გარემომცველი ატმოსფერო და ადამიანის როლი

გარემომცველი ატმოსფერო და ადამიანის როლი

   როგორი გულსატკენი და დამთრგუნველია, როცა ირგვლივ, საახლობლოსა თუ სანაცნობო წრეში ხედავ ადამიანებს, რომელთაც ღმერთი საერთოდ არ აინტერესებთ და მხოლოდ ამქვენიურ სიამეებსა და განცხრომაზე ფიქრობენ, როცა ეშურებიან კვამლივით წარმავალ პატივ–დიდებას, როცა სტომაქისა და ქვედამზიდველი ინსტინქტების მონობაში არიან, როცა სიწმინდეს უტიფრად დასცინიან და სიბილწეს ურცხვად ხელს აფარებენ, როცა სასოწარკვეთილებაში იმყოფებიან და ნაცვლად სინანულისა, ყოველივეს უზენაესს აბრალებენ, როცა ბაგეებს არ უფრთხლდებიან და ყოველ სიტყვაში უწმაწურად იგინებიან, როცა მუდმივად სხვის პირადულს განაქიქებენ და ჭორაობაში ცვითავენ ენას, როცა შენი წარმატება ამწუხრებთ და წარუმატებლობა უხარიათ, როცა გარყვნილება და უხამსობა იზიდავთ, ხოლო წესიერება კი აბსტრაქტული იდილია ჰგონიათ, როცა ავტორიტეტები არ ჰყავთ და საკუთარ თავს აკერპებენ, როცა სამშობლოს აბუჩად იგდებენ და უცხოეთს პროვინციულად შენატრიან, როცა ეკლესიას მზაკვრულად უსაფრდებიან და ამით ცდილობენ თავიანთი სინდისის მოტყუებასა და საკუთარი ცოდვების გამართლებას, როცა მხოლოდ სადღეგრძელოში "ლოცულობენ" და არა სხვა დროს,როცა ღმერთი მკაცრი ჰგონიათ და მისით სხვებს აშინებენ, როცა ტაძარში სანთლებს ტრადიციის გამო ანთებენ და არა ღვთის სადიდებლად, როცა მართლმადიდებლობა მათთვის სიბნელეა (ეს არის დემონური ცინიზმი) და ნიცშე სინათლე, როცა აბორტის ბოროტებას წარბშეუხრელად სჩადიან და ამით ცხოვრებას "იმსუბუქებენ", როცა უზნეობას პროგრესად მიიჩნევენ, ხოლო სულიერებას კი დრომოჭმულ ღირებულებად, როცა საზოგადოება თან და თან ემსგავსება ქაჯოგადოებას. ძნელია ამ ყველაფერს უყურო, იქ იდგე და მათთან ერთად თუ მათ ნაცვლად არ გამძიმებდეს და არ გასევდიანებდეს ეს უღმერთო გარემოება. მაშინ კი როცა ამ მშფოთვარე ალიაქოთზე ვფიქრობ, უმალ მახსენდება ხოლმე იესო მაცხოვარი, მშვიდი, მოსიყვარულე, მომთმენი და მოწყალე გამომეტყველებით, რომელიც ადამიანური ტკივილით აღსავსე კაცთა მოდგმის ცოდვებს ქვიშაში თითით წერს... ალბათ ქვიშაში იმიტომ, რომ ადამიანთა ცოდვის სიუხვე, სწორედ ქვიშის მარცვლების სიმრავლეს აღემატებოდა ოდითგან, მით უფრო კი დღეს, როცა ღმერთთან ყოფნა "წამგებიანად" ითვლება, ხოლო მის გარეთ კი წუთისოფლისეული აღზევების გარანტად. 

     ო, ღმერთო, ახლა რომ ვაკვირდები, როგორი საბრალოა და როგორი ცოდოა ყველა ადამიანი (ჩემით ვიწყებ). ყველას რაღაც გვტკივა, ვდარდობთ, გვიჭირს, ვკომპლექსდებით, გვრცხვენია, გვენატრება, გვაკლია. ამ დროს, თან ერთმანეთს ვებრძვით, დავცინით, ვეკამათებით, სიტყვაში თუ საქმეში ვჩაგრავთ, ამით ადრენალინს ვიღებთ და მერე ისევ გულგრილად და დაუნდობლად ვცდილობთ სხვის დაჩრდილვას, ხანაც ღმერთს ვემდურით და ბუზღუნით ვეჭიდავებით მის განგებას... და ამ დროს ჩვენი ჯვარცმული მაცხოვარი გვიყურებს მშვიდად, მოთმინებით, ჩვენი სინანულის მოლოდინით, აცრემლებულ ღაწვებს იწმენს ჩვენს მიერ გასისხლული ხელებით და ისევ გველოდება, სულ გველოდება, ასე დაუსრულებლად, თუ როდის მივხვდებით ერთ ჭეშმარიტებას – შეუორგულებელი სიყვარულისთვის ცხოვრებას თავად სიყვარულშივე!

     ყველაფერი ზემოთ თქმული, უსიყვარულობისა და ურწმუნეობის შედეგია. დიახ, დედამიწა გაცივდა, ტანზე ოზონის შრის მაგივრად ეგოიზმისა და ათეიზმის ბრკე მოიხურა, ჩაიკეტა, უიმედობამ მოიცვა და გამარტოსულდა, ხოლო სწავლება იმაზე, რომ ღმერთი არ არსებობს, მისთვის სინდისისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება გახდა. ამდენად, რელიგიური ცხოვრების უგულებელმყოფელს რჩება მხოლოდ შიშველი ფიზიოლოგია, რომელიც არაფრით განირჩევა პირუტყვის უსულობისგან და მას მარტოდღა იმით შეუძლია იამაყოს, რომ ის ისეთი "განვითარებული" ცხოველია, რომელსაც მეტყველება ძალუძს. მახსენდება გრიგოლ რობაქიძის სიტყვები: "უღმერთო ადამიანს ფესვები არ გააჩნია. მას შეუძლია ინდივიდი იყოს, მაგრამ პიროვნება ვერ იქნება–ო".

     ალბათ, ბუნებრივად დაისმევა კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იტანჯება ადამიანი ამ ქვეყანაზე, რატომ არის ის ამდენი მწუხარებებითა და უბედურებებით გარემოცული? პასუხი მარტივია: – იმიტომ ვიტანჯებით, რომ სიმდაბლე არ გაგვაჩნია. მდაბალ სულში სული წმიდა მკვიდრობს და მხოლოდ ის ანიჭებს სულს ჭეშმარიტ თავისუფლებას, სიმშვიდეს, ლაღ სიყვარულს, ნეტარებასა და აღმავსებელ სიხარულს.

     ამასოფლის ხელმწიფეთ კი ერთი რამ აუცილებლად უნდა ახსოვდეთ: როგორი პოლიტ–კორექტულობითა და თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ლიბერალური თუ დემოკრატიული ტერმინებითაც არ უნდა დაიცვან და უქომაგონ ცოდვას, ის მაინც, მუდამ იქნება ცოდვა და სირცხვილი, ე.ი. საღვთო მცნების დარღვევა, ანუ ღვთის მიერ ადამიანის ცხოვრებისათვის დადგენილი სასიკეთო წესის უგულებელყოფა. როგორც არ უნდა ეცადონ აგრესიულმა სეკულარისტებმა თუ "განვითარებულმა" მოდერნისტებმა მაინც ვერასდროს ვერ დაწერენ ახალ "ბიბლიას", რომელიც ბიო–ორგანიზმის სიამოვნებაზე სურთ დაიყვანონ. 

     თითოეული ქრისტიანის ვალია, ჯვარს აცვას საკუთარ თავში არსებული ვნებები და დათრგუნოს ყველა ის გონებრივი თუ ფსიქო–სომატური მხურვალება, რომელსაც მიწიერი ინსტინქტები გვთავაზობენ. პროცესი: – პირუტყვული მე-დან – ღვთის მსგავსებამდე, მუდმივ და გადაუდებელ მეცადინეობას უნდა წარმოადგენდეს ყოველი მორწმუნესათვის. ბრძოლის უმთავრესი სარბიელი არის ჩვენი ეგო. 

     ადამიანი თავისუფალი არსებაა და არჩევანის საშუალება მას ღმერთმა უბოძა. ქრისტიანობა ყოველგვარ აკრძალვებზე მაღლა დგას, ის უბრალოდ მოგიწოდებს და გითითებს თუ რა შეიძლება იყოს სასარგებლო და რა ურგები. ამიტომ პიროვნების ღირსება, მისი არჩევანის სიჯანსაღიდან გამომდინარეობს, თუ რომელ მიმართულებას ადგას ის, მარადიულს თუ წარმავალს, სულიერს თუ მატერიალურს, თავშეკავებულს თუ აღვირახსნილს. საბოლოო ჯამში ზნეობრივ სიმწიფეზეა დამოკიდებული ჩვენი სამომავლო ხვედრი და ცხონება.

     ცოდვის ლეგალიზაცია, მისი პოპულარიზება და რეკლამირება უფრო დიდ სისაძაგლესა და მზაკვრობას წარმოადგენს, ვიდრე საკუთრივ ცოდვა, რომელსაც ინდივიდი ლოკალურად, თავის თავთან სჩადის. თუმცა ყოველი ჩვენგანის ესა თუ ის ქმედება, ამ შემთხვევაში კი ცოდვა, როგორც იურიდიული აქტი და სულიერი სიმახინჯე, გარემომცველ სამყაროზე გარკვეულ ასახვას ჰპოვებს თავისი უარყოფითი "მაგნიტური ველით" და ხშირად მასზე თანადამოკიდებულს ხდის მოყვასს, ოღონდ არა პასუხისმგებლობის კუთხით, არამედ ზეგავლენის მხრივ.

     აღსანიშნავია, რომ სახელდობრ ცოდვა, არაბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან ის, როგორც "სუბსტანცია", შეძენილი და უცხოდ შემოსული ფენომენია, რომელიც ხორცმეტის მსგავს მანკიერებას განასახიერებს. 

      საგულისხმოა ვიცოდეთ, რომ არცერთ ადამიანს არ გადმოეცემა პირველქმნილი, ადამისეული ცოდვა, არამედ მემკვიდრეობით გვერგება მხოლოდ მისი შედეგი და არა უშუალოდ ის საბედისწერო დანაშაული, რომლის გამოც სამყაროს განვითარების ისტორია გამრუდდა და დაკნინდა.

     ღვთის მოწყალება კი ყოველგვარს ცოდვას აღემატება, თუკი შევინანებთ და არ შევეგუებით დაცემულ მიდრეკილებებსა და სურვილებს. როგორც წისქვილი ფქვავს და აცამტვრებს მარცვლეულის ნაყოფს, ისე მარხვა და ლოცვა აფხვიერებს ჩვენს გაქვავებულ სულსა და გულს და დამატებით ალბობს სიყვარულის მადლისმიერი უნარით. 

     ისღა დაგვრჩენია, რომ მივუტევოთ ერთმანეთს, დავეხმაროთ მოყვასს, ფარულად ვილოცოთ და ცრემლი დავიდინოთ ღაწვებზე, რათა ცათა სასუფეველი მოვიპოვოთ აქვე, წყალობითა ღვთისაითა. 

       დაე, მოწყალე  ღმერთმა მოგვცეს შინაგანი ამბოხი ცოდვის მიმართ და მოგვანიჭოს ძალა და მხნეობა, რათა აღვასრულოთ მისი მცნებები. დაე სულ გვახსოვდეს უფლის მოწოდება – "რომელსა ვუყვარდე მე, დაიმარხნეს მცნებანი ჩემნი". ამინ

 

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) მწერალი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: