გულბაათ რცხილაძე:-"ჩვენ არ უნდა ავყვეთ "ნაციონალების" მიერ ორგანიზებულ მორიგ ანტირუსულ ისტერიას, ვითომ "აფხაზეთის ანექსიის" გამო ატეხილს"
ევრაზიის ინსტიტუტი კიდევ ერთ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2014 წლის 10-იდან 17 ნოემბრამდე განახორციელა. ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეორე სოციოლოგიური გამოკვლევა, საქართველოს მასშტაბით. ამჯერად გამოკითხვის თემატიკა მხოლოდ და მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ასპექტებს მოიცავდა, კერძოდ, საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) ინტეგრაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე ამბობს, რომ გამოკითხვა ჩატარდა ქალაქებსა და სოფლებში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. სავსებით შეგნებულად, მეთოდოლოგიური და არა რაიმე სხვა მოსაზრებით, გვერდი აუარეს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს - ქვემო ქართლსა და ჯავახეთს. გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, (საბურთალო, დიდი დიღომი, ვერე, ჩუღურეთი, დიდუბე)– 482 რესპონდენტი (გამოკითხულთა საერთო რაოდენობიდან 28,1%); გორი – 262 (15,3%); ბათუმი – 296 (17,2%); ზუგდიდი – 151 (8,8%); ზუგდიდის რაიონის სოფლები – 100 (5,8%);
საგარეჯოს რაიონი – 160 (9,3%); მცხეთის რაიონი – 48 (2,8%); დუშეთის რაიონი – 73 (4,2%); ლტოლვილები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან (დასახლებულნი მცხეთის რაიონში) – 146 (8,5%). მთლიანობაში: 1718 რესპონდენტი მთელი საქართველოდან. მათგან 825 მამაკაცი (48.5%) და 875 ქალბატონი (51.5%). გამოკითხულთა სოციალური სტატუსი: თვითდასაქმებულები - 22.8%, სახელმწიფო მოხელეები - 11.2%, ბიზნესმენები - 2.9%, უმუშევრები - 35.2%, პენსიონერები - 17.3%, სტუდენტები - 8.2%, დაქირავებული მუშაკები - 2.5%.
გამოკითხულთა ასაკობრივი დიაპაზონი ასევე დაბალანსებულია: 18-25 წელი – 14.5%, 26-35 წელი – 16.0%, 36-45 წელი – 20.9%, 46-55 წელი – 19.7%, 56-65 წელი – 14.7%, 65 წელზე ზევით – 14.1%.
რაც შეეხება კითხვარს, ასე გამოიყურება: _ ნატო თქვენი აზრით არის…ა) თავდაცვითი სამხედრო ბლოკე- 51% ბ) აგრესიული სამხედრო ბლოკი – 28 გ) მიჭირს პასუხის გაცემა – 21%.
შემდეგი კითხვა: თქვენი შეფასებით, ნატო საკმარისად ეხმარება თუ არა საქართველოს? გამოკითხულთა 20% თვლის, რომ დახმარება საკმარისია, ნატოს აქტიურობას საქართველოსთან მიმართებაში უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 66%, კითხვაზე პასუხი კი არ აქვს 13%.
შემდეგი კითხვა ასე ჟღერს: საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატებისა (აშშ) და ნატოს მიზნები და ინტერესები ემთხვევა საქართველოს მიზნებსა და ინტერესებს, მეორე ნაწილის აზრით კი - ეს მიზნები და ინტერესები არ ემთხვევა. თქვენ რომელ მოსაზრებას იზიარებთ? გამოკითხულთა 29% ფიქრობს, რომ მიზნები ემთხვევა, 52% მიიჩნევს, რომ არა, პასუხი 13% არ აქვს.
კითხვაზე, თანახმა იქნებით თუ არა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ბაზები განთავსდეს, გამოკითხულთა 20% თანახმაა, წინააღმდეგი არის 55%, 18% კი ნეიტრალიტეტს ირჩევს, ხოლო 7%-ს პასუხი არ აქვს.
როგორ აფასებთ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, გააგზავნოს სამხედრო კონტინგენტები აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ზონებში? დადებითად აფასებს 16%, უარყოფითად 62%, ნეიტრალურად, 18%, პასუხის გაცემა უჭირს 7%-ს.
კითხვაზე, თუ რას რას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსათვის, გამოკითხულთა 29% ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობრად მიიჩნევს, მოწინააღმდეგედ 17%, პასუხი არ აქვს 11%-ს, ხოლო 44%-ს კი მიაჩნია, რომ ამერიკა არც ერთია და არც მეორე, არამედ ე სარის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ საკუთარ ინტერესებს.
კიდევ ერთი, დიდი ხნის სანუკვარი ოცნება კითხვარში ასე ჟღერს; ხვალ რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით პლებისციტი იმართებოდეს, თქვენი არჩევანი როგორი იქნებოდა? კითხვაზე დადებითად პასუხობს გამოკითხულთა 32%, უარყოფითად 40%, ხმის მისაცემად არ წავიდოდა 16%, პასუხი არ აქვს 12%-ს.
ბოლო კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანების კურსს განაგრძობს, ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან...გამოკითხულთა 8% თვლის, რომ გაუმჯობესდება, 64% თვლის, რომ კიდევ უფრო გაუარესდება, ცვლილებას არ ელის 8%, ხოლო პასუხი არ აქვს 10%-ს.
ამ გამოკითხვიდან მიღებული შედეგები ორი სიტყვით შეიძლება შეფასდეს; ვირის ცხვირწინ დაკიდებულმა მწვანე ბალახმა, რომელსაც უკვე ორი ათეული წელია ნატოსკენ მივყავართ, ფერი და მიმზიდველობა დაუკარგავს, და არც ხელისუფლების მქუხარე გამოსვლები გამოიყურება მაინც და მაინც თავდაჯერებულად, ზუსტად ისე, საკუთარი სიტყვების თავად რომ აღარ გჯერა. თუმცა მანმადე კი საინტერესოა, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თავად გამოკითხვის ინიციატორი, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება არსებული მოცემულობიდან.
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გულბაათ რცხილაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
_ ბატონო გულბაათ, როგორია როგორია თქვენი, როგორც ექსპერტის შეფასება, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება მიღებული გამოკითხვის შედეგიდან?
_ ძირითადი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მითი, თითქოს ნატო არის ქართველი ერის "ისტორიული არჩევანი", აბსოლუტურად უსაფუძვლოა. როგორც გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, თანაც, ნეგატიური შეფასებები უფრო ჭარბობს. ზუსტად იგივე ითქმის ამერიკის შეერთებულ შტატებზეც. შესაბამისად, არ შეიძლება, ხელისუფლებამ უგულებელყოს საზოგადოების ამგვარი განწყობა, რომელიც საღ აზრს ეფუძნება. მოსახლეობა უფრო პრაგმატულად უყურებს ვითარებას, ამბობს, რომ ამერიკა სულაც არ არის ჩვენი მეგობარი და მშველელი, ასევე არ არის მტერი, არამედ სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ინტერესებს ახორციელებს - შესაბამისად, ხალხს ესმის, რომ საქართველო არაფერს უნდა ელოდოს ამერიკისაგან. ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაზე თვალს ხუჭავს ახლანდელი ხელისუფლება, სააკაშვილის და შევარდნაძის რეჟიმების მსგავსად. განსაკუთრებულ გაღიზიანებას ხალხში იწვევს ნატოს სამხედრო ოპერაციებში, ცხრა მთას იქით, ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა, ამიტომაც განწყობები უფრო ანტიდასავლურისკენ შეიცვალა. საბოლოო ჯამში, ვნახეთ, რომ ამ დღეებში რომ შემდგარიყო პლებისციტი, ნატოში შესვლის საკითხი ჩავარდებოდა - ხალხის მხოლოდ 32 პროცენტი გამოთქვამს მზადყოფნას, პლებისციტზე ხმა მისცეს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. ამ ციფრს ადმინისტრაციული რესურსი, სტატისტიკური ხარვეზი, მერყევი ამომრჩეველი რომ დავუმატოთ, ყველაფერი ეს ერთად აღებული, ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, 48 პროცენტს ვერაფრით ვერ გადააჭარბებს. ამიტომ, ვიმეორებ: ნატო არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. აუცილებლად განვმარტავ: ვიცი, რომ ჩვენი გამოკითხვის შედეგებს (1700 რესპონდენტზე მეტი მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ეთნიკურად ქართულ მოსახლეობაში) დასავლეთიდან მართული პოლიტიკანები და ე. წ. "არასამთავრობოები" არ დაეთანხმებიან და ატეხენ ვიშ-ვიშს, რომ ჩვენ "პრორუსული" ორგანიზაცია ვართ, რომ ჩვენს დასახელებაშივეა ასახული "ევრაზიული" მომენტი. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ მე ყველა საღ ჭკუაზე მყოფ ოპონენტს მივმართავ: ჯერ ერთი, ჩვენი გამოკითხვის მეთოდიკა აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა, ხელზე გვაქვს შევსებული ანკეტები და მათ არავის ვუმალავთ (განსხვავებით ამერიკული ორგანიზაციების - აირაი-ენდიაის პრინციპისაგან, დამალონ მეთოდიკა და მით უფრო, გამოყენებული ანკეტები); მეორე და მთავარი: მზად ვართ, ხელმეორედ ჩავატაროთ გამოკითხვა - ოპონენტი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პარიტეტულ საწყისებზე. დაე ყველა თავად დარწმუნდეს, ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების რეალობაში. ვგონებ, რომ ვისაც სიმართლე აინტერესებს, ამ წინადადებას უნდა დათანხმდეს.
_ რამ გამოიწვია საზოგადოების ასეთი განწყობა, ევროპული კურსის ასეთი დიდი ტირაჟირების მიუხედავად, რატომ თვლის საზოგადოება რუსეთთან სიტუაციის ნორმალიზებას პრიორიტეტად?
_ ისევ და ისევ, პრაგმატულ მიდგომას იჩენს ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი - ესმით, რომ რუსეთი დიდი მეზობელია და პრიორიტეტი სწორედ ის უნდა იყოს საგარეო პოლიტიკაში. დასავლური კურსის ტირაჟირება მრავალი წელია, გრძელდება. ახლა, როგორც ჩანს, დადგა ის ეტაპი, როდესაც ეს პროპაგანდა ვეღარ მუშაობს, როგორც, მაგალითად, 1980-იანი წლების ბოლოს (და უფრო ადრეც) ვეღარ მუშაობდა კომუნისტური პროპაგანდა: რაც ტელევიზიით შუქდებოდა, ხალხს იმის საწინააღმდეგო სჯეროდა, აგინებდნენ კომუნისტები ამერიკას? - ესე იგი, ამერიკა დადებითი მოვლენა იყო და ასე შემდეგ. ახლაც მსგავსი ვითარება შეიქმნა, რაც უფრო მეტად ანტირუსული პროპაგანდა მძვინვარებს, მით უფრო მეტ უნდობლობას უცხადებს ხალხი ამ პროპაგანდას. თუმცა ეს არ ეხება გარკვეულ სეგმენტს, კერძოდ, "მიშისტურ" ელექტორატს, რომელიც 20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. მართალია, "არამიშისტებშიც" არიან რუსოფობიით მოწამლული ადამიანები, მაგრამ მათი რიცხვი მთლიანობაში არ არის დიდი. მათ სჯერათ, რომ საქართველოს მთავარი მტერი არის რუსეთი, და მხოლოდ რუსეთის დაშლა-განადგურებაში და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაშია ხსნა. ერთმა ქალბატონმა, მაგალითად, ანკეტაში ნატოს სასარგებლოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, ბოლო კითხვაზე კი უპასუხა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. ჩვენმა თანამშრომელმა გამოკითხვის შემდეგ ჰკითხა ამ ქალბატონს, თუ რატომ ფიქრობდა იგი ასე და პასუხი საინტერესო იყო: ნატოში რომ შევალთ, რუსეთს ჩვენი უფრო შეეშინდებაო. აი ასეთი მოსაზრებებიც არსებობს საზოგადოებაში და მათაც უნდა ვცეთ პატივი, თუმცა ვიმეორებ, მათი რაოდენობა აშკარად უფრო ნაკლებია.
_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, რაც ყველაზე მეტად არის თვალშისაცემი ეს არის აგრესიული რიტორიკის არარსებობა რასაც ვერ ვიტყვით წინა წლებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯები...თუმცა ამის საპასუხოდ რუსეთმა აფხაზეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა..
_ გასაგებია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ზომიერ პოლიტიკას ემხრობა და რუსეთის გაღიზიანებას ერიდება. რუსეთში ეს ჟესტი დააფასეს და, მოგეხსენებათ, ქართული პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის გაიხსნა რუსეთის ბაზარი, გაცოცხლდა ბიზნეს-ურთიერთობები, საქართველოსკენ რუსი ტურისტების დიდი ნაკადი დაიძრა... ყოველივე ამით საქართველოა მოგებული, რუსეთისთვის ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. ეს განაცხადა კიდეც პრეზიდენტმა პუტინმა, თან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ მანიპულირებს იმით, თუ ვინ უფრო მოგებულია ამ ახალი ურთიერთობებით ანუ პუტინმა კეთილი ნება გამოავლინა. მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია საქართველოს არ შეუცვლია, ახალი მთავრობაც ისევე მორჩილია დასავლეთისა, როგორც ძველი. კვლავ ნატოში ინტეგრაცია რჩება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად, ამერიკის ელჩი ხშირად საკადრო საკითხებშიც ერევა და ასე შემდეგ. ამიტომ რუსეთიც თავის სტრატეგიას ინარჩუნებს - აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს და ამერიკისა და ნატოს შესაძლო ექსპანსიისაგან რეგიონში თავს იზღვევს. თუმცა აფხაზეთთან ასეთი ხელშეკრულების დადებას სხვა მოტივაციაც, უშუალოდ შიდარუსული ასპექტებით განპირობებული, ახლავს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ვიტყვი მხოლოდ მთავარს: დადებული ხელშეკრულებით საქართველო ბევრს არაფერს კარგავს, პირიქით, გარკვეული პოზიტივიც უნდა დავინახოთ: აფხაზეთში რუსეთის გავლენის გაძლიერებით გამოირიცხება. იქ ისლამური და თურქული ელემენტის გაძლიერება, აფხაზეთის დამოუკიდებლობა რეალობად არ იქცევა და რუსეთის საშუალებით და შუამავლობით მისი დარეგულირების შანსი რჩება. ამიტომაც ეს ვითარება უფრო საქართველოს აძლევს ხელს, ვიდრე აფხაზეთის რეალური დამოუკიდებლობის მომხრეებს. შესაბამისად, ჩვენ არ უნდა ავყვეთ "ნაციონალების" მიერ ორგანიზებულ მორიგ ანტირუსულ ისტერიას, ვითომ "აფხაზეთის ანექსიის" გამო ატეხილს.