ბექა ცხადაძე:-"პასუხი თავდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლო განცხადებებს"
ბექა ცხადაძე თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
-"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრებს, რომლებიც აღნიშნული განცხადების თანახმად საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა შეთავაზების სანაცვლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
ხელისუფლების მხრიდან მგავსი პათოსის განცხადების გაკეთება უკრაინაში მებრძოლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების პატივსა და ღირსებას უხეშად ლახავს.
ასევე, უკრაინელი ხალხის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.
თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს მინდა შევახსენო მნიშვნელოვანი ისტორიული გარემოება. 1992-1993 წლებში უკრანელი მოხალისეები აფხაზეთის დასაცავად გამართულ საომარ მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდნენ. ასევე, უკრაინელმა მფრინავებმა ათობით ათასი ქართველის სიცოცხლე იხსნეს.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის, 29 სექტემბერს ოჩამჩირის, ხოლო 30 სექტემბერს გალის დაცემის შედეგად საქართველოს 250 ათასი მოქალაქე დევნილად იქცა. საქართველოს იმდორინდელ ხელისუფლებას დევნილთა ევაკუაციისთვის არც ტექნიკური შესაძლებლობა და არც გეგმა გააჩნდა.
კონფლიქტის ზონიდან დევნილთა ევაკუაციის ინიციატივა საკუთარ თავზე უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა აიღო, რომელიც ფრენებს ქუთაისიდან და ზუგდიდიდან კოდორის მიმართულებით ახორციელებდა. ოპერაციაში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების 17 შვეულმფრენი (15 Ми-8МТ და 2 KA-27) მონაწილეობდა. დევნილებს ვერტმფრენებიდან საკვებს და თბილ სამოსს უყრიდნენ, რის შემდეგაც მოხუცებულები და ბავშვები სამშვიდობოს გამოყავდათ.
1993 წლის 10-14 ოქტომბერს, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სამშვიდობოს 7634 ადამიანი გამოიყვანა, კონფლიქტის ზონაში კი 487 ტონა ტვირთი ჩაიტანა(საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, ტანსაცმელი).
ჰუმანიტარული მისიის დროს მოხდა ავიაკატასტროფაც, კოდორის ხეობიდან ქუთაისში დაბრუნებული Ми-8-ს ეკიპაჟმა საკენში დაბრუნების ბრძანება მიიღო, რა დროსაც ტექნიკური გაუმართაობის გამო შვეულმფრენი მთას შეეჯახა".
ცნობისთვის, დღეს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:
-"თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აჰყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან"-ნათქვამია განცხადებაში.