Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
25-11-2014, 00:51
ნანახია: 13739

ეკლესიაში არსებული პრობლემები

     ღია წერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველ წევრს!

                                                                              "სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, 

                                                                               მაგრამ ცოტა დამცველი''. პლატონი

    ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ძვირფასო საზოგადოებავ!

    წლების მანძილზე, ვხედავ რა საეკლესიო ცხოვრებაში დამკვიდრებულ უამრავ მანკიერებას, მარაზმამდე დასულ ბრმა რიტუალიზმსა თუ ზნეობრივ უკეთურებას, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავს მოვალედ ვთვლი, როგორც რიგითმა მორწმუნემ, ღვთისმოშიშებითა და კრძალვით, ღიად გაგანდოთ ჩემი ადამიანური საწუხარი, რომელსაც გულისმიერი განცდითა და სულიერი ტკივილით გიზიარებთ.  

    საწყისშივე მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საკუთრივ მართლმადიდებლური საეკლესიო სწავლა-მოძღვრებისა და სულიწმინდისეული განწესებისადმი (რომელიც უდაოდ წმინდა, ჭეშმარიტი, მაცხოვნებელი და უცდომელია) არავითარი შეუთავსებლობა, წინააღმდეგობრივი ამბოხი თუ რევოლუციური დამოკიდებულება არ გამაჩნია.

     ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ წერილი მიზნად არ ისახავს ეკლესიის მტრობას, საპატრიარქოს დისკრედიტაციას, სასულიერო იერარქების შეურაცხყოფას, მათ დამცირებასა და განქიქებას. ამასთან, ვმოქმედებ დამოუკიდებლად, ვწერ მხოლოდ წრფელი დარდით და სრულიად თავისუფალი ვარ ყოველგვარი მარგინალური განწყობებისა და ანგაჟირებისაგან. იმ შემთხვევაში კი, როცა გამოვხატავ პირად უმაყოფილებას, ჩემი კრიტიკის ობიექტს არ მიეკვუთვნება უშუალოდ უზენაესი ღმერთი, არც მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის მისტიური სავსება და არც კონკრეტულად ცალკე აღებული რომელიმე ადამიანი, არამედ ჩემი წყენისა და აღშფოთების ადრესატს, ზოგადად, ის არასულიერი ატმოსფერო და იერარქიისა და მრევლის ის არც თუ ისე მცირე ნაწილი წარმოადგენს, რომელთა შორისაც და რომელთა მხრიდანაც, რიტორიკასა თუ ქმედებაში, თავს მოხვევის ფანატიკურ-ფუნდამენტალისტური და ფსევდო ლიბერალური პრინციპით, ყოველდღიურად იდევნება ქრისტეს პიროვნების ფენომენი, როგორც სახიერი და რეალური ღმერთისა, როგორც მშობელისა და მარადიული ცხოვრების მომნიჭებელისა, როგორც მოსიყვარულე, სამართლიანი და მოწყალე ზეარსისა. ამის შესახებ გამოჩენილი ქართველი კლასიკოსი – ვაჟა-ფშაველა ასე იტყოდა: "დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში".

     თავდაპირველად, სიხარულით აღვნიშნავ, რომ ისტორიულად, ვიდრე აქამომდე, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, განსაკუთრებული როლი აკისრია სახელმწიფოებრივ–კულტურული განვითარების საქმეში, რამეთუ მან დიდწილად განსაზღვრა ერის თვითმყოფადი იდენტობა და მისი ზნე–ხასიათი. მე პირადად, გულითადად ვაფასებ განვლილ ოცდათხუთმეტ წელიწადსაც. ეს არის ეპოქა, როცა ეკლესიის (იერარქიის) ღვაწლს, ამაგსა და დამსახურებას ყველანი თვალნათლივ ვხედავთ. ათეისტური მსოფლმხედველობის დაძლევა და ერის ღვთის გზაზე მოქცევა რაღა თქმა უნდა უდიდესი ძალისხმევისა და შრომის შედეგი იყო, რომელიც უამრავ ქარტეხილებს, წნეხსა და დაბრკოლებებს მოიცავდა. მიუხედავად სირთულეებისა, ფაქტია, რომ განმრავლდა ეკლესია-მონასტრები, არნახული სიუხვით იმატა მრევლის რაოდენობამ, გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები, გაიზარდა სამღვდელო დასი, გამოიცა უამრავი საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ყოველივე ეს მეტად სამადლობელია და დასაფასებელი. ამის უგულებელყოფა, უსამართლობა და უმადურობა იქნებოდა, მაგრამ აქვე მორიდებით დავძენდი, რომ ეს იყო პირველი ეტაპი აღორძინებისა, რომელმაც საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა. ახლა კი ხარისხის გაუმჯობესებისა და მისიონერული ტემპის აჩქარების დროა, რისთვისაც, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ თითქმის არავინ იღწვის. 

    ი. გოგებაშვილი ბევრად უფრო კრიტიკული იყო როდესაც წერდა: "აგერ თხუთმეტი საუკუნეა, რაც საქართველომ ქრისტეს სარწმუნოება მიიღო. გარნა შინაგანს ქრისტიანობას იგი აქამომდე თითქმის მოკლებულია. ხშირად ჩვენში აღორძინებული გარეგანი ქრისტიანობა, აშენებული აურაცხელი ეკლესიები და მონასტრები, უდაბნოები სავსე ყოფილან მრავალი ბერებითა, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე უტარებიათ ლოცვასა და ვედრებაში, მაგრამ მაშინაც კი მეტ-ნაკლებობით სუსტი ყოფილა ჩვენში ის მაღალი ზნეობრივი სწავლა, რომელიც შეადგენს ქრისტიანობის შუა გულსა, ის მოქმედი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ღვთაებრივი სწავლა მაცხოვრისა ჩვენისა. ის სპეტაკი იდეალი, რომელიც მაცხოვარმა გამოხატა შემდეგს, სიტყვებში: "იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი", წინედ ნაკლებად ყოფილა ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელ-მნათობად და ეხლა ხომ, დროსა განხრწნილობისა ჩვენისასა, სრულიად მივიწყებული გვაქვს."  

    მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებით პირდაპირ  უნდა ითქვას, რომ ჯანსაღი რელიგიური აზროვნება მეტად დეფიციტურია თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. ამის მიზეზი კი უმთავრესად ინტელექტის, ერუდიციისა და განათლების სიმწირეში მდგომარეობს. გაუნათლებლობა კი მავანისათვის ნოყიერი ნიადაგია საკუთარი თავის განდიდებისა და ,,ხალხური" ღვთისმეტყველებისათვის. 

  სადღეისოდ, სასულიერო დასში, საერთო ფონის გათვალისწინებით, კატასროფული რეალობა გვაქვს კვალიფიციური საღვთისმეტყველო აზროვნების კუთხით, რაც ჰქმნის სრულ სტაგნაციასა და დახუთულობას სულიერ სფეროში. როგორც წმ. იოანე ოქროპირი იტყოდა: "მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა".

    ვფიქრობ, რომ დღევანდელი იზოლაციონიზმი და ეკლესიის მესვეურთა გარკვეული ნაწილის ინდიფერენტული თუ სტატიკური პოზა განპირობებულია უწიგნურობით, არაკომპეტენტურობითა და იმგვარი "მსოფლმხედველობით" სადაც "სულიერება" ცოდნის ჯალათად გვევლინება, სადაც მერკანტილურ-ეგოისტური ინტერესები ბევრად უფრო მოწინავეა, ვიდრე მორალური ვალდებულებები, რომლის აღსრულების პასუხისმგებლობაც იდეაში თითოეულ სასულიერო პირს აკისრია. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებლობა არის არა რაღაც მშრალი მორალი, არა უბრალოდ ზნეობა, არამედ მარადისობაში პიროვნული მყოფობა და თვით სიცოცხლე ცოცხალ და პიროვნულ ღმერთში დედამიწიდანვე, სადაც თავისუფლება ყველაზე უფრო დახვეწილ, სრულყოფილ და სასარგებლო ჯილდოდ  გვევლინება.

    სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის (თანამშრომელთა უმრავლესობა და არა ყველა) სამოღვაწეო პროფილმა, ნაცვლად გულმხურვალე მისიონერული საქმიანობისა, სოციალურად – სადუკევლური, ხოლო პნევმატურად კი ობსკურანტული ორგანიზაციის ხასიათი შეიძინა, რომელიც გამოირჩევა მკაცრი შეუვალობითა და ინკვიზიციური პრინციპულობით, სადაც არ სჭირდებათ ცოცხალი ღმერთი, რადგან მათთვის პირადი კომპლექსებისა თუ ამბიციების დაოკება და  რეგალიები, ჭეშმარიტ მოწოდებაზე უფრო უპირატესია. ამგვარი კატეგორიის "მოღვაწენი" აბსოლუტურად ვერ აცნობიერებენ, რომ რელიგიის არსი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის იდეას ემყარება, სადაც ადამიანი ღვთის შემდეგ უმაღლესი პიროვნული არსებაა, რომლის მსახურება და განსწავლაც, წესით, მათ უმთავრეს მოვალეობებში უნდა შედიოდეს – "ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად"(მთ.20,28); სხვაგან: – "ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ"(მთ.28,20). 

      რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ნაცვლად გახსნილობისა, საპატრიარქოს თვისობრივმა პოლიტიკამ სავსებით არაჯანსაღი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც სამგვარი გამოვლინების მახასიათებელი დასჩემდა, ესენია: ყრუ დუმილის, მკაცრი ჩაკეტილობისა და მოიერიშე დომინირების სიმპტომები. სამივე მიმართულება ეკლესიის სისტემის მნიშვნელოვან გარანტად ითვლება და ვინც მას დაარღვევს უმაკცრესად ისჯება.

   ზემოთ ნახსენები მძიმე კონიუქტურული სიტუაციის გათვალისწინებით, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კვლავაც გულამოსკვნით ჰგოდებს წმ, ეფრემ ასური, რომელიც წრფელი პირდაპირობით, თითქოს და დღევანდელობაზე ჩიოდა: "ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ".

    ამრიგად, საქართველოს საეკლესიო სივრცეში ჩამოწოლილ უმძიმეს პრობლემათა მთელ წყებაზე, ქვემოთ უფრო დაწვრილებით, პუნქტობრივად მოგახსენებთ.

"ვიცი შენი საქმენი, რომ გაქვს სახელი, თითქოს 

 ცოცხალი იყო, შენ კი მკვდარი ხარ" (გამოც.3,1).

 

      ღვთისმეტყველების პროფანაცია

1. საეკლესიო ამბიონებიდან დოგმატური ღვთისმეტყველების არქადაგება და მის ნაცვლად ფსევდო-პატრიოტული (ეთნო-ფილეტიზმი), ცრუ-მესიანისტური, ქსენოფობიური და შოვინისტური იდეოლოგიის ომახიანი ქადაგება, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცნობიერებას. მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის ამგვარი წახალისება წარმოადგენს იდეოლოგიურ და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის შექმნა. ჭეშმარიტი რწმენა კი არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს იდეოლოგიად. დაუშვებელია რელიგიის იდეოლოგიზირება, რომელიც ტოტალიტარულად ზემოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე. 

 

   P.S. საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივ აბსოლუტური განსხვავებაა რელიგიასა და იდეოლოგიას შორის, რამეთუ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზე პირადულია და იგი ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, ხოლო იდეოლოგიის ნებისმიერი სახე კი ყოველგვარ პირადულს, როგორც უსარგებლოს მკაცრად უარყოფს. რელიგია რწმენისაკენ მოწოდებაა და ყოველთვის ინდივიდისკენაა  მიმართული, იდეოლოგია კი ხალხის მასების, კოლექტივებისა და კლასებისადმი. რელიგიის არსი და მიზანია, რომ ღვთის შემეცნებით ადამიანმა იპოვნოს საკუთარი თავი და გახდეს მსგავსება უფლისა. იდეოლოგიის მიზანი და პათოსი იმაში მდგომარეობს, რომ მთლიანად დაიქვემდებაროს ადამიანი და უშუალოდ იდეოლოგიის მსახური გახადოს. რელიგია მუდამ მოგვიწოდებს რომ ყოველ კონკრეტულ ადამიანში ვხედავდეთ მოყვასს, იდეოლოგია კი ყოველთვის უპიროვნო, შორეული, განყენებული და აბსტრაქტული "ადამიანისკენაა" მიმართული.

 

2. დღენიადაგ, ვრცელდება ანტიქრისტიანულ - ნაცისტური სწავლება "ზეციური საქართველოს" არსებობის შესახებ, რაც არის სრული ესკაპიზმი და თეოლოგიური ნონსენსი, რომლის კულტივირებასაც თავად სასულიერო პირები ახდენენ.

3. ცრუ სწავლება ცოდვის მემკვიდრეობის შესახებ (არ იგულისხმება ადამის პირველქმნილი ცოდვა), რომლის მიხედვითაც, თურმე, მამა-პაპისეული დანაშაულების გამო, მომავალი თაობები ისჯებიან.

4. ორიგენიზმის (რწმენა ჯოჯოხეთის მოსპობისა და საყოველთაო ცხონების შესახებ) აპოლოგია.

5.ეკუმენიზმი, რომელიც გულისხმობს არა უბრალოდ საღვთისმეტყველო დიალოგს, არამედ ქრისტიანულ კონფესიებთან თანალოცვასა და ლიტურგიკულ აღრევას. 

 6.რუსოფილური იდეების (სტალინის, რომანოვების, ერთმორწმუნეობის) საკრალიზაცია, მათი პროპაგანდა და დასავლური სამყაროს დემონიზაცია.

7. ანიმისტური წარმართობის ქადაგება, რომელსაც ხალხური ტრადიციებიდან გამომდინარე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ.

8. ეროვნულ მოღვაწეთა კანონიზაციის სტიქიური მოდურობა, როცა მხოლოდ ზერელე კვლევა–ძიების მიხედვით ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმინდანად შერაცხვა (ზოგჯერ შერაცხვიდან მეორე დღეს დეკანონიზაციაც).

9. კათოლიკოს–პატრიარქის პაპისტური უცდომელობისა და შეუვალობის პრიმატი, რაც გულისხმობს მისდამი დამახინჯებულ დამოკიდებულებას (რომელიც ძირითადად, ილია II-ის გარშემომყოფთაგან არის ინსპირირებული). ყოველივე ეს  ფეტიშიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის ხასიათს ატარებს.

10. "წმინდა და დიდი სჯულის კანონის" სრული უგულებელყოფა, რომლის ნაცვლადაც მოქმედებს მხოლოდ ერთი, დაუწერელი და საზოგადო კანონი: – აბსოლუტური და უპირობო მორჩილება კათოლიკოს–პატრიარქისა. ("ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა". იგავ. 28,9).

 

   კანონიკური დარღვევები

1. საღვთისმეტყველო განათლების არქმონე პირთა ხელდასხმა და ზოგადად, თითქმის არანაირი კრიტერიუმებისა თუ სტანდარტების არარსებობა ქიროტონიისათვის, არამედ წარდგენილი პირის ნეპოტიზმით, პროტექციებითა და ნაცნობობით კურთხევა.  

P.შ. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად არსებობს "სამღვდელო კანდიდატთა კურთხევის კომისია", რეალურად, იგი, თითქმის სრულიად უფუნქციოა.  

2. იმ ტიპის მღვდელმთავართა ეპისკოპატში არსებობა, რომელნიც ბერად აღკვეცის შემდეგაც პირადი მონაგარითა და შვილიერებით თავმომწონეობენ და კვლავინდებურად აგრძელებენ ოჯახურ ცხოვრებას.

3. მეორე (ზოგჯერ მესამე) ქორწმინებაში მყოფი თეთრი სამღვდელოება, რომელნიც ყოველგვარი გაფრთხილებისა და დასჯის გარეშე მსახურობენ.

4. მცირეწლოვანთა სასულიერო ხარისხებში აყვანა, რომელთაც, როგორც გამოცდლებამ ცხადჰყო, უმეტესად ეძნელებათ ნაკისრი ვალდებულებების გაძღოლა.

5. ეკლესიისა და ეპარქიათა მართვაში ავტოკრატიზმი, რომელიც უგულებელჰყოფს კრებითობის პრინციპს.

6. საეკლესიო სასამართლოს (დიკასტერია) არ არსებობა, რომელიც წარმოადგენს საეკლესიო ცხოვრების არბიტრსა და პირუთვნელ მეთვალყურეს. იგი უნდა განიხილავდეს ყოველგვარ დავას მონასტრებსა და ეკლესიებს შორის; ეკლესიათა და მონასტერთა ქონების ხელყოფის საკითხებს; სასულიერო პირების ყოველგვარ უღირს საქციელს როგორც ყოფაში, ისე მღვდელთმსახურებაში; სასულიერო პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; შვილად აყვანისა და განქორწინების საკითხებს; უკანონო ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ყოფით დავებს ოჯახის წევრთა შორის და ა. შ.

7. ქართველ წმინდანთა ლიტურგიკული განგების არქონა, რაც დიდი ხანია არ დგას დღის წესრიგში.

8. მარხვაში (გარდა დიდმარხვისა და ერთდღიანი სადღესასწაულო მარხვებისა) ერისკაცთათვის თევზის არდაშვება და ამ (მარხვის) პერიოდში ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ცოლ–ქმრული თანაცხოვრების აკრძალვა მრევლისათვის.

9. სამონასტრო ტრადიციებისა და ტიპიკონების სრული გაუთვალისწინებლობა.

10. წმ. სინოდის განჩინებათა არშესრულება (მაგალითად: წმინდა სინოდის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებიდან: "წმიდა სინოდმა განიხილა ღარიბ სოფლებში მოღვაწე სასულიერო პირთა საკითხი და განაჩინა, რომ მათ გაეწიოთ გარკვეული ფინანსური დახმარება. ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს ქართული მრავალხმიანი გალობით. ამ განჩინების დამრღვევთა მიმართ კი გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები").

11. სიზმართ–მეზღაპრეობა და ამის მიხედვით ეკლესია–მონასტრების მშენებლობა.

12. სიმონია (საეკლესიო თანამდებობათა ყიდვა–გაყიდვა), რომლის შესახებ კვლავაც მოწყენილად დარდობს წმ. მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი: "არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხითა და ხრიკით".

13. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს ანტიკანონიკური ქმედებების არგაპროტესტება და იგნორირება.

14. მართლმადიდებლურ და-ეკლესიებთან კომუნიკაციის ნაკლებობა. სამაგიეროდ კი ჩრდილოეთის "დიდი" და-ეკლესიისადმი უსიტყვო ნდობა-მორჩილება.

15. ისტორიული ეკლესია–მონასტრების "რესტავრაცია–განახლებები", რაც იწვევს მათ დამახინჯება–დაზიანებებს, მაშინ როდესაც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების რესტავრაციისა და საეკლესიო ხელოვნების საბჭო ამ საკითხების მონიტორინგისათვის უნდა ფუნქციონირებდეს.

 

     ზნეობრივი დაცემა

 

1. ჰომოსექსუალური ლობის არსებობა, რომლის წევრებიც საკმაოდ გავლენიან წოდებებსა თუ თანამდებობეს ფლობენ. 

2. ნარკომომხმარებელი სასულიერო პირების დაუსჯელობა.

3. მრუშობაში მხილებული სასულიერო პირების დაუსჯელობა ან დროებითი დასჯა და მცირე ხნის შემდეგ კვლავ იმავე პატივში აღდგენა.("იმყოფებიან შენთან, რომლებიც მისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს" (გამოც.2,15).

4. სამღვდელოების ნაწილის მიერ ზღვარდაუდებელი ფუფუნებითა და ანგარებით ცხოვრება (ძვირადღირებული ავტომობილებით სიარული, სახმართმოყვარეობა, სნობიზმი, ფრანტობა და ა.შ.) იმ ფონზე, როცა მოსახლეობის 60 % სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.("მაშინ, როდესაც ძმები ეკლესიაში შიმშილობენ, მოხვეჭის ვნებით გატაცებული ეპისკოპოსები ავაზაკურად ეუფლებიან საერთო შემოსავალს" – წმ. კვიპრიანე კართაგენელი).

 P.S. ალბათ, საინტერესოა გამოჩენილი ქართველი მწერლის – მიხეილ ჯავახიშვილის ეპოქალური შეფასება, იმდროის დაცემული მდგომარეობის მიმართ, რომელიც რაღაცით თითქოს ჩამოგავსო ახლანდელ სურათს: "ერთი ჰკითხეთ, ამ სულიერ მამებს, ვისა ჰბაძავენ ისინი? ქრისტესაო, გეტყვიან, მაგრამ როდის ცხოვრობდა ქრისტე ხალიჩებით მორთულ სამ სართულიან სახლებში, როდის ჰყავდა იესოს ათი ხელზე მოსამსახურე, როდის დადიოდა ქრისტე მშვენიერი კარეტებით? ზოგი არქიელია, ბანკებში ათასობით უწყვია, მაგრამ აბა ერთი მიდი იმასთან და შველა სთხოვე? ის მაშინვე საიქიოს გაგისტუმრებთ და მომავალ ცხოვრებით განუგეშებთ. ქალაქ კიევში ერთი მონასტერია, რომელსაც ასი მილიონის შეძლება აქვს, მაგრამ ამ ეკლესიას დღემდის დამშეულ გლეხებისათვის კაპეიკიც არ მიუცია. საიდან მიიღო ეკლესიამ ამდენი ფული? ხალხიდან და მლოცავებიდან, მაგრამ იკითხეთ, რატომ არ ეხმარებიან გაჭირვების დროს იმ ხალხს, რომელმაც იმოდენა შეძლება მისცა მღვდლებსა და ბერებს?"

5. ზოგიერთი სასულიერო პირის მხრიდან ფიქსირდება აღსარების საიდუმლოს გაცემის მრავალი ფაქტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ მიმართული შანტაჟი და მუქარა.

6. სასულიერო პირთა პოლიტიკანობა, რაც ეწინააღმდეგება ზოგადად, როგორც ეკლესიის ბუნებას, ისე კერძო სინოდალურ დადგენილებებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ.

7. გარეულ ცხოველთა ეკლესია–მონასტრების ეზოებში დამწყვდევა.

8. საეკლესიო სახსრებისა და საპატრიარქოს ბიუჯეტის არაგამჭვირვალე ხარჯვა. არადა აუცილებელია, რომ ეკლესიის მმართველობითი სისტემა გახდეს ყველასათვის თვალსაჩინო და ღია. მისი საქმიანობა არ უნდა იყოს ოფშერულ ზონასა და შავ ხვრელში კოლაფსირებული. ("მთელი დიდება თქვენ გებოძათ და აღსრულდა დაწერილი: ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით, და დაივიწყეთ ღმერთი". II რჯულ. 32,15). 

 

      წმ. ილია მართალიც (ჭავჭავაძე), მისსავე ეპოქაში არსებულ სასულიერო პირთა მომხვეჭელობის შესახებ, დაღონებულად სწუხდა: "დღეს სამღვდელოებას თითქმის დავიწყებული აქვს ჩვენი უწინდელი სამღვდელოების ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე; დღეს ყოველი საკუთარი სტომაქისთვის იღწვის და საკუთარი სარგებელის დევნაშია გართული. მხოლოდ ორიოდ პირი მოსჩანს ჩვენს სამღვდელოებაში ისეთი, რომელსაც ქვეყნისადმი ძველთა მამათმთავართა გულმტკივნეულობა აქვს შემორჩენილი და რომელთა არსებობაც გვათქმევინებს: ჯერ კიდევ მსახურნი მართალთა ღმერთის-მსახურებისა არ წარსწყმედილან ჩვენშიო".

 

      მიმაჩნია, რომ ეკლესიის ბიუჯეტი, არა მარტო ტაძრების რესტავრაციასა და აშენებას უნდა მოხმარდეს, არამედ, უმთავრესად ცოცხალი ტაძრების, ანუ ქრისტეს მსახური ადამიანების განსწავლასა და აღზრდას. იდეაშიც ხომ ასეა, ეკლესიის ძლიერება ამაში იგულისხმება წესით და არა რელიგიურ შენობა-ნაგებობათა სიმრავლეში!..

     ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვაღიაროთ, რომ საეკლესიო ცხოვრება საქართველოში ერთობ ღრმა კრიზისს განიცდის. მრევლი სისხლისგან იცლება, ხოლო ჭრილობათა განმამრთელებელი კი ვაი, რომ ჯერაც არ ჩანს. 

      ცალსახაა, რომ შიდა სივრცეში ორი, გამოკვეთილად პლათფორმირებული მიმართულება გვაქვს, ესენია: კონსერვატიული და ლიბერალური. ორივე საკუთარი რეგალიების გაფართოებისა და შენარჩუნებისათვის იბრძვის. ეპისკოპატში ერთსულოვნებისა და მოციქულობრივი ძმობის განწყობები თითქმის არ მოგვეპოვება. პირიქით, ძალზე ხშირია კონფლიქტური ბუტიაობა და ცილობა ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ. სამწუხაროდ, სწორედ ამიტომაც არ არსებობს ბალანსირებული ძალა, რომელიც პრობლემათა დაძლევის ჯანსაღ მეთოდიკაზე იმუშავებს. ხოლო თუკი მრევლთაგან ვინმე გამაჯანსაღებელ ინიციატივას გამოიჩენს, მაშინვე მის სტიგმატიზირებასა და სეგრეგაციას მიმართავენ, რათა განდევნონ და მტრად შერაცხონ სიტუაციის დარეგულირებით დაინტერესებული პირი. ამასთან დაკავშირებით, საყურადრებოა წმ. იოანე ოქროპირის სიტყვები: "შურის, ყოვლისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდლებსაც ყველაზე მეტად თავისი ახლობლებისა და მსახურების ეშინიათ, რადგან ისე არავინ ელტვის მათ ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მათ საქმეებს, როგორც ისინი". 

     უამრავ ეჭვს ბადებს უშუალოდ კათოლიკოს–პატრიარქის შავ-ბნელი გარემოცვა, რომელიც ბურუსითმოცულ, გაურკვეველ საქმიანობას ეწევა თავად ილია II-ის გარშემო და ხელს უწყობს  საჭეთმპყრობელის ვაკუუმში ყოფნას. ამ ყოველივეს ერთვის ისიც, რომ ღირსეული თუ პატიოსანი სამღვდელოება ჩრდილშია და იჩაგრება მავანის იქედნური მოქმედებების გამო. აქედან გამომდინარე  მოაზროვნე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მცირერიცხოვანია სრულიად დემორალიზირებული და დაქსაქსულია. 

    ალბათ, როგორც მარტინ ლუთერმა 1517 წელს ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსობისათვის საჯარო ყურადღების მოსაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", ჩვენც ასევე უნდა მივაჭედოთ სამების საკათედრო ტაძრის კარიბჭეზე კომპრომატების მთელი ნუსხა, რათა ყურადიღონ მრევლის თვალით დანახული სატკივარი, რამეთუ ჯერ კიდევ რაიმე სახის დამაიმედებელი ძვრა სამწუხაროდ არ ჩანს, ხოლო წმ. ბასილი დიდი კი ისევაც დაგვტირის მამობრივი მოთქმით: ,,ეკლესია თითქმის ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესისკენ იცვლება."

    ცალკე აღნიშვნის ღირსია თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში არსებული სავალალო მდგომრეობა, სადაც სამხედრო დონის ფსევდოდისციპლინითა და ანტიადამიანური წესრიგით, სტუდენტური სპექტრი დიდ ზეწოლასა, ზომბირებასა და წნეხს განიცდის. სადღეისოდ, ამ კედლებში, სულიერება და სიყვარული მთლიანად უკანა პლანზეა გადაწეული. სასწავლებელთა შინა-განაწესი თუ ქცევის კოდექსი, მთლიანად გაჯერებულია მონური სულისკვეთებით. ამასთან, პედ-კოლექტივისა და პროფესორ-მასწავლებელთა დიდი ნაწილი ფინანსური სარგებელის გამო კონფორმისტულადაა განწყობილი და ზოგიერთი (პავლე ჩუდეცკის მემკვიდრე) ფსიქო-პათოლოგიურად განწყობილი სასულიერო პირის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამ ფონზე ბუნებრივია, რომ გაყინულ და სტატიკურ მდგომარეობაშია სასწავლო სისტემისა და საგნმანათლებლო პროცესის მოდერნიზაცია-განვითარება. რაც შეეხება უშუალოდ სასწავლებლის მოქმედ რექტორს, უნდა აღინიშნოს, რომ იგი მრავალგზის შემჩნეულია სახალხო პირადი  განდიდებისა და ამასთანვე სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებელების დამცირებისა და შეურაცხყოფის უამრავ ფაქტში, მათ შორის არაერთხელ ხელით შეხებაშიც კი. მისი აგრესიისგან თავდასაცავად, სტუდენტებმა არაერთგზის, არგუმენტირებული საჩივრით მიმართეს საპატრიარქოს, თუმცა ნაცვლად ადეკვატური რეაგირებისა, მომჩივანთა საწუხარის გაზიარებისა და მოსწავლეთა უფლებების დაცვისა, იქით გაიკიცხნენ და დაისაჯნენ კიდეც სხვადასხვა ფორმით, რამაც ძალიან დიდი იმედგაცრუება და ნიჰილიზმი გამოიწვია ჩვენში. (პირადად მე, 2004-2008 წწ. სასულიერო სემინარიაში ვსწავლობდი, რომლის წარჩინებით დასრულების შემდეგაც, სწავლა განვაგრძე (პირდაპირ უგამოცდოთ, მაღალი ქულების გამო) სასულიერო აკადემიაში, სადაც 1 კურსი ვიარე მხოლოდ 2008-2009წწ.). 

    აქედან გამომდინარე, მე როგორც ფშაველი კაცი, ვერ შევეგუებოდი უსამართლობას, განუკითხაობასა და უწესივრობას. სწორედ ამიტომაც თავი გავარიდე აღნიშნულ სასწავლებელს, რომელიც ძალიან მიყვარდა და რომელთანაც ტკბილი მოგონებებიც მაკავშირებს. ხოლო მას შემდეგ კი რაც რექტორად ჩუდეცკის თვისობრივი კლონი დანიშნეს, სასწავლებელში აღარც მივსულვარ. მერწმუნეთ, ყოველივეს გულახდილად, დიდი ტკივილითა და განცდით ვამბობ. ასევე ფიქრობს უამრავი ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც უბრალოდ უხერხულობისა და შექმნიი კონიუქტურის  გამო ხმას ვერ იღებს.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ ცოტა ხნის წინ, სემინარია–აკადემიაში ,,მოღვაწე" პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს, საზეიმო ვითარებაში, სრულიად ხელოვნურად, დაჩქარებული წესით,  საღვთისმეტყველო ხარისხები მიანიჭეს, რომელთაც აქამადე, ჯერ კიდევ არანაირი საღვთისმეტყველო შრომა არა აქვთ დაწერილი.

    იმათ გასაგონად კი, ვინც არსებულ რეჟიმს კონფორმისტული დამოკიდებულებით ეგუება, სოლომონ ბრძენის სიტყვებს, ხმამაღლა ვიტყოდი: "როდემდის უნდა გიყვარდეთ, ბრიყვებო, სიბრიყვე? როდემდის უნდა ნეტარებდნენ თავქარიანნი თავიანთი თავქარიანობით? როდემდის უნდა სძულდეთ უმეცრებს ცოდნა?" (იგავ. 1,22).

   შეუძლებელია გვერდი აუვაროთ, საპატრიარქოს სათავეში არსებულ მატრიარქალურ მმართველობით სტილს, რომლის მიხედვითაც საეჭვო რეპუტაციისა და წარსულის მქონე ქალბატონი, ვინმე "კოლონკელიძის ასული", იგივე "დედა ტერეზა", ძალაუფლებას კადნიერად ინაწილებს და მართვა-გამგეობის საორგანიზაციო საქმეებსაც თამამად უძღვება. იგი, ეკლესიის მამამთავრის პარალელურად ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და "შესანიშნავად" ითავსებს თანამმართველის პოზიციას. ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია შიდა სამზარეულოში, კარგად მოეხსენება, თუ როგორი დესპოტიზმითა და მაფიოზური ხასიათით მოქმედებს ზემოთ ხსნებული დიასახლისი, რომელსაც რუხი კარდინალის ფუნქციები აქვს შეთავსებული. ("შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ დედაკაც იეზაბელს". გამოც. 2,20). 

        *      *      *

    მორწმუნე საზოგადოების რაღაც ნაწილი კი, გარშემო დასადგურებული სულიერი ღრუბელის შემხედვარე, ყოველდღიურ ფიქრებში, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისავით სევდიანად იმეორებს ერთსა და იმავე ტრაგიკულ სიტყვებს: "კითხულობ, როგორ არის ჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიები მწყემსების გარეშე არიან: კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანს. ქრისტეს სძინავს".

    მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ, ოპტიმიზმის საფუძველი მაინც არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ისტორიული სარბიელის სიგრძეზე, ეკლესიას, უამრავი მსგავსი და კიდევ უარესი განსაცდელები დაუძლევია. გამოვთქვამ იმედს, რომ ღვთისმოსავი სასულიერო პირების მეცადინეობითა და მოაზროვნე მრევლის ხელშეწყობით, თანდათან პროგრესისაკენ წავალთ, რაც უფლის წყალობასთან ერთად, თითოეული ჩვენგანის გულმოდგინებასა და გარჯაზეა დამოკიდებული, ისეთ შემართებაზე, სადაც შვილობრივი სიყვარული და ცოდნა უმთავრეს სამოქმედო ლაიტმოტივს წარმოადგენენ.  

     თუკი ოდესმე მაინც, განწმენდის პროცესი სტიქიურ ხასიათს შეიძენს, მით უფრო უკეთესი ეკლესიის ავტორიტეტისათვის, რამეთუ დამალული სნეულება სხეულის კვდომას იწვევს და სწორედ ამიტომაც საეკლესიო კანონთა უზენაესობა და ზნეობრივი მართლწესრიგი უფრო მეტად მოიზიდავს მრევლს და სულიერ ცხოვრებასაც ბევრად უფრო საინტერესოს და ჰარმონიულს გახდის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ გაგვიჭირდება მარტოოდენ ღვთის მოთმინებაზე დაყრდნობა, ხოლო თუ არ გამოვფხიზლდებით, სავარაუდოდ მძიმე შედეგებს ვიწვნევთ და ჩვენზე აღსრულდება წინასწარმეტყველის გაფრთხილება: – "შენ მიმატოვე მე, ამბობს უფალი, უკან გაბრუნდი. ამიტომაც ხელს მოგიღერებ და დაგღუპავ. დამღალა შეწყალებამ" (იერ. 15,6).

     მივესალმები უღირს სასულიერო პირთა დასჯას, არა იმიტომ რომ ვინმეს დასჯა მახარებს, არამედ იმის გამო, რომ ეს ყოველივე, სამომავლო პერსპექტივაში იქნება ერთგვარი პანაცეა, რაც პოზიტიურ შედეგს გამოიღებს და სხვებსაც უფრო მეტად წინდახედულს გახდის. 

      იერარქიაში არსებულ გაუკუღმართებულობაზე, ჯერ კიდევ როდის (V–ს.) წუხდა ეკლესიის ბურჯი მამა, წმ. იოანე ოქროპირი, რომელიც ხეპრე და გაზლუქებული სამღვდელო პირების უწესობაზე მუდამ შეშფოთებით ქადაგებდა ხოლმე. ახლაც, იგი, თითქოს ზეციდან დაგვყურებს და ისევაც  გვამხელს თავისი მჭექარე სიტყვებით: "რა უნდა იყოს იმაზე უფრო მეტი უსჯულოება, როდესაც უვარგისი და მრავალი მანკიერებით აღვსილი ადამიანები იმისათვის იღებენ პატივს (სასულიერო წოდებას), რის გამოც, ვფიქრობ, სულაც არ უნდა გადაელახათ ეკლესიის ზღურბლი... ამჟამად ცოდვებით ვნებულა ეკლესიის მთავრობა, ათასი დანაშაულით დამძიმებული უსჯულონი კი შემოჭრილან ეკლესიაში, მეიჯარენი ეკლესიის წინამძღვარნი გამხდარან. ამ უწესობამ ერთგვარად კანონიერი ხასიათი მიიღო და განსაკუთრებულად ვრცელდება: თუ ვინმემ შესცოდა და მხილებულია, იმას კი არ ცდილობს, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს, არამედ იმას, რომ თავისი დანაშაულის მოზიარე მონახოს".

    ვფიქრობ, რომ თუ რეაბლიტაციის პროცესი მალევე არ დაიძრება, ამ შემთხვევაში ეკლესია ინერციით დაკარგავს თავის სამწყსოს, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად შექმნილ სისტემას დაეკისრება.

    იმათ კი, ვინც მოცემულ რეალობას არ ან ვერ ხედავს, მოკრძალებით შევახსენებდი ბიბლიურ გაფრთხილებას: "ივიშვიშებ ბოლო ჟამს, როცა დაგელევა ხორცი და ტანი. იტყვი: როგორ მძულდა დარიგება და როგორ სძაგდა ჩემს გულს მხილება!" (იგავ.5,11–12).

   P.S. აქვე დავძენ, რომ ვარ ეკლესიის წევრი, სტიქაროსანი, მედავითნე, სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, პროფესიით თეოლოგი და შესაბამისად თავისუფალი ვარ მიზანტროფიული კომპლექსებისა თუ მტრული დამოკიდებულებისაგან. აგრეთვე, მკაცრად ვემიჯნები კონკრეტული პირების განკითხვას, ლანძღვას, დაცინვასა და მათზე ქირქილს!

გიორგი  ტიგინაშვილი (ივრისპირელი),  პუბლიცისტი,

საქართველოს  მწერალთა  შემოქმედებითი  კავშირის  წევრი.