როგორ დავამარცხოთ ნეპოტიზმი და კორუფცია?!
„ივერიონში“ დაიბეჭდა ლაშა ამირეჯიბის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი. ამირეჯიბი მეგობრულად ურჩევს ახალგაზრდა პრემიერს - შექმნას ფინანსური მონიტორინგის კომისია, რომელიც გამჭვირვალეს გახდის ყბადაღებული ტენდერების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და იმ ეჭვებსაც გააქარწყლებს, რაც ღარიბაშვილს, უფრო ზუსტად, ე.წ. „კახურ ვერტიკალს“ უკავშირდება.
მიმართვის ავტორი, ასევე მიესალება ამ ცოტა ხნის წინათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ საგარეო კომისიას, რომელიც მისი აზრით, უფრო მოქნილს და მიზანსწრაფულს გახდის ქართულ დიპლომატიას.
თუ გავითვალისწინებთ ტენდერებთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას, რომელსაც რეალური საფუძველი გააჩნია, ამირეჯიბის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა ურიგო არ არის, თუმცა, უფრო ეფექტური იქნებოდა კომისიის ნაცვლად პრემიერთან შექმნილიყო ფინანსური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც არსებითად გააკონტროლებდა სახელმწიფო ტენდერების ჩატარების პრაქტიკას და საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანად ხარჯვასაც გაუწევდა მონიტორინგს.
შეიძლება მავანი შემომედაოს: სახელმწიფო ბიუჯეტს ჰყავს თავისი მაკონტროლებელი ორგანო სახელმწიფო აუდიტის (ყოფილი კონტროლის პალატის) სახით, მაგრამ, ფაქტია, რომ იგი ამ ბოლო წლებში მიზეზთა და მიზეზთა გამო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას.
მეორეც, სახელმწიფო ტენდერების თემა იმდენად მაცდუნებელი და იმდენად სკანდალურია, რომ უპრიანი იქნებოდა მთავრობას საკუთარი მაკონტროლებელი ბერკეტი ჰქონოდა, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა ტენდერებთან დაკავშირებულ პერიპეტიებს და იმ ე.წ. „შავ ხვრელებსაც“ ამოავსებდა, რომელიც კორუფციული სქემის არსებობისაც იქნება ხოლმე!
რაც შეეხება პრემიერის ინიციატივით შექმნილ საგარეო კომისიას, ბატონ ლაშა ამირეჯიბისგან განსხვავებით, მე პირადად დიდ აღფრთოვანებას არ გამოვხატავ, რადგან, ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო (ამხელა მონსტრი) ვერ ართმევს თავს დაკირებულ მისიას და პრემიერი აღნიშნული კომისიით ცდილობს საგარეო პრიორიტეტების ჩამოყალიბებას.
მართალია, ქართული დიპლომატიური კორპუსი პროფესიონალიზმით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული დიპლომატიური სკოლა არ არსებობს - უბრალოდ, როგორც სხვა დანარჩენ უწყებებში, აქაც კადრებს ნეპოტიზმის ნიშნით არჩევენ და პროფესიონალი კადრები თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან!..
არა - უაზრო ატესტაცია-კონკურსებს!
ვფიქრობ, ტენდერებზე არანაკლებ მწვავე პრობლემაა საჯარო მოხელეთა შერჩევის პრაქტიკა, რომელმაც აშკარად ნეგატიური ხასიათი შეიძინა. ამას მოწმობს თუნდაც ამ ბოლო ხანებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული ატესტაცია-კონკურსებიც.
რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ კონკურსები ელექტრონული სისტემით ტარდება და ამ შემთხვევაში ნეპოტიზმი გამორიცხულიაო, ფაქტია, რომ პროფესიონალები ისევ ქუჩაში რჩებიან და მათ ადგილს ძველი, „გამოცდილი“ კადრები, ან „თანამედროვედ“ მოაზროვნე ადამიანები იკავებენ!
საქმე იმაშია, რომ საჯარო მოხელეთა შერჩევის კრიტერიუმები კრიტიკას ვერ უძლებს სახელდახელოდ შედგენილ უნარ-ჩვევებს რომ თავი დავანებოთ (რომელიც შორს დგას ქართული მენტალობისგან), იმდენად მძიმე და არაფრისმთქმელი საკითხებითაა ბილეთები გაძეძგილი, პროფესიონალი (სათანადო კვალიფიკაციის) ადგილი არსად არ რჩება. პოტენციური საჯარო მოხელეების შერჩევა არ ხდება იმისდა მიხედვით, თუ რა პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ მათ თავიანთ „სამოქმედო უბანზე“ (კონკრეტულ თანამდებობებზე). რაც შეეხებათ გაუგებარი უნარ-ჩვევებისა და ასევე რეალურ მოთხოვნებთან შორს მდგარი ე.წ. ტესტების „ჩამბულბულებლებს“, ისინი, როგორი საჯარო მოხელეებიც არიან, თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ ურთიერთობაში ვაწყდებით.
ლოგიკურად ისმება კითხვა: ვის სჭირდება ასეთი ტესტირებაგავლილი საჯარო მოხელეები და რამდენად ეფექტურია სამსახურებში მათი საქმიანობა?
ერთი რამ ფაქტია: საჯარო მოხელეთა შერჩევის პრაქტიკა არანაირად არ უწყობს ხელს სახელმწიფო დაწესებულებათა დაკომპლექტებას კვალიფიციური კადრებით, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნია!
მრავალწლიანმა პრაქტიკამ ცხადყო, რომ ატესტაცია-კონკურსების აპრობირებულმა მეთოდმა არ გაამართლა, რაც ობიექტურად გვაყენებს ახალი აუცილელობის წინაშე - დროა (თუ დაგვიანებული არა!) საჯარო მოხელეთა შერჩევა მოხდეს არა უაზრო ატესტაცია-კონკურსებით, არამედ კომპეტენტურ კომისიასთან გასაუბრებით, სადაც უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტის გამოცდილებას და მის საქმიან თვისებებს. საკონკურსო წესით შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული კონკურენტის ზოგადი ინტელექტუალური დონეც. ამასთან, მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, თუ შემოვიღებთ ამა თუ იმ პოზიციაზე საგამოცდო ვადით დანიშვნის პრაქტიკასაც.
შეიძლება ვინმემ მისაყვედუროს, რომ ასეთი „გამარტივებული“ წესით საჯარო მოხელეთა შერჩევა ხელს შეუწყობს ნეპოტიზმისა და კორუფციის ელემენტების არსებობას. ამისგან არასდროს არა ვართ დაზღვეული, მაგრამ, როგორც იტყვიან, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!
მეორეც, ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემის დარეგულირების მიზნით სასურველია შეიქმნას „საჯარო მოხელეთა შერჩევისა და მონიტორინგის სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშვალდებული იქნება მთავრობის მეთაურის _ პრემიერ-მინისტრის წინაშე (სააგენტო უნდა იყოს მოქნილი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება). აღნიშნული სააგენტო გააკონტროლებს არა მარტო საჯარო მოხელეთა შერჩევის პრაქტიკას, არამედ, მონიტორინგსაც გაუწევს მათ საქმიანობასაც! ამასთან, სათანადო რეაგირებას მოახდენს საჯარო სამსახურებში გამოვლენილ საკადრო გადაცდომებზეც. სააგენტო მონიტორინგს დააწესებს ყბადაღებული პრემია-დანამატების უკონტროლო და უმოტივაციო ხარჯვაზეც!
ერთი სიტყვით, პოლიტიკური ნების შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია შექმნას საჯარო სამსახურების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების მოქნილი მექანიზმი და ამით უარი თქვას ნეპოტიზმისა და კორუფციის მავნე პრაქტიკაზეც...
ანკესი ნასროლია, ვნახოთ, ამოყვება თუ არა ღლავი!
ზაურ ნაჭყებია