აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტში საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი სახელწოდებით "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი - 2014", რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის სენატი ქვეყნის პრეზიდენტს ბარაკ ობამას მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს რუსულ "გაზპრომს", თუ აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "გაზპრომი" უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების, ასევე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის.
კანონპროექტი ითვალისწინებს 1961 წელს საგარეო დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, ასევე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატო-ს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებას.
კანონპროექტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, გააფართოვოს სანქციები რუსული კომპანიების, მათ შორის "როსობორონექსპორტის" და ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ. ასევე სიაში უნდა შევიდეს ის უცხოური კომპანიები, რომლებიც რუსულ ნავთობპროექტებში დიდ თანხას დებენ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან ერთად სენატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 2015 წელს 350 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს.
"მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია სანქციები გავზარდოთ, ვიდრე პუტინი არ შეიცვლის გადაწყვეტილებას, არასწორი გათვლაა. რუსეთს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ იმის აღიარება აიძულებს, რომ ევროპა ჩვენს გვერდითაა. თუ კოალიციაში ბზარები არ გაჩნდება, მალე რუსეთი იტყვის, რომ მის ეკონომიკას უფრო ძვირი დაუჯდა ეს სანქციები, ვიდრე ნებისმიერი სტრატეგიული სარგებელი, რომელიც მათ მიიღეს", - აღნიშნა ობამამ.
სექტემბერში კანონპროექტი "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი - 2014" ერთხმად მიიღო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. კანონპროქტის ავტორი ამერიკელი სენატორი რობერტ მენდესია. იმისათვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი უნდა მიიღოს წარმომადგენლობითმა პალატამ. მისი შესრულება აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ხელმოწერის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.