მოჯადოებული წრე, იაფი მასწავლებელი და უმეცრებისკენ მიმავალი ქართული საზოგადოება!

მოჯადოებული წრე, იაფი მასწავლებელი და უმეცრებისკენ მიმავალი ქართული საზოგადოება!

საქართველოში რომ განათლების დეფიციტია და საგანმანათლებლო სისტემაში მრავალი პრობლემა არსებობს, ამაზე ყველა თანხმდება. როგორც "წესი", მთავრობათა ცვლას, არ მოსდევს განათლების კუთხით არსებითი ცვლილებები. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ სასკოლო განათლებაშია არა მხოლოდ ზოგადად განათლების ნაკლებობის, არამედ, ღირსეულ, თავისუფალ მოქალაქედ ჩამოყალიბების სათავეც!

უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს სკოლის მთავარი ფუნქცია - ვინ უნდა აღზარდოს მან: მოქალაქე, პიროვნება თუ მას მთავარ ფუნქციად დარჩეს მოსწავლის აღზრდა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე.

2004 წელს შეიმუშავეს დოკუმენტი: "ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები", რომელიც თავისი შინაარსით მთლიანად ფოკუსირდება მოსწავლეზე, როგორც მოქალაქეზე და არა მხოლოდ პოტენციურ სტუდენტზე... ამ დოკუმენტის შემუშავება საკმაოდ დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა განათლების სისტემაში, ვინაიდან, მანამდე არანაირი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა.

თუმცა, აქვე წარმოიშვა სხვა პრობლემა: მართალია, აღნიშული დოკუმენტი ამ ეპოქის თანადროულია, მაგრამ, ის ემპირიულად ვერ განხორციელდა ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში: პრობლემა მხოლოდ ქაღალდზე გადაწყდა, რეალურად კი ბევრი არაფერი შეცვლილა.

არსებულ სიტუაციას, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზები აქვს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს არასწორი ფინანსური პოლიტიკა - ჩვენი ქვეყნისთვის ვერა და ვერ გახდა განათლება პრიორიტეტული და ის დღეის მდგომარეობით  12 პრიორიტეტს შორის მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს, მას უსწრებს ჯანდაცვა, თავდაცვა, შსს და რეგიონული განვითარება.

პარადოქსია, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 764.3 მილიონ ლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 2.3%-ია (ნორმად მიღებულია 6%). მაშინ, როცა მაგალითად ფინეთში განათლებაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20% იდება (11.1 მილიარდ ევროა), რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს ამხელა თანხის ჩადება შეუძლია განათლებაში, მაგრამ, აქ მთავარი პრიორიტეტების განსაზღვრაა, ფინეთმა განათლება აღიარა ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტად და მთლიანი ბიუჯეტის მეხუთედს განათლებას ახმარს - ეს იმას ნიშნავს რომ იქაურ დიპლომს, იქაურ განათლებას აღიარებს მთელი მსოფლიო; ეს იმას ნიშნავს, რომ იქაური განათლების დონე ძალიან მაღალია; ეს იმას ნიშნავს, რომ ფინეთი ერთ-ერთი მოწინავეა ზუსტი მეცნიერებების სხვადასხვა დარგში, ხოლო ერი ერთ-ერთი ყველაზე ნაკითხია მსოფლიოში.

ყველა მთავრობა წასვლის შემდეგ აღიარებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა განათლების მთავარ პრიორიტეტად გამოუცხადებლობა იყო, თუმცა ყოველი მომდევნო მთავრობა ამ კუთხით იმავეს იმეორებს - ვემსგავსებით მოჯადოებულ წრეში მბრუნავ საზოგადოებას - მოჯადოებულ წრეში მბრუნავი განათლებით.

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში პედაგოგის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პროფესიაა, ყველაზე დაუფასებელი და დაბალანაზღაურებადი, მაშინ, როდესაც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში პედაგოგის პროფესია  პირველ ადგილზე დგას. ქართველი პედაგოგთა ანაზღაურება ჩამოუვარდება არა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების, არამედ, მისი ყველა მეზობელი პედაგოგის ხელფასს, მას უსწრებს რუსეთი (1700$) და თურქეთი (1300$), სომხეთი (500$) და აზერბაიჯანი (600$). სკოლაში მუშაობა არაპრესტიჟულია, დაბალია ანაზღაურება და კიდევ უფრო დაბალია სოციალური სტატუსი. ყოველივე აქედან გამომდინარე, ალბათ აღარც უნდა გვიკვირდეს პედაგოგთა არაკვალიფიციურობა; სერთიფიცირება პედაგოგების მხოლოდ 30% გაიარა (65 ათასიდან დაახლოებით 20 ათასმა), ეს იმ პირობებში, როდესაც ჩასაბარებელი მასალა და სტანდარტი რბილად რომ ვთქვათ, ისედაც საშუალოზე მარტივი იყო. თუ გადახედავთ მოსწავლეთა დონის მისაღწევ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნობრივ სტანდარტებს, გაოცდებით... არა მოსწავლე, არამედ ქართველ პედაგოგთა 70-75 პროცენტიც კი ვერ დაძლევს იმ დონეს, რაზეც საუბარია აღნიშნულ სტანდარტში.

სასკოლო განათლებისა და სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა მისადმი უნდობლობაა... სასკოლო განათლებას დღეს მოსწავლეების და მშობლების უმრავლესობა არ ენდობა, ყოვლად გაუმართავია მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, მას ეკრძალება მოამზადოს მოსწავლე და აიღოს თავის შრომაში გასამრჯელო, თუმცა, იგივე მასწავლებელს შეუძლია აიღოს კერძო სკოლაში თანხა, რომელიც მისი მოსწავლის მშობელმა გადაიხადა!

და მაინც... მიუხედავად ამ რეგულაციისა,  მყარად აქვს ფეხი მოკიდებული რეპეტიტორობის ინსტიტუტს - არცაა გასაკვირი, დაახლოებით ორი მოსწავლისგან პედაგოგი თვეში იმდენივეს იღებს, რამდენსაც სკოლაში დატვირთული გრაფიკით მუშაობის დროს...

არ არსებობს ზოგადისაგანმანათლებლო სისტემის განვითარების გეგმის გენერალური ხაზი, ანუ, არ არსებობს სისტემური ხედვა: მინისტრთა ცვლასთან ერთად რადიკალურად იცვლება მიდგომები, ყოველი შემდეგი საუბრობს წინა მინისტრის მიერ განხორციელებული აქტივობების აბსურდულობაზე.

ამის თვალსაჩინო მაგალითია ახლანდელი სამინისტრო და მისი წინამორბედი მინისტრები.

წინამორბედმა მინისტრმა მასწავლებლებს მოსთხოვა სერთიფიცირების გავლა, რომელიც მთლიანად უარყოფს პრაქტიკული უნარების შემოწმებას, დღევანდელმა კი შემოგვთავაზა "პედაგოგთა განვითარების სქემა", რომელიც სრულიად უარყოფს თეორიული უნარების შემოწმებას. სახეზეა შეფასების ცენტრისა და განათლების სამინისტროს ღია დაპირისპირება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული დეცენტრალიზაცია სკოლებთან დაკავშრებით. თუმცა, ეს ფაქტობრივი ცენტრალიზაციაა, რაც არ აძლევს სკოლას ბაზარზე დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას, არ ხდება ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია, სკოლა ვერ იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დამოუკდებლად და ასე შემდეგ... ზოგადი განათლების კანონში, არსად მკაფიოდ და ერთმნიშნელოვნად არ არის დაფიქსირებული სკოლის ავტონომიის შესახებ - სკოლას არა აქვს ფაქტობრივი უფლება შექმნას საკუთარი წესდება, დასვას საკუთარი პრიორიტეტები!..

ლოგიკურად ისმება კითხვა: რა უნდა უნდა იყოს სკოლის მიზანი?! რა გვირჩევნია ლენინისეული "სწავლა, სწავლა და სწავლა", სკოლა, რომელიც "საბჭოთა ადამიანს" (ადამიანი ანალიზის უნარის გარეშე, რომელიც ურევიზიოდ იღებს ყველაფერს) აღზრდის, თუ სკოლა, რომელიც აღზრდის თავისუფალ მოქალაქეს, ღირსეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ანალიზის, ფიქრის, გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარები?!
 
ჩვენი სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი დეკლარირებულად მეორეს ირჩევს. თუმცა, მის პრაქტიკაში განსახორციელებლად საჭიროა, რომ სახელმწიფომ აღიაროს განათლება სტრატეგიულად პრიორიტეტულ დარგად, რისთვისაც აუცილებელია სათანადო დაფინანსება, პედაგოგის სტატუსის ამაღლება, ამ პროფესიის პოპულარიზაცია, სკოლის მენეჯმენტის თავისუფლება, მოტივაციათა ამოქმედება. ამასთან, სკოლასა და უნივერსიტეტს შორის კავშირების დამყარება, რადგან, ისინი ერთმანეთთან ფუნცქციონალურ მიმართებაში არიან, ერთის ცვლილება დაკავშირებულია მეორესთან: უნივერსიტეტმა უნდა მოამზადოს კვალიფიციური პედაგოგი, ამ პედაგოგმა აღზარდოს მოქალაქე, რომელიც თავისი გადაწყვეტილებით (სკოლა არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ ისეთი მოსწავლის აღზრდაზე, რომელიც უმაღლესში ჩააბარებს) იქნება მზად გახდეს სტუდენტი.

არადა, დღეს პრობლემებია, როგორც უნივერსიტეტში, ასევე სკოლაში; ვერც პირველი ამზადებს კვალიფიციურ პედაგოგს სკოლისთვის და ვერც მეორე ზრდის მოაზროვნე, თავისუფალ მოქალაქეს, მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ აი უკვე რამდენი წელია და თან თავს ვიბრმავებთ, თითქოს განათლების პრობლემა არც არსებობს!

და ბოლოს: ისე როგორც დღევანდელი, ასევე რომელიმე წინა მთავრობების დროსაც უარყოფილი იყო და დღესაც უარყოფილია განათლების როლი და მნიშვნელობა საზოგადოების განვითარებაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დღევანდელი პოლიტიკა კი პრინციპულად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ეროვნულ მიზნებს!

თამუნა მეჭურჭლიშვილი,
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: