Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
27-11-2014, 14:13
ნანახია: 1309

სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა

   საქართველოს პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება, ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. 

კერძოდ, ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება განხორციელდა სახელმწიფო უწყებების და მათი ხელმძღვანელი პირების: შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დავით ახალაიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის ბაჩანა ახალაიას, გენერალური პროკურატურის და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად.

სისტემური დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 27 იანვარს,  ქ. თბილისში,  კაფე-ბარ ,,შარდენბარში", ალექსანდრე გირგვლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლის თამარ მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას სუფრის წევრ თათია მაისურაძესთან, რის გამოც დავით ახალაიას დავალებით, ადგილზე გამოძახებულმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე. 

გამტაცებლებმა ალექსანდრე გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ნაწამები ალექსანდრე გირგვლიანის გვამი ნანახი იქნა ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ამ ფაქტის გამო საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად, საქმით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ  დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი და გარდაუვლად დადგებოდა მასთან დაახლოებული პირების, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას პოლიტიკური და სისხლსსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ბაჩანა ახალაიას და  მისი ძმის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დავით ახალაიას მიერ, ურთიერთშეთანხმებულად დაიგეგმა და მათზედ დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების გამოყენებით განხორციელდა  დანაშაულებრივი ქმედებები ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად.

კერძოდ, ივანე მერაბიშვილი, რომელმაც დადასტურებულად იცოდა, რომ დანაშაულში იმხილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლები, საქმესთან შემხებლობა ქონდა მის მეუღლეს თამარ მერაბიშვილს და დანაშაულის ორგანიზატორი იყო დავით ახალაია, ვალდებული იყო უზრუნველყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა მან საქმის გამოძიების ხელმძღვანელობა დაავალა თავად დანაშაულის ორგანიზატორს დავით ახალაიას.

შესაბამისად გამოძიებას მიკერძოებულად აწარმოებდნენ ივანე მერაბიშვილის უწყების გამომძიებლები, რომლებიც სამსახურებრივად დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით. აღნიშნულის გამო არ იქნა უზრუნველყოფილი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება.

თავის მხრივ,  დავით ახალაიამ,  2006 წლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამოდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები.  სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით ხანმოკლე ვადაში განთავისუფლდებოდნენ სასჯელისგან.  გარდა ამისა, საპატიმროში ყოფნის პერიოდში, თითოეულს დაპირდა ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხებს და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული  პირობების შექმნასთან.

აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედაზე, რომელიც შეეხებოდა გირვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა განსაზღვრას, გადაწყდა რომ დამნაშავეთა დასჯის მზარდი საზოგადოებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, დანაშაულში მონაწილე დაბალი რანგის  თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც -  გერონტი ალანია. ამ გზით, დავით ახალაია და  ამ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა მაღალი თანამდებობის პირები აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან.

გენერალურ პროკურატურაში მიღებული გადაწყვეტილების  შემდეგ,  იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც ასევე შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა საკითხის გადაწვეტას და მსჯავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე განთავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა დავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამოდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გერონტი ალანიაც, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები კი აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისაგან. ამასთან დავით ახალაიას შეპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ.

აღნიშნული უკანონო დაპირებების მიღების შემდგომ,  ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და შს სამინისტროს  სხვა თანმდებობის პირების მიერ ალექსანდრე გირიგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება იმგვარად დაიგეგმა და წარიმართა, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ მხოლოდ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს, ხოლო დავით ახალაია და სხვები უკანონოდ აცილებულ იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან.

დანაშაულის გახსნის ყალბი მოლოდინის გაჩენის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით,   2006 წლის 6 მარტს, საჯაროდ გაცხადდა, რომ თითქოს დავით ახალაის უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის დაზიანების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით.    

დავით ახალაიას მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად  და მორალური მხარდაჭერის გამოსახატად, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაკავიბისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს  ე.წ. "მოდულის" შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრაზე, თანადგომა და მხარდაჭერა  აღუთქვა მათ და უთხრა რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდევაც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად, ჯანმრთელობის დაზიანების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გერონტი ალანიას  თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და ექვსი თვის ვადით, ხოლო მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას - 6 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 

ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიას ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.       

გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ,  ეტაპობრივად გადაეცათ  თითოეულს    100 000 აშშ დოლარი. 

2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან  დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ.

ამდენად, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა, რასაც სათავეში ედგა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაპირობა ის, რომ  ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება, მოხდა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დავით ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ალექსანდრე გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისათვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ივანე მერაბიშვილის და ბაჩანა ახალაიას მიმართ, ხოლო დავით ახალაიას მიმართ საქმე სასამართლოშია წარმართული.

ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისათვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.