"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო": "2013-2014 წლებში ტენდერებში მაღალი თანამდებობის პირების კომპანიები იმარჯვებდნენ!"
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულებს შორის, მაღალი თანამდებობის პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები არიან.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" დეტალურად შეისწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის განხორციელებული შესყიდვები.
როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, გამოიკვეთა, რომ სამშენებლო სამუშაოებისთვის შესყიდვებს, ძირითადად, სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყების მიერ სამშენებლო სამუშაოებზე დახარჯულმა თანხამ 2013-2014 წლებში (2014 წლის დეკემბრამდე) დაახლოებით 346.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში 400 ტენდერიდან 126 შემთხვევაში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა; 2014 წელს ზოგიერთ ტენდერში სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მყოფმა კომპანიებმა - "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" და "თუშეთგზამ" გაიმარჯვეს.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვლობა-საქართველოს" კვლევაშია აღნიშნული, იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც 2013-2014 წლებში სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს, მხოლოდ ერთ მათგანს ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პარტიასთან. კერძოდ, შპს "კავკასენერგოს" მფლობელმა ზვიად მესხმა 2014 წლის ივნისში "ქართულ ოცნებას" 30 000 ლარი შესწირა.
კვლევაში ასევე საუბარია, რომ 2011 წელს რეგისტრირებულმა შპს "ჰერიომ", რომლის მფლობელი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილია, 2014 წელს 1.1 მილიონი ლარის ღირებულების ერთი კონტრაქტი მოიგო, 2013 წელს კი კომპანიას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში არ გაუმარჯვია. აღსანიშნავია, რომ გალეგაშვილს და მის მეუღლეს ჯამში 360 ათასი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აქვთ აღებული. ამ სესხების ყოველთვიური გადასახადი მინისტრის მოადგილის ხელფასს სამჯერ აღემატება. 1996 წელს დაარსებულმა შპს "ცეკურმა", რომლის 62%-ს პარლამენტის წევრი სერგო ხაბულიანი ფლობს, ორი წლის განმავლობაში 2 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 2 კონტრაქტი მიიღო.
კვლევის თანახმად, ბოლო ორი წლის განმავლობაში უმსხვილესი სამშენებლო კონტრაქტი 1995 წელს სს "საგზაო კომპანია თბილისთან" გაფორმდა. 21 მლნ ლარზე მეტის ღირებულების ეს კონტრაქტი კომპანიას თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის გზის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის გაუფორმდა. რადგანაც კომპანია სააქციო საზოგადოების ფორმითაა რეგისტრირებული, მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არ იძებნება.