Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
19-10-2014, 08:48
ნანახია: 1089

დენის დავითაშვილი:-

   პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარე, ეროვნული პროფესიული საბჭოს წევრი დენის დავითაშვილი ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო აუდიტის უფროსს.

   მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

 

   -"დიდი გულისტკივილით მინდა გაცნობოთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (თ. სანიკიძე, ქ. ნატრიაშვილი), სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (ე. ჯიბლაძე) დღეისათვის დაკავებულ თანამდებობებზე მოღვაწეობის შესაძლო ბოლო პერიოდს იყენებენ პროფესიულ განათლებაში ყოვლად უკანონო, არაკომპეტენტური და გაუაზრებელი "ექსპერიმენტის" ჩატარებისათვის. კერძოდ, მათ გაუჩნდათ სურვილი პროფესიულ კოლეჯებში ნაცვლად კანონით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა შემოიღონ მოდულური პროგრამები.

 

    ამასთან დაკავშირებით მინდა მოგმართოთ თხოვნით აღნიშნული საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, დამსაქმებლებთან, პროფესიული განათლების პროფკავშირთან, საჯარო და კერძო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად განხილული იქნას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე და მხოლოდ იქ მიღებული გააზრებული გადაწყვეტილების შემდეგ ვიფიქროთ აღნიშნული "ექსპერიმენტის" პილოტირების სახით 2015 წლიდან რიგ კოლეჯში მოდულური პროგრამების შემოღების აუცილებლობაზე.

 

   მანამდე კი მინდა, გაცნობოთ შემდეგი:

 

1.    ევროპის რიგი დიდი ქვეყნის პროფესიულ განათლებაში ხორციელდება მოდულური პროგრამებით სწავლება, მაგრამ ეს არ არის ყველასთვის ცალსახი ევროკავშირის მოთხოვნა;

2.    საქართველოში დღეისათვის არ მომხდარა მოდულური პროგრამების აუცილებლობის გააზრება და მისი შეჯერება სოციალურ პარტნიორებთან;

3.    დღემდე არ შესწავლილა შრომის ბაზარი და მისი დამოკიდებულება მოდულურ პროგრამებთან დაკავშირებით;

4.    არ არსებობს კონკრეტული დამსაქმებლების მოთხოვნა თითოეული სპეციალობის მიხედვით ცალკეულ მოდულურ პროგრამებთან მიმართებაში;

5.    კანონი "პროფესიული განათლების შესახებ" არ ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში მოდულური პროგრამების გამოყენებას;

6.    კანონით არ არის დადგენილი, ცალკეული მოდულების შესწავლის შემდეგ დიპლომის ნაცვლად რა სახის დოკუმენტი გაიცემა პროფესიული სტუდენტებისათვის და რამდენად მისაღები იქნება ის მათთვის;

7.    განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს 50 სტანდარტის გადამუშვებისათავის დახარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 ათასამდე ლარი და დღემდე არცერთი ასეთი სტანდარტი არ არის დამტკიცებული;

8.    2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხელახლა იგივე 50 პროფესიული სტანდარტის გადამუშავებისთვის და მათ საფუძველზე ე.წ. მოდულური პროგრამების შემუშავებისათვის უკვე 1,2 მლნ ლარს ხარჯავს. დღეისათვის ეს პროცესი სრულდება, მაგრამ დღემდე ისევ არცერთი სტანდარტი არ დამტკიცებულა;

9.    2015 წლის ბიუჯეტში სამინისტრო უკვე 2,5 მლნ ლარს ითვალისწინებს, რაც აბსურდულია;

10. ამავე დროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მისი დირექტორი ე. ჯიბლაძე, აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიუთითებს რიგ პროფესიულ კოლეჯს, 23 ოქტომბრიდან ახლად მიღებულ ჯგუფებში სწავლა დაიწყონ "მოდულური პროგრამების" შესაბამისად;

11. არცერთ ხსენებულ მოდულურ პროგრამას არა აქვს გავლილი ექსპერტიზა, არ მომხდარა არცერთი მათგანის საჯარო განხილვა;

12. ნაჩქარევად და უხარისხოდ შედგენილი მოდულური პროგრამების შესაბამისად არ შემუშავებულა სახელმძღვანელოები;

13. წელს პროფესიული კოლეჯების სტუდენტები არ არიან გაფრთხილებულნი, რას ასწავლიან მათ, რა პროგრამული მასალებია შეტანილი ცალკეულ მოდულებში, რა დოკუმენტს მიიღებენ ისინი ცალკეული მოდულების შესწავლის შემდეგ და საერთოდ არ არის მათი თანხმობა ამდაგვარ სწავლებაზე;

14. დღემდე არ არის გათვლილი ცალკეული სპეციალობისათვის ნაჩქარევად შემუშავებული მოდულური პროგრამების ღირებულება. ცალსახად ცნობილია, რომ თითოეული მათგანი საკმაოდ ძვირდება;

15. 2015 წლის ბიუჯეტში საჭირო დამატებითი ასიგნებანი ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ა.წ. 1 სექტემბრისათვის შეტანილი ჰქონდა მთავრობაში, ის განხილულია საქართველოს პარლამენტში. სამინისტროს კი წამყვან კომიტეტში ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს არ მოუთხოვია პროფესიული განათლებისათვის - კოდი 32.03.01 გაზრდა, რადგანაც მას დღემდე არც აქვს გათვლილი, რამდენად გაიზრდება ხარჯები მოდულური პროგრამების შემოღების შემთხვევაში;

16. პროფესიული კოლეჯების გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია მოდულური პროგრამების შემოღების შემთხვევაში სასწავლო პროცესის შესაბამისი წარმატე­ბისათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (სასწავლო სახელოსნოები, ლაბორატორიები, ჩარხ-დანადგარები და ა.შ.). ამის გამოსწო­რება კი უნდა დაიგეგმოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯერტში, რის შემდეგაც სამინისტრომ უნდა განახორციელოს სახელოსნოების მშენებლობა, მათი აღჭურვა და ა.შ.

17. 2012 წელს ჩვენი მოთხოვნის შედეგად დაწყებულია მუშაობა "პროფესიული განათლების შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატებების შესატანად და მხოლოდ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება - უნდა გადავიდეს თუ არა ქვეყნის პროფესიული განათლება მოდულურ პროგრამულ სწავლებაზე.  

 

   საკითხის განხილვამდე და კომპეტენტური გადაწყვეტილების მიღებამდე კი გთხოვთ ურჩიოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეიკავოს თავი ნაჩქარევი და კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაწყებისაგან და ახლად მიღებულ სტუდენტებისათვის პროფესიული განათლება განხორციელდეს 2014 წლის 29-30 აგვისტოს ავტორიზაციამინიჭებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად".