Iverioni
«    სექტემბერი 2021    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
სექტემბერი 2021 (5)
აგვისტო 2021 (8)
ივლისი 2021 (7)
ივნისი 2021 (9)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
27-09-2014, 13:25
ნანახია: 922

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდიან

  "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" შრომის კოდექსში შრომის მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული განცხადება  დღეს "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამავე ორგანიზაციის იურისტმა, ნინო ლაცაბიძემ გააკეთა.

 

  "საქართველოს ორგანული კანონის "შრომის კოდექსის" 31-ე მუხლი აწესრიგებს შრომის ანაზღაურებას, ფორმას, გაცემის ადგილსა და დროს, თუმცა, ამავე მუხლის 1-ელ პუნქტში ნათქვამია, რომ ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ შრომის სამართლიანი ანაზღაურება ორგანული კანონით განისაზღვრება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით, კერძოდ კი სასამართლომ 2006 წლის 16 თებერვლის N2/2/355 განჩინებაში აღნიშნა, რომ 30-ე მუხლი იცავს შრომის სამართლიან ანაზღაურებას",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

  გარდა ამისა, ასოციაციამ ჩაატარა კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი შრომის სამართლიანი ანაზღაურება განვითარებულ ქვეყნებში. ამ სფეროში არსებობს მთელი რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია, 1970 წლის კონვენცია "მინიმალური ანაზღაურების დადგენის შესახებ", რომელიც 52 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული. კონვენცია ავალებს წევრ ქვეყნებს, რომ დაადგინონ მინიმალური ანაზღაურება, რომელსაც კანონის ძალა ექნება. სხვადასხვა სახელწიფოში მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის გზები ერთმანეთისგან  განსხვავდება.

 

  "გარდა შრომის სამართლიანი ანაზღაურების უზრუნველყოფისა კონსტიტუციის იმავე 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი  სახელმწიფოს ავალებს, რომ ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობის განვითარებას. შესაბამისად, ერთმანეთს ორი კონსტიტუციური უფლება უპირისპირდება. თუმცა, აუცილებელია, რომ დაცული იქნეს ბალანსი ამ უფლებებს შორის. სახელმწიფოს, გარდა ნეგატიური ვალდებულებებისა გააჩნია ასევე მთელი რიგი პოზიტიური ვალდებულებები, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები თუნდაც კერძო პირთა მხრიდან მათში ჩარევისას.

 

  საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ" არ ადგენს კაპიტალის იმ  მინიმალურ რაოდენობას, რომელიც სამეწარმეო იურიდიული პირის დასაფუძნებლად არის საჭირო. შესაბამისად, ახლად დაფუძნებული იურიდიული პირისათვის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დაწესება შესაძლებელია, რომ გახდეს მეწარმეობის განვითარებისთვის ხელისშემშლელი გარემოება. აქედან გამომდინარე, "შრომის კოდექსში" შრომის მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის შემთხვევაში, აღნიშნული რეგულირება არ უნდა გავრცელდეს ყველა დამსაქმებელზე ყოველგვარი გონივრული დიფერენციაციის გარეშე",- აღნიშნა ლაცაბიძემ.

 

  ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე მოხდეს გარკვეული გარანტიების შექმნა დასაქმებულთათვის, რომ მათ მიიღონ ადეკვატური, მათი არსებობისათვის საჭირო, სამართლიანი ანაზღაურება, თანაც ამავდროულად არ მოხდეს დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის თანაზომიერი ბალანსის დარღვევა.