ვინ გააკონტროლებს უშიშროების საბჭოს?

ვინ გააკონტროლებს უშიშროების საბჭოს?

საქართველოს პრეზიდენტი ბრიტანეთის მონარქს ემსგავსება: იგი მართვის ბერკეტებს კარგავს
გიორგი დვალი


ვინ გააკონტროლებს ეროვნული უშიშროების საბჭოს - პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი - ბრძოლა გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ამ საკითხშიც მწვავდება. მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სრულიად უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრს, შეიმუშავა ცვლილებები იმ კანონთან მიმართებით, რომელიც უშიშროების საბჭოს საქმიანობას არეგულირებს. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) უფლებები თავდაცვისა და უშიშროების სფეროში მნიშვნელოვნად იზღუდება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ საკითხში დაწყებული კინკლაობა კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ზიანს აყენებს მმართველი კოალიცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.


ეროვნული უშიშროების საბჭოს მარეგულირებელი კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის თვადაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შეიმუშავა. მას „კომერსანტთან“ საუბრების დროს ადრეც უთქვამს, რომ ამ საკითხში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებების გამიჯვნა უნდა მოხდესო“, ჰოდა, უკვე შედეგიც სახეზეა: როგორც „კომერსანტს“ პარლამენტის აპარატიდან შეატყობინეს, კანონში შესატანი შესწორებების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაშია დაგეგმილი.


საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა, მაგრამ კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“, რომლის შესაცვლელად კვალიფიცირებული უმრავლესობაა აუცილებელი, იგივე დარჩა. გასაკვირი არაა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რეალურ ძალას ფლობს, შეეცადა თავისკენ „გადაექაჩა“ საბჭოს ძირითადი ფუნქციები და თავის აპარატში  ანალოგიური სახელწოდების მქონე სტრუქტურა ჩამოაყალიბა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამგვარ მცდელობას სტატიით უპასუხა, რომელშიც თავისი პოზიცია გამოხატა „პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭოს“ როლისა და ფუნქციების შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ ამის შემდეგ მმართველი კოალიცია მივიდა დასკვნამდე, კანონში ცვლილებების შეტანა უკვე აუცილებელი ხდება.


მაინც რაში გამოიხატება კონკრეტულად დაგეგმილი ცვლილებები? პროექტის თანახმად, საბჭოს მუდმივ წევრთა შემადგენლობაში ფინანსთა მინისტრი  აღარ იქნება, შესაბამისად, მისი მონაწილეობა სხდომებში სავალდებულო  აღარ უნდა იყოს. გარდა ამისა, იკვეცება საბჭოს მდივნის ფუნქციებიც: მას აღარ ექნება უფლება მოითხოვოს სამინისტროებისაგნ ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულების თაობაზე, ან გამოვიდეს ინიციატივით უწყებათაშორისო კომისიების და სამუშაო ჯგუფების შექმნის მიზნით. როგორც გაზეთ „პრემიერის“ კომენტატორმა ზურაბ ღოღობერიძემ განუცხადა „კომერსანტს“, ეროვნული უშიშროების საბჭოს დასუსტებით „მთავრობა პრეზიდენტს იმ უკანასკნელ ბერკეტს ართმევს, რომლის მეშვეობით მას პროცესებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. პრეზიდენტი სიმბოლურ ფიგურად იქცევა - ბრიტანული მონარქის მსგავსად“.
უფრო მეტიც - თუ კანონში შესატანი შესწორებები დამტკიცდება, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის სპიკერის ნებართვის გარეშე, უფლება აღარ ექნება საბჭოს სხდომაზე მინისტრები და დეპუტატები მიიწვიოს. უმაღლესი მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს მდივნის ფუნქციებში რჩება მხოლოდ ის საკითხები, რომლებიც ეხება თავდაცვისა და უშიშროების კონცეფციების შემუშავებას, სამხედრო მმშენებლობას და ა.შ. ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან უნდა იყოს შეთანხმებული. „უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქცია ომის დროს მხოლოდ ერთი სიტყვის თქმით შემოიფარგლება: „იმოქმედეთ!“, - ამბობს პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.


ოპოზიცია თვლის, რომ უშიშროების საბჭოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები „არასახელმწიფოებრივი აზროვნების დადასტურებაა“. „პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაწყებული კინკლაობა ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და საერთოდ,  ქვეყანას ასუსტებს“, - დაიჩივლა „კომერსანტთან“ საუბარში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა.

„კომერსანტი“ (რუსეთი),2014 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2588686
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: