Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (12)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
12-11-2014, 09:42
ნანახია: 3076

სამოთხე და ჯოჯოხეთი

   ვიდრე უშუალოდ ჯოჯოხეთისა და სამოთხის მნიშვნელობას შეხვებოდეთ, საწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი ფენომენი სამყაროში უეჭველად არსებობს და ვინც ამას ეჭვქვეშ აყენებს, ის ერეტიკოსი და უცოდინარია. ხოლო, იმის შესახებ, თუ როგორი და რანაირია ეს ორი ყოფიერება, შევეცდები ჩემეული, ვიწრო და ადამიანური ხედვა წარმოგიდგინოთ.

   რა თქმა უნდა, სამოთხეც და ჯოჯოხეთიც რეალურად არსებობს, არსებობს როგოროც ყოფიერების ორი სახე, მაგრამ განსხვავება ღმერთს არ შეუქმნია. წმ. Mამათა გარდამოცემიდან ნათლად ჩანს, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ორი სხვადასხვა ადგილი, არამედ თვით ღმერთია სამოთხე წმინდათათვის და ჯოჯოხეთი ცოდვილთათვის.

   როგორც გამოჩენილი მიტროპოლიტი – იეროთეოს ვლახოსი ამბობს: "ღმერთი არასოდეს მტრობს ადამიანს, არამედ ადამიანი თვითონ ხდება ღმრთის მტერი, თუკი მასთან ურთიერთობა და მის ცხოვრებაში მონაწილეობა (სიცოცხლეში წილი) არა აქვს. ამგვარად, თუკი ადამიანი მაინც ხდება ღმრთის მტერი, ღმერთი ადამიანის მტერი არ ხდება. ადამიანს კი, ცოდვის ჩადენის შემდეგ, თვითონ წარმოუდგენია ღმერთი განრისხებულად და მტრულად განწყობილად".

წმ. ისააკ ასური ჯოჯოხეთზე მსჯელობისას ამბობს: ჯოჯოხეთი – ეს ღვთიური სიყვარულის შოლტია, ის წერს: "ვამბობ, რომ გეენიაში ტანჯულნი სიყვარულის შოლტით იგვემებიან. და როგორი მწარე და სასტიკია ეს სიყვარულის ტანჯვა".

   ადამიანებს ჯოჯოხეთშიც არ მოაკლდებათ ღმრთის სიყვარული. ღმერთს ყველა ადამიანი ეყვარება – მართალნიც და ცოდვილნიც, მაგრამ ყველა იმავე ზომით და ერთნაირად არ იგრძნობს ამ სიყვარულს. ყოველ შემთხვევაში უადგილოა იმის მტკიცება, რომ ჯოჯოხეთი – ღმრთის არყოფნაა.

   ჯოჯოხეთი არის არა რაღაც განზომილება, არა სივრცული კუთხე ან გეომეტრიული მონაკვეთი, არა საზღვრული ტერიტორია, არამედ სულიერი მდგომარეობა. ეს არის სულის აშლილობა, სიბორგილე და აღძრულობა. ეს არის ტანჯვა, ღვთის სიყვარულის დაუტევნელობისა და უგულებელყოფის გამო. ის არც ნივთიერი ცეცხლის კოცონია, არც ქანებში ჩაფლული გოგირდის ქვესკნელი, არც დანა-ჩანგლით შეიარაღებულ ლეგეონთა ჯგუფი და არც წივილ-კივილის ხმებით გაყრუებული დილეგი, არამედ ჩვენში არსებული მეამბოხე პროცესი, ანუ ჩვენი ნებისა და ყოფაქცევის (ცოდვების) გამო უფალთან მყოფობის აუტანლობა. 

   ხოლო სამოთხე – გულისხმობს დაცხრომას, დამშვიდებას, რაც პირადი ეგოცენტრიზმის, "მეს" უარყოფით მიიღწევა. ის არის შეუქმნელი და ნეტარი ენერგია, ანუ დაულევნელი სიყვარული, წიაღი მარტოოდენ სიკეთისა, უხმო სიმშვიდისა, უყვედრელი ღიმილისა და სიმსუბუქისა.

   ერთიც და მეორეც შესაძლებელია, რომ ადამიანმა გარდაცვალებამდეც, დედამიწაზევე განიცადოს და იხილოს. მთავარია მასში ჩადებული ღვთაებრივი გენეტიკის კოდი საით მიიდრიკება და რამდენად განვითარდება ადამიანი "ღვთის მსგავსებაში" გარჯისას. 

   მოკლედ რომ ვთქვათ, ალეგორიული და მეტაფორული შედარებით, ღმერთი – ეს არის მზე, იგი თანაბრად ეფინება ვარდსაც და ნაკელსაც, ვარდი, თავისივე მიმღეობის გამო ამ სინათლითა და სითბოთი უფრო მეტად ყვავის, იფურჩქნება, გარშემო კეთილსურნელებას აფრქვევს, ხოლო ნაკელი კი სიცხისგან ყროლდება და იფიტება. 

ასევე ვართ ადამიანებიც, ზოგნი ვარდს ვგავართ სარწმუნოებრივი სიმწიფისა და ზნეობრივი მშვენიერების კუთხით, ხოლო ზოგიც კი ნაკელს, ჩვენივე არასწორი ცნობიერებისა და მრუდე გულისხმის გამო.

   წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "გრძნობისა და გონების მქონებელთათვის ღვთისაგან განშორებულობა უკვე გეენაში ყოფნას ნიშნავს". 

   სიკვდილის შემდეგ ცოდვილთა ტანჯვა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მოაკლდებიან ზეციურ სასუფეველში მართალთათვის მომზადებულ ყველანაირ ზეციურ მადლს. ეს მოკლება კი, – ბრძანებს წმ. იოანე ოქროპირი, – "ისეთ ტანჯვასა და მწუხარებას მიაყენებს, რომ თუნდაც ცოდვილებს იმქვეყნად არანაირი სასჯელი არ ელოდეთ, იგი თავისთავად გეენიის ცეცხლზე მეტად დაფლეთდა და შეაშფოთებდა ჩვენს სულებს".

   მოუნანიებელი ადამიანისათვის ღმერთი – ეს არის სიყვარული, რომელიც გწვავს და რომლის გარეშეც სიცოცხლე არ არსებობს. ადამიანი, რომელიც დიდხანს ზის ბნელ ოთახში და უარს ამბობს გარეთ გასვლაზე, აუცილებლად ბრმავდება, როგორც კი მის სახეს მზის პირველი სხივები შეეხება. და ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მას არ სურდა დღის შუქზე გასვლა და ამის გამო, მისმა თვალებმა სინათლის, ანუ სიცოცხლის აღქმის უნარი დაკარგეს? ასე რომ, ადამიანი თვითონ სწირავს თავს სიბნელისა და მუდმივი ტანჯვისათვის. და მაინც, ქრისტიანობა – ეს გახლავთ "სასიკეთო უწყება" (ბერძ. ევანგელე) სიცოცხლეზე და არა სიკვდილზე. ერთადერთი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება – გავაღოთ კარი და გავიდეთ სინათლეში, სანამ გვიან არ არის.

   ღმერთის სიყვარული კი ყველგან მყოფობს – პირობითად: სამოთხეშიც და ჯოჯოხეთშიც. იმ განსხვავებით, რომ მართალთათვის ის დაუცხრომელი სიხარულის მიმნიჭებელია, ხოლო უკეთურთათვის კი ტანჯვისა და გაუსაძლისობის. 

   ე.ი. ყველაფერს განაპირობებს ის, თუ რა გზით წარიმართება ადამიანის თავისუფალი ნება და პიროვნული არჩევანი – სიკეთისაკენ თუ ბოროტებისაკენ. აქედან გამომდინარე დასკვნა: ცხონებისაკენ და წარწყმედისაკენ მიმავალი ბილიკი ჩვენს შინაგანში იწყება. 

   უფრო მარტივად, რომ ავხსნათ: წარმოვიდგინოთ ორი პიროვნება ვინმე მაღალინტელექტუალი და კეთილშობილი პროფესორის (ფილოსოფოსის) ლექცია, სადაც მსმენელთაგან, ერთი – მეცადინე, მონდომებული მკითხველია, ხოლო მეორე – ფუქსავატი ძველი ბიჭი. ლექცია გრძელდება ორ საათს... როგორ ფიქრობთ ვინ უფრო ადრე დატოვებს მის მსვლელობას? ის ვისაც გამალებით აინტერესებს პლატონიც "პარმენიდე" თუ ის ვისთვისაც ლაკი ლუჩიანო და ალკაპონე ცხოვრების იდეალები არიან? და მათ შორის რომელი დარჩება ნასიამოვნები და რომელი შეწუხებული? ამდენად, ლოგიკა თავისთავად იუწყება სიმართლეს.

   მართლმადიდებლობა კი, ქრისტეს სწავლების შესაბამისად, მუდამ განწმენდას და მონანიებაზე საუბრობს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა"(მათე 4.17). მხოლოდ მონანიების საშუალებით ადამიანი გამოცდილებით შეიცნობს ღმერთს, რადგან ღმრთის შეცნობა – ეს გნოსეოლოგიური თეორია ან იდეა კი არა, ქმედითი ჭვრეტაა.

   P.S. ჯოჯოხეთი – ეს ტანჯვაა ღმრთის სიყვარულის ზემოქმედებით. სასუფეველი – ეს სიხარულია ღვთის სიყვარულის ათვისებით.

უნათლესია უფალი, ამიტომაც დაბინდულნი მას ვერ ხედავენ, უწმინდესია უფალი და ამიტომაც უწმინდურნი ვერ გრძნობენ მას.

გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი)

 თეოლოგი