დიდ ბრიტანეთში ყოველ სამ წუთში ერთი ბავშვი უჩინარდება!
მიიჩნევენ, რომ წელიწადის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 140 000-ზე მეტი ბავშვი უჩინარდება. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ სამ წუთში ერთი მოზარდი იკარგება. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვების გაუჩინარებისას მთავარ როლს მათი მშობლებიდან ერთ-ერთი, დედა ან მამა ასრულებს.
წარმოიდგინეთ, ყოველ სამ წუთში ერთი ბავშვი უჩინარდება. ეს შემაძრწუნებელი სტატისტიკაა და წესით ადამიანებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ამგვარი სტატისტიკის უზარმაზარი საფრთხე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არაა. დიდ ბრიტანეთში ადამიანების დიდ ნაწილს წარმოდგენაც კი არ აქვს იმაზე, თუ რა მასშტაბები აქვს მოცული დაკარგული ბავშვების პრობლემას. ფაქტობრივად, თითოეული ბავშვი იმყოფება იმ რისკის ქვეშ, რომ მათი სახელები და გვარები დაკარგულთა უზარმაზარ სიას მიემატოს.
აღნიშნული სტატისტიკა ბავშვთა ექპლუატაციისა და ბავშვთა დაცვის ონლაინ ცენტრის მიერ იქნა გამოკვლეული და ის მოიცავს როგორც თინეიჯერულ ასაკში მყოფ იმ ბავშვებს, რომლებიც ოჯახებიდან თავად გაიქცნენ, ასევე, მშობლების მიერ გატაცებულ ბავშვებს, აუხსნელ გაუჩინარებებსა და გატაცებებს.
ერთ-ერთი დაზარალებული დედა, რომელსაც 2 ბავშვი დაეკარგა, ჰყვება: "როცა ჩემი ბიჭუნები გაუჩინარდნენ, ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, რომ მეგონა მოვკვდებოდი. ეს დაუსრულებელი დარდი და ვარამი იყო, დაუსრულებელი კოშმარი. მე წარმოვიდგენდი ხოლმე მათ, თუ როგორ ტიროდნენ ისინი ჩემს მოლოდინში. არაფერი მიხაროდა, არც შობა და არც სხვა რაიმე დღესასწაული. ბიჭების დაბადების დღეები კი განსაკუთრებით საშინლად გადასატანი იყო ჩემთვის და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ამგვარ ყოფაში, ტკივილი კი არ მცირდებოდა, პირიქით ძლიერდებოდა, რადგან იმის შეგრძნება, რომ ისინი ჩემს გარეშე იზრდებოდნენ და ვაჟკაცდებოდნენ, გულს კიდევ უფრო საშინლად მიმძიმებდა. მე ვიცნობდი ჩემს მსგავს მდგომარეობაში მყოფ 2 მშობელს, რომელთაც ვერ გაუძლეს ამგვარ ყოფას და ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულეს".
ასეთი მაგალითები ათასობით და, სამწუხაროდ, ათიათასობითაცაა და ეს მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე.
თითქმის ყველგან წააწყდებით დაკარგული ბავშვების პოსტერებს. მასმედია, როგორც ტელევიზია, ისე ბეჭდური და ინტერნეტ მედია აქტიურად აშუქებს ამგვარ პრობლემატიკას და ზოგიერთ შემთხვევაში დაკარგულ ბავშვებზე მასმედიის მიერ გამოჩენილ ყურადღებასა და ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სტატიებსა თუ რეპორტაჟებს დადებითი შედეგები მოჰყოლია.
დიდ ბრიტანეთში დაკარგული ბავშვების მხარდასაჭერად დიდი სარეკლამო კამპანია იწყება და ამ მხრივ ყველაზე აქტიურად სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი იქნება გამოყენებული. ასევე ავტობუსების გაჩერებებთან გაკეთდება ბილბორდები, სადაც დაკარგული ბავშვების ფოტოები გამოიკვრება, ლონდონის 300 ტაქსში მგზავრები ძებნილი ბავშვების შესახებ ინფორმაციებს გაეცნობიან. გაუჩინარებული ბავშვების ფოტოები გამოიკვრება სუპერმარკეტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.
გამოკვლევის მიხედვით, ბავშვები ყველაზე უკეთ ცნობენ თავიანთ თანატოლებს. ერთხელ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ბავშვმა ერთ-ერთი დაკარგული თანატოლის პოსტერს შეხედა და დედამისს უთხრა: "ეს ბიჭი ჩემი კლასელია". აღმოჩნდა, რომ ბავშვი მართალი იყო.
ამ იდეის ინიციატორები ფიქრობენ, რომ საზოგადოების მასობრივი ჩართულობა არა მხოლოდ დაკარგული ბავშვების აღმოჩენას შეუწყობს ხელს, არამედ შეამცირებს თინეიჯერულ ასაკში ბავშვების სახლიდან გაქცევის რისკ-ფაქტორებსაც.