Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
14-10-2014, 09:00
ნანახია: 972

ნინო ბურჯანაძე:-

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის სათაო ოფისში ბრიფინგი გამართა წალკის რაიონში აჭარიდან კომპაქტურად ჩასახლებული ეკომიგრანტების პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთაც უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა,  ეს არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ სახელმწიფოებრივ პრობლემას წარმოადგენს:

   -"მინდა ჩემი თანადგომა დავუდასტურო წალკის მოსახლეობას და მადლობა გადავუხადო მათ მხარდაჭერისათვის, ეს არის ის რაიონი სადაც ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მხარდაჭერა გვქონდა, როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. წალკაში არაერთგზის შევხვდი აჭარიდან დევნილ ეკომიგრანტებს, როგორც არჩევნების დროს ასევე შემდგომ, ეს ადამიანები სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლებების უუნარობის გამო  პრაქტიკულად მეორედ ხდებიან დევნილები საკუთარ მიწა-წყალზე და რჩებიან უსახლკაროდ. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა იმისათვის, რომ ეკომიგრანტებისთვის ელემენტარული საცხოვრებელი ფართები შეესყიდათ. ჩვენი გამოთვლებით, დაახლოებით 8 ათასი დოლარის ექვივალენტია წალკის რაიონში ეზოსა და კარმიდამოს ფასი. ეს თანხა ზოგიერთი მინისტრის პრემიის მეათედია. მინისტრთათვის პრემიები რომ არ გამოწერილიყო და ეს თანხები წალკაში მოსახლეობისათვის ბინების შესასყიდად ყოფილიყო გამოყოფილი, თითო მინისტრის პრემიიდან მინიმუმ 5 სახლის შესყიდვა იქნებოდა შესაძლებელი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წალკის რაიონის ამ მოსახლეობისგან დაცლა ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პრობლემა, თუმცა როგორც ჩანს "ქართულ ოცნებასთან" სახელმწიფოებრივ პრობლემებზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

   "ქართული ოცნების" დაპირებები სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვის ყურადღების მიქცევის თაობაზე, სამწუხაროდ დაპირებად რჩება. არც ერთი იმ ადამიანის ბედი, რომელიც დამოკიდებული იყო სახელმწიფოს კეთილ ნებაზე, არ არის გადაწყვეტილი და დღეს ეს ადამიანები ყოველ წუთს ელოდებიან საკუთარი სახლებიდან გამოსახლებას. ხელისუფლება არსებობს არა მხოლოდ იმისათვის, რომ მარტო ჰუმანიტარულ საკითხებზე იზრუნოს, არამედ  იმისთვის, რომ ამ ჰუმანიტარული პრობლემების უკან უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პრობლემები დაინახოს და მოაგვაროს.

   ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან - ხელფასების, პრემიების და დანამატების გაზრდა, არის მათი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. ეს არის იმის გამო, რომ ბიუჯეტის დაგეგმარების დროს ხელოვნურად არის გაზრდილი შრომის ანაზღაურების ასიგნენები და შემდეგ დიდი თავისტკივილის გარეშე ჩვენი თანამდებობის პირები ახერხებენ მრავალათასიან პრემიების დანიშვნას ისე, რომ ამას სერიოზული ცვლილებები ბიუჯეტში არ სჭირდება. ამ დროს კი ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია, რომლის მოგვარებაც იმავე თანხებით ძალიან მარტივად და უმტკივნეულოდ შეიძლება, მაგრამ ამის მოგვარების არც სურვილი და არც დრო დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარი პრემიებისა და ხელფასების გაზრდა, ვიდრე წალკასა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანებისათვის ელემენტარული თავშესაფრის მიცემა. ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომლის არმოგვარებაც დიდი დანაშაულია იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც უზარმაზარი ოცნებები დაუკავშირეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას. სამწუხაროდ ეს ოცნებები მათ ოცნებებად დარჩათ."