შესაძლოა მალე ჩამოშორდეს მმართველ კოალიციას. აძლევთ თუ არა მათ ხელს ასეთი რისკი და ალასანიას ეყოფა თუ არა რეიტინგი საზოგადოებისგან მხარდასაჭერად?

 

-ალასანია გააკეთებს იმას, რასაც დასავლეთელი მეგობრები ეტყვიან. ის არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე, მას არც  ფული აქვს. ის პოლიტიკურ მოთამაშედ მარგველაშვილთანაც მოიაზრება, რესპუბლიკელებთან და ზოგიერთ ,,ნაციონალთანაც". 

ალასანია საზოგადოებაში გამოჩენის დღიდან რეიტინგულია -ამისთვის ბევრი კოზირი აქვს: რესპექტაბელურობა, ოჯახიშვილობა, კუთხური წარმომავლობა, დასავლური რეპუტაცია და კავშირები. ამავე დროს ის არ არის ,,პოლიტიკური ცხოველი", არ შეუძლია ლიდერობა, საქართველოს ბობოქარ პოლიტიკაში ლიდერად არ მოიაზრება - ის უფრო წყნარი პოლიტიკის ბინადარია, მაგრამ თუ ზემოხსენებული კოალიცია ჩამოყალიბდა, მისი ლიდერობა არ გამოირიცხება, მით უმეტეს, თუ ვასაძეც შეუერთდება. 

 

-როგორც ამბობენ, მალე კონსტიტუციაში ცვლილებები იგეგმება, რამაც შესაძლოა პრეზიდენტის ინსტიტუტი ბუტაფორიად აქციოს.

 

-დაახლოებით 6 თვეა აღვნიშნავ, რომ დღევანდელი პრეზიდენტი არ შეეფერება ,,სააკაშვილისეულ კონსტიტუციას".  მას მხოლოდ ის ევალება თქვას ,,იმოქმედეთ" და საგარეო პოლიტიკას კოორდინაცია გაუწიოს. მიუხედავად ამისა, ის სახელმწიფოს მეთაურია, მაშინ, როცა, ფაქტობრივად,  ღარიბაშვილია პოლიტიკური ლიდერი. ასეთი სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება. ის ხალხის არჩეულია, მაგრამ თუ საპრეზიდენტო მმართველობიდან გადავდივართ საპარლამენტოსკენ, მაშინ პრეზიდენტის გამოსვლა მსოფლიოს უმაღლეს  ფორუმებზე საჭირო არ არის. პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი და პრემიერი ტუსკი ბრიუსელში ერთსა და იმავე ფორუმზე სხვადასხვა მატარებლით ჩადიოდნენ. ამას სიკეთე არ მოუტანია პოლონეთისთვის. ასეთი გაუგებრობა ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ!

 

-ქვეყანაში კრიმინალური ვითარების დაძაბვაზე ბევრს საუბრობენ. რა ღონისძიებებია გასატარებელი და არის თუ არა ჭიკაიძე ,,დამნაშავე"?

 

-მიმაჩნია, რომ კრიმინალური სიტუაცია ქვეყანაში თვალშისაცემად უარყოფითი არ არის. ის ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, ოსტატურად მძიმედ წარმოაჩენს მას. თუ ზუსტად მახსოვს, 25 000 პატიმრის ნაცვლად ციხეებში 10 000 დარჩა. ამნისტია ლოგიკური იყო, მაგრამ ,,გარეთ გამოსულებს" დახვდათ მძიმე სოციალური ფონი, რაც მათ კვლავ კრიმინალისკენ აცდუნებთ. ამის აღსაკვეთად კი  სამართალდამცველებმა უნდა იზრუნონ. არ აქვს მნიშვნელობა, ჭიკაიძე იზრუნებს ამაზე თუ სხვა, ეს ღარიბაშვილის გადასწყვეტია, მთავარი ჩვენთვის შედეგია. 

 

-საზოგადოება აღშფოთებულია იმ რეიდებითაც, რომელსაც ყოველდღიურად აწყობს პოლიცია. მას ,,უხეში ფორმის რეიდებსაც" უწოდებენ. რატომ გახდა აუცილებელი მისი მოწყობა?

 

-ძნელია კანონის სრული დაცვით აკონტროლო სამართლებრივი მდგომარეობა და კრიმინალი. ჩვენ ვიცით, რის ფასად იყო მიღწეული ის ე.წ. მოქალაქეთა უსაფრთხოება სააკაშვილის დროს. აქედან გამომდინარე, დღეს სერიოზული აღშფოთების მიზეზი არ გვაქვს. კრიმინალი უნდა შეიზღუდოს, რეიდებიც უნდა ჩატარდეს, თუმცა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები არ უნდა შეილახოს. 

 

-უნდა ველოდოთ თუ არა აქციებს შემოდგომაზე?

 

-აქციებს არ ველოდები. ვერ ვხედავ აქციების მიზეზსა და  ინიციატორებს.

 

                                                                                ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: