ევროპარლამენტი საქართველოს თაობაზე მიღებული რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს

ევროპარლამენტი საქართველოს თაობაზე მიღებული რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს

ევროპარლამენტის ოფიციალური გვერდი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს თაობაზე მიღებული რეზოლუციის ტექსტს აქვეყნებს.

ტექსტში საუბარია, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს კუთვნილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებას ფუნდამენტური ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით.

"ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს საქართველოს უფლებას, შეუერთდეს ნებისმიერ ორგანიზაციას ან ალიანსს, საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემით და კიდევ ერთხელ გამოხატავს რწმენას, რომ არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს სხვა ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტი ასევე სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართ, როგორც დაუყოვნებლივ ნიშანს ევროკავშირ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებისა და პირდაპირ ბენეფიტს მოსახლეობისთვის.

"ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ სახელმწიფოს, აქვს ევროპული პერსპექტივა და უფლება - გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, დაიცავს რა დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებასა და ადამიანისა და უმცირესობათა უფლებებს, უზრუნველყოფს კანონის თავისუფლებას", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტი რეზოლუციაში ასევე ხაზს უსვამს, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება და ბენეფიტია ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოში პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას ძირითადი რეფორმების მიღებისა და იმ ვალდებულებებისთვის, რომელსაც ასოცირების შეთანხმება გულისხმობს.
ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი აარიდოს დამოკიდებულებას "ყველაფერი გამარჯვებულს", რომელიც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას.

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის გამოყოფა და შეწყვიტოს მისი ოკუპაცია. ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" ხელშეკრულებას და მას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად მიიჩნევს, ასევე გამოხატავს შეშფოთებას, რომ მსგავსი "ხელშეკრულება" შესაძლოა, გაფორმდეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთანაც და ამ კუთხით, მოუწოდებს რუსეთის ფეფერაციას ე.წ. "ხელშეკრულების" გაუქმებისკენ და 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ.

"ევროპარლამენტი ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო ხანებში გატარებულ რეფორმებს, რომელიც მიმართულია სტაბილურობის, დამოუკიდებულობისა და იმ ინსტიტიციების გაძლიერებისკენ, რომელიც პასუხისმგებელია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და კარგ მმართველობაზე.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ყველა სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, მკაცრად ემორჩილებოდეს საგამოძიებო პროცედურებს, წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით, როგორც ეს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით არის გათვალისწინებული.
ევროპარლამენტი შეშფოთებული რჩება პროკურატურაში ანგარიშვალდებულების ნაკლებობითა და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმებით, რომლის მიხედვითაც პროკურორები და გამომძიებლები ინიშნებიან, ამ თანამდებობისთვის ძირითადი კრიტერიუმი უნდა იყოს პროფესიონალიზმი.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ ეროვნული შერიგების აუცილებლობას. გამოხატავს შეშფოთებას ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისა და მოქმედი ოპოზიციის ზოგიერთი წევრის გასამართლების, დაპატიმრებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო. ასევე შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოტენციური გამოყენების გამო, რამაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპის კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში; მოუწოდებს, რომ ღირებული პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა გადამწყვეტია დაბალანსებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის შექმნისთვის, რისკენაც საქართველო ისწრაფვის", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

ევროპარლამენტი ასევე მიესალმება OSCE/ODIHღ-ის "სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშს" და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სერიოზული ზომები გაატაროს ანგარიშში აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა დონეზე ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისკენ. მოუწოდებს, განავითაროს სრულად ფუნქციონირებადი, სათანადოდ დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, გაზარდოს საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი და დაიცვას კანონიერი ეკონომიკა. ხაზს უსვამს საჯარო ადმინისტრაციის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობას, რათა ის უფრო ეფექტური და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს", - ნათქვამია რეზოლუციაში.


ევროპარლამენტი ასევე მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ხაზს უსვამს ყველა უმცირესობის, კერძოდ ეთნიკური, რელიგიური და ლგბტ უმცირესობების დაცვის მნიშვნელობას. რეზოლუციაში აღნიშნულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ისლამოფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, თუმცა ხაზს უსვამს ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივი ქმედების ყველა დამნაშავის მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის აუცილებლობას.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელსაყრელი გარემო შექმნას თავისუფალი მედიისთვის, რაც ხელს უწყობს აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს. ტექსტში აღნიშნულია, რომ მედიას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად და ობიექტურად მუშაობის უფლება პოლიტიკური ან ეკონომიკური ზეწოლის გარეშე.
როგორც რეზოლუციაშია ნათქვამია, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს სოციალური დაცვის სისტემის დაუყოვნებელი რეფორმების აუცილებლობას მზარდი სოციალური უთანასწორობის შემცირების მიზნით, რომელიც განსაკუთრებით აისახა ბავშვებზე. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი (2013 წელი - 27%, 2011 წელი - 25%), ასევე უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრების ბავშვების რიცხვი (3,9%-დან 6% -მდე), რომელთაც თავის გატანა დღეში 1,25 დოლარზე ნაკლებით უწევთ.

ევროპარლამენტი ასევე მიესალმება ახალი შრომის კოდექსის მიღებას და ხაზს უსვამს მისი შესრულების აუცილებლობას, ასევე საქართველოში შრომითი სტანდარტების და სოციალური დიალოგის გაუმჯობესების გაგრძელებას. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისკენ თანმიმდევრული დიალოგის გზით.

"ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს. მოუწოდებს რუსეთს, როგორც რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზების ძიებაში, კერძოდ კი ჟენევის მოლაპარაკებებში. სწამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ყველა დებულება ორივე მხარის მიერ სრულად უნდა იყოს დაცული. განსაკუთრებით რუსეთის ვალდებულება გაიყვანოს შეიარაღებული სამხედრო ძალები და დებულება, რომ რომლის თანამხმად რუსეთმა უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა აფხაზეთისა და ცხინვალის სადავო ტერიტორიებზე. ხაზს უსვამს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას მუდმივი საცხოვრებლის ადგილზე", - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში



 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: