დასავლეთი „შეშფოთებულია“, რუსეთი თავის საქმეს აკეთებს!

დასავლეთი „შეშფოთებულია“, რუსეთი თავის საქმეს აკეთებს!

სტატია ეხება რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტს, მასში გადმოცემულია მხარეთა განცხადებები, რუსეთის ანექსიონისტური კურსი და საქართველოს ხელისუფლების რეაქცია (ავტორი - დავით ჰერშენჰორნი).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონზე - აფხაზეთზე თავის გავლენას აფართოებს. კრემლი ამიერიდან დომინირებულ როლს შეასრულებს აფხაზეთის სამხედრო-პოლიტიკურ, თავდაცვის და სოციალურ-პოლიტიკურ სფეროებში.


სოჭში, შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქში რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა იმ დროს განხორციელდა, როცა დასავლეთი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის გამო - ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში  გაღვივებული სეპარატიზმის ფონზე. სოჭში დადებული ხელშეკრულება საქართველომ დაგმო და უკანონო ქმედებად - „ფაქტიური ანექსიისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად“ მიიჩნია.


საქართველო ევროკავშირთან მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ცდილობს. თბილისელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთთან რუსეთის მიერ დადებული შეთანხმება მოსკოვის კიდევ ერთი მცდელობაა, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პროდასავლურ კურსის წინააღმდეგაა მიმართული და კრემლის მიერ შექმნილ ხელშემშლელ ბარიერს წარმოადგენს. „ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება მოსკოვის მიერ განხორციელებული წინასწარგანზრახული ნაბიჯია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის პასუხად“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მიმართავს გაეროს, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ დოკუმენტის დაგმობის მიზნით.


ღარიბ აფხაზეთში, სადაც 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რომელიც ძირითადად რუსეთზეა დამოკიდებული, ხელშეკრულების პროექტი საკმაო ხანს განიხილებოდა. რუსეთი აფხაზეთისთვის უსაფრთხოებასა და ეკონომიკის სფეროში მთავარ გარანტს წარმოადგენს, შესაბამისად, სოხუმს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა.


1990-იან წლებში საქართველოსგან გამოყოფილ აფხაზეთში რუსეთის ჯარებია დისლოცირებული. გუშინ ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის სფეროში იქმნება აფხაზური და რუსული სამხედრო ნაწილების დაჯგუფება, ხოლო საგარეოპოლიტიკურ  სფეროში - ხდება საგარეო პოლიტიკის რუსეთთან კოორდინირება, რადგან აფხაზეთი, რუსეთისა და ორი-სამი მცირე სახელმწიფოს გარდა, არავისგან აღიარებული არ არის.


ხელშეკრულების დებულების თანახმად, რუსეთი განახორციელებს აფხაზური შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, ხოლო აფხაზეთი თავის კანონმდებლობას ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესაბამისად შეცვლის.


„ცხადია, ამ ხელშეკრულების მიზანი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაა“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, როცა აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკება დასრულდა.


თავის მხრივ ბატონმა რაულ ხაჯინბამ აღნიშნა, რომ „რუსეთთან პარტნიორობა აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიებს სრულად უზრუნველყოფს. რუსეთი ვალდებულებას აგრეთვე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითრებისადმი ხელშეწყობას“. მან ასევე დაამატა: „ჩვენ მცირე ქვეყანა ვართ, მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი ინტერესების დაცვას სწორედ რუსეთი უზრუნველყოფდა“.


აფხაზეთზე კონტროლის გაძლიერების მიზნით რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა როლს ასრულებს მოსკოვი რეგიონულ ტერიტორიულ, ეთნიკურ და ეროვნულ, ან რელიგიურ კონფლიქტებში - კრემლს სურს ყოფილ საბჭოთა სივრცეში თავისი გავლენა შეინარჩუნოს.

„ნიუ-იორკ თაიმსი“ (აშშ), 25 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.nytimes.com/2014/11/25/world/europe/pact-tightens-russian-ties-with-abkhazia.html?_r=0

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: