როგორ იქცა სომხური ელიტა რუსეთის მარიონეტად!

როგორ იქცა სომხური ელიტა რუსეთის მარიონეტად!

სტატიაში განხილულია ნატოსა და რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიაში, მათი ზემოქმედება და შედეგები, განსაკუთრებით აქცენტი გადატანილია სომხეთის პრორუსული ორიენტაციის ნეგატიურ შედეგებზე (ავტორი - იგორ მურადიანი).


გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:


 „ნატოს წინაშე რთული პრობლემები დგას და რადგანაც ჩრდილოატლანტიკური  ალიანსის შიგნით ერთმანეთისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როგორ მოაგვარებს ეს სამხედრო ბლოკი თავის წინაშე მდგარ პრობლემებს. ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე რეგიონული პოლიტიკის რეალიზებაში ის ჯერ მზად არ არის. ასე მაგალითად, ლიბიაში ევროპა ვაშინგტონის დახმარების გარეშე უძლური აღმოჩნდა...


ნატო ასევე მზად არაა სამხრეთ კავკასიაში რომელიმე სავარაუდო დესტრუქციული მოვლენის მიმართ სამხედრო ჩარევა განახორციელოს. რუსეთი აგრძელებს გადამწყვეტი როლის შესრულებას სამხრეთ კავკასიისა და სხვა რეგიონების უსაფრთხოების სისტემებში, მოსკოვზეა დამოკიდებული სხვა დიდი ქვეყნების სამომავლო პოლიტიკაც. საფრანგეთი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ნატოს გაფართოების პერსპექტივას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე და არც იმითაა დაინტერესებული, რომ ალიანსმა პასუხისმგებლობა აიღოს სამხრეთ კავკასიის სიტუაციაზე. საფრანგეთი რუსეთს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად განიხილავს და ამიტომაც კრემლის გაღიზიანება არ სურს. პარიზი თანახმაა სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობა ჰქონდეს, ვთქვათ, იარაღის მიწოდების საკითხში, მაგრამ კვლავ რუსეთისკენ იხედება... თუ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოლიტიკას კონკურენციას გაუწევს, არ არის იმის იმედი, რომ რუსეთის სავარაუდო წასვლით პარიზი აქ მთავარი გავლენიანი სახელმწიფო გახდება. პირიქით, უნდა ველოდოთ, რომ სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გასვლით აქ ამერიკის შეერთებული შტატები გაბატონდება, რადგან თვითონ პარიზიც ვაშინგტონზეა დამოკიდებული.


გერმანია, რომელიც ადრე საქართველოს მიმართ თავისი პოზიციების განმტკიცებას ცდილობდა და თბილისს ანტირუსული ნაბიჯების გადადგმაში სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებდა, დარწმუნდა, რომ საბოლოო ჯამში ვაშინგტონის როლი უფრო გაიზარდა. [აშშ-ის იმედით თბილისმა კურსი ნატოსკენ აიღო, შემდეგ კი რუსეთმა პრევენციული დარტყმა განახორციელა - იგულისხმება 2008 წლის ომი]. როცა სომხეთმაც ნატოსთან ურთიერთობის გააქტიურება დაიწყო, რუსეთმა ერევანს უფრო სხვა პოლიტიკა დაუპირისპირა, ვიდრე ეს საქართველოს მიმართ განახორციელა - სომხეთი აიძულა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებულიყო.


ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება ყველანირად ისარგებლოს სომხეთით: ჯერ ერთი, რომ  კიდევ უფრო გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას სომხეთში, პარალელურად კი ეკონომიკისა და კულტურის სფეროებშიც. მაგალითად, ბოლო დროს მოსკოვმა გააქტიურა რუსული ენის პოზიციების დაცვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში... სრულიად გასაგები გახდა, რომ რუსეთი სომხეთს, ფაქტიურად, ხურდა ფულად იყენებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობებში. მოსკოვი სომხეთს არ მიიჩნევს ისეთ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელსაც შეიძლება თავისი საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს,  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კი თავის აგენტად თვლის. კრემლს მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება სულ ფეხებზე ჰკიდია.


სამწუხაროდ, ამჟამინდელ და მომავალ სომხურ ელიტას არ შეუძლია რუსეთის მიერ გამოვლენილი ასეთი დამოკიდებულების ნეგატიური, ინტელექტუალურად დამაზიანებელი ზემოქმედების გაცნობიერება და ამიტომაც ისინი რუსების ხელში მარიონეტებად იქცნენ“.

«Lragir» (სომხეთი), 06 იანვარი, 2014 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/40066

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: