Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
16-10-2014, 12:15
ნანახია: 2865

ყალბი დემოკრატია, გაყალბებული არჩევნები და ფარატინა ქაღალდზე ჩაწიკწიკებული კონსტიტუცია!

ვერავინ დამიმტკიცებს, რომ კომუნისტებს ცუდი კონსტიტუცია ჰქონდათ - მიუხედავად იდეოლოგიური საბურველისა, ყველაფერი ისე იყო ჩაწიკწიკებული, რომ წუნს დანარჩენი სამყაროც ვერ იპოვიდა. სოციალურ გარანტიებს რომ თავი დავანებოთ, კომუნისტების ძირითად კანონში მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, რომლითაც დღეს შესანიშნავად მანიპულირებს „დემოკრატიული სამყარო“.

დიახ, ქაღალდზე ყველაფერი თავის ადგილზე იყო _ მაგრამ კონსტიტუციურ მოთხოვნებს არავინ ასრულებდა - ფეხქვეშ ითელებოდა ადამიანის უფლებები და მისი თავისუფლება იდეოლოგიურ ქურაში იყო „გამოწრთობილი“. „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია“ - ეს ლოზუნგი საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა და მას სხვაგვარად მოაზროვნეების“ ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეწირებოდა.

მართალია, იდეოლოგიური წნეხი კომუნისტური ეპოქის „მზის ჩასვენებამ“ თან გაიყოლა, მაგრამ საზოგადოებას (ამ შემთხვევაში საქართველოს ვგულისხმობ) ვერც დემოკრატიის სიომ უშველა - დღესაც სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ისევ უმცირესობა ძალადობს უმრავლესობაზე.  „დემოკრატიულ რელსებზე“ გადაწყობილი ქვეყნის ძირითადი კანონი (კონსტიტუცია) კი ისევ ფარატინა ქაღალდად დარჩა და მხოლოდ ერთი მუჭა ჩინოვნიკების ინტერესებს ემსახურება!

ფორმალურ ხასიათს ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე არაადექვატური და უღიმღამო გადაწყვეტილებებით ლამის საფრთხობელად იქცა - რატომღაც არ მახსენდება ამ ორგანოს არსებული ხელისუფლების ქმედების საწინააღმდეგო, სახელმწიფო ინტერესების დამცველი გადაწყვეტილება მიეღო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლესი საკონსტიტუციო ორგანო ბუტაფორიულ ხასიათს ატარებს,სასამართლოს მესვეურები მშვენივრად სარგებლობენ მათთვის მინიჭებული პრივილეგიებით და თავსაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ!..

რაც შეეხება ყბადაღებულ დემოკრატიას, რომელიც გარეგნულად საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და ყველას ყველაფრის უფლებას ანიჭებს, საზოგადოებას მალამოდ მაინც არ მოეფონა - ვამბობთ ყველაფერს, ვითხოვთ ყველაფერს (რაც გვეკუთვნის), მაგრამ ვისაც ჯერ არს, არ გვისმენს, ვინც ვალდებულია გვემსახუროს და მაქსიმალურად გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები, ან საერთოდ დუმილით, ან იქედნურად გვპასუხობს, რომ მის (ხელისუფლების) ძალებს აღემატება და დაუსრულებლად უნდა ველოდოთ! თვითონ კი განცხრომაში არიან და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მათი ამქვეყნიური ნეტარება.

ნაცვლად იმისა, რომ თვალს გვარიდებდნენ და თავიანთ ღორმუცელობას მალავდნენ, თავხედურად აქეთ შემოგვიტევენ და „გვიმტკიცებენ“, რომ მათ(ჩინოვნიკებს) მატერიალური კომფორტი (მაღალი ხელფასები, თავისი დანამატებითა და პრემიებით, ძვირადღირებული ჯიპები, გაუაზრებელი სამივლინებო ხარჯები) უნდა ჰქონდეთ, რომ ოჯახის რჩენაზე არ უნდა იფიქრონ!

შენ კი ჭირსაც წაუღიხარ - მერე რა, პურის ფული თუ არ გიდევს ჯიბეში, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესვლისაც გეშინია, რომ უბილეთოს კონტროლიორ-მონიტორინგი არ დაგადგეს თავზე და შერჩენილ ღირსებაზე ფეხი არ დაგაბიჯოს. მთავარია, ყველაფრის უფლება გაქვს, შეგიძლია ქუჩაშიც გამოხვიდე, პროტესტი გამოხატო, მაგრამ არავინ შეისმენს - ქარავანი მაინც თავისი გზით მიდის!

ერთი სიტყვით, ეს ყალბი და მოჩვენებითი დემოკრატია, რომლითაც ორ ათეულ წელზე მეტია „ვიკვებებით“, არც ყველი აღმოჩნდა და არც პური, რომ „დავნაყრდეთ!“ კიდევ კარგი, ახლა პროტესტსა და საკუთარი აზრის გამოხატვას  არ გიშლიან, თორემ ცხრა წელიწადი ხალხს დასავლური დემოკრატიის სახელით ადგილზე ხვრეტდნენ, იჭერდნენ, აუპატიურებდნენ, ქონებას ართმევდნენ. მართალია, საზოგადოება დაასუსტეს და დააჩიავეს, მაგრამ სული ბოლომდე მაინც ვერ ამოგვხადეს!

                              გაყალბებული არჩევნები და გაცუცურაკებული
                                              საზოგადოება

საქართველომ სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად 70 ათეულ წელიწადზე მეტი ერთპარტიული დიქტატის პირობებში იცხოვრა.

მართალია, კომპარტია - ჩვენი „გონება, ღირსება და სინდისი“ ე.წ. დემოკრატიას და მრავალპარტიულ პლურალიზმს გამორიცხავდა, მაგრამ ხალხს საარსებო მინიმუმს მაინც აძლევდა, ხოლო, ვისაც ხელის განძრევა შეეძლო, გვარიანად ცხოვრობდა!

დღევანდელისგან განსხვავებით, არჩევნები ფორმალურ ხასიათს ატარებდა (ასარჩევი არც არავინ იყო - პირდაპირ გვინიშნავდნენ), ისე რომ, გაყალბება არც სჭირდებოდათ - ყველა საკუთარ ბიულეტენს მოვალეობის მოხდის მიზნით უშვებდა საარჩევნო ურნაში და წინასწარვე იცოდა, ვინც „აირჩია“.

დასავლურმა დემოკრატიამ მართალია, მრავალპარტიულ პლურალიზმს კი შეგვაჩვია, მაგრამ არჩევნების ტოტალურად გაყალბების რეცეპტებიც თან მოაყოლა და დღესაც მშვენივრად მუშაობს კომუნისტთა ბელადის - იოსებ სტალინის ცნობილი ფორმულა - ვინც არჩევნებს ატარებს, ის იგებს!

მართალია, 2012 წლის 1 ოქტომბერს „ნაციონალური“ რეჟიმი დამარცხდა, მაგრამ ამ დამარცხებას განსაკუთრებული წინაპირობა ახლდა თან. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება - მის წინაშე „ნაციონალური“ ტირანული რეჟიმიც უძლური აღმოჩნდა. თუმცა, ეს გამარჯვება სულაც არ აღმოჩნდა საკმარისი, საზოგადოებას შვებით ამოესუნთქა და ქვეყანა სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე დამდგარიყო. ვაშა-ურათი მოსულმა ხელისუფლებამ (პოლიტიკური კონგლომერატი) ისევ გაკვალული გზით სიარული ამჯობინა და ყველა თვალისმომჭრელი და გულისამაჩუყებელი დაპირებები ქარს გაატანა!

საქმე იმაშია, რომ ჩვენ არჩევნებში მივედით ერთადერთი ლოზუნგით - ოღონდ „ნაციონალები“ წაშავდნენ და იმაზე არ გვიფიქრია, რამდენად ქართული სულისკვეთების ადამიანები იქნებოდნენ მათი შემცვლელები.

აქედან გამომდინარე, პრობლემა არა მარტო მოქმედი და დღემდე არსებული საარჩევნო სისტემის უვარგისობაშია, არამედ, ჩვენს მენტალობაში და არასახელმწიფოებრივ აზროვნებაში, რომელიც გვინდა არ გვინდა, უპასუხისმგებლობაშიც გადადის.

თუ ჩვენი დახავსებული ცნობიერება ოდნავ მაინც განიწმინდება სარეველებისგან და თეთრის და შავის გარჩევას შევძლებთ, ანუ ადამიანს იმისდა მიხედვით კი არ მივცემთ ნდობის მანდატს, ვინ რას და როგორ ლაყბობს, ვინ ვისი ნათესავი, ძმაკაცი, ძამაკაცის ძმაკაცი ან დაქალია, არამედ, საზოგადოების წიაღიდან პროფესიონალ და საკუთარი ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს ამოვატივტივებთ და მერე ჩვენს ხმებს ბოლომდე დავიცავთ!

თუ ეს ასე მოხდება, მაშინ, სტალინისეული ფორმულაც დამარცხდება და ხელისუფლებაში მეტ-ნაკლებად კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები მოკალათდებიან...

თუმცა, ასეც რომ მოხდეს, სკამი თურმე ისეთი ოხერია, პატიოსანსაც გულგრილ და მომხვეჭელ (კომფორტის მოყვარულ) ჩინოვნიკად აქცევს. დასკვნა მარტივია: მთავარი ის კი არ არის, ვის მოვიყვანთ ხელისუფლებაში, მთავარია, რამდენად გავაკონტროლებთ მათ საქმიანობას და რამდენად ვაიძულებთ მათ ჩადგნენ ჩვენს სამსახურში!

ერთი სიტყვით, ბლეფი და სრული ლაყბობაა მარგინალიზებული პოლიტპარტიების მხრიდან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე საუბარი. საკამათო არ არის, მათ ამ გარემოს „გაუმჯობესება“ ხელისუფლებაში მოსასვლელად სჭირდებათ... და მერე რა შეიცვლება? არც არაფერი აღმოჩნდება, რომ ჩვენ კიდევ ერთხე შევცდით!


დიახ, პრობლემა მარტო ცრუ არჩევანში არ არის - პრობლემა არჩეულის მქსიმალურ გაკონტროლებაშია, რომელსაც სათანადო ბერკეტების ქონა სჭირდება. ჩვენ კი არათუ ვაკონტროლებთ, სულ იმის მტკიცებაში ვართ, ეს ხელისუფლება რამდენად სჯობს მის წინამორბედს.

აქედან გამომდინარე, როცა ახალი ძალის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად იმ ძალას ვგულისხმობთ, რომელიც ახლებურად (სახელმწიფოებრივად) მოაზროვნე ადამიანებისგან იქნება შემდგარი და რომელიც არა მარტო ხელს შეუწყობს ჯანსაღი ადამიანების მოსვლას ხელისუფლებაში, არამედ გააკონტროლებს კიდეც მათ საქმიანობას!..

სხვანაირად, არჩევნების გაყალბების ალბათობა ყოველთვის იქნება და საქართველო მოჯადოებულ წრეზეც მუდმივად იტრიალებს!...

კონსტიტუციური რეფორმა - პანაცეა თუ აფიორა?!

ამ რამდენიმე დღის წინ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის საკონსტიტუციო კომისიაში თავის წარმომადგენლად ცნობილი იურისტი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.

ქ-ნი ნინო ამ ნაბიჯს კონსტიტუციური რეფორმის აუცილებლობით ხსნის და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ერთმანეთთან, ანუ სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, უნდა დაბალანსდეს.

ცხადია, „დაბალანსებაში“ მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტის უფლებამოსილების მინიმუმამდე დაყვანა (დღითიდღე აჭრიან ისედაც დამცრობილ სტატუსს) და პრემიერის კატასტროფულად გაზრდილი უფლებები იგულისხმება!

მარალია, დღევანდელი მდგომარეობით საქმე გვაქვს სახელმწიფოს მაღალი ინსტიტუციების ურთიერთობის არასასურველ პრაქტიკასთან, მაგრამ, რაც არ უნდა დაბალანსდეს ურთიერთობები ამ ინსტიტუციებს შორის და რაც არ უნდა გაზრდილი უფლებებით აღვჭურვოთ პრეზიდენტი, ეს საქართველოსთვის გამოსავალი მაინც არ იქნება - ჩვენ გვყავდა მაქსიმალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილის სახით, რომელსაც ჰყავდა „ჯიბის“ პარლამენტი და ასევე „ჯიბის“ მთავრობა, მაგრამ ეს გადამეტებული უფლებამოსილება მან არა სახელმწიფოს სწორ კალაპოტში ჩაყენებას, არამედ საკუთარი ხუშტურების რეალიზებას მოახმარა!..

აქედან გამომდინარე, პანაცეა „დაბალანსებულ“ კონსტიტუციაში კი არ არის, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ნების არსებობაში, რომელიც თავისთავად გულისხმობს იგივე ხელისუფლების პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე!

სამწუხაროდ, იმდენმა ხელოვნურმა ქარტეხილმა გადაიარა საქართველოს თავზე, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას თავის პრეზიდენტ-პარლამენტიანად პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე არ აუღია.

დასკვნა აქაც მარტივია: პრობლემა არა იმდენად ფარატინა ქაღალდის (კონსტიტუციის, რომელსაც ხან ჯიბეში იდებენ, ხან გერივით ექცევიან) დაბალანსებაში კი არ არის, არამედ, საზოგადოების პასუხისმგებლობის გაძლიერებაში საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, რომელიც თავის არსში ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაძლიერებასაც გულისხმობს.

და ბოლოს: - ერს არა ცრუ დემოკრატია, არა წინასწარ გაყალბებულ არჩევნებზე დაყრდნობა, არამედ, მენტალობის (ცნობიერების) შეცვლა და საკუთარი ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლა სჭირდება!

ზაურ ნაჭყებია