რატომ არის საქართველოში დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები ყველაზე მაღალი?
ჩვენი მიზანი უნდა იყოს დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების დაწევა, მაგრამ თუ ეს არ იქნება საბაზრო მოთხოვნა, შეიძლება ამ პროცესს დეპოზიტების შემცირება მოჰყვეს. მაგრამ, როცა ვამბობთ "უნდა დაიწიოს", ეს ნიშნავს, რომ ვიღაცის ნება უნდა შესრულდეს. საბაზრო ეკონომიკისთვის კი, სიტყვა "უნდა" მიუღებელია.
ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ბანკ "ქართუს" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი საუბრობს.
ბოლო დროს აქტუალური გახდა საკრედიტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობის საკითხი. ამაზე დაწყებული მსჯელობა ბუნებრივად მივიდა სადეპოზიტო განაკვეთების შემცირების საკითხამდეც. როგორც ცნობილია, მაღალი განაკვეთის გამო, დანაზოგის მქონე პირთა საგრძნობი ნაწილი თანხის დეპოზიტზე განთავსებასა და შემოსავლის რისკის გარეშე მიღებას არჩევს.
ჯავახიშვილის თქმით, თუ ეს ბუნებრივი პროცესი იქნა, შედეგიც დადებითი იქნება, მაგრამ თუ ვიღაცის სურვილით, ძალდატანებით განხორციელდა, დეპოზიტების გადინება და აქედან გამომდინარე, განაკვეთების ზრდა სავსებით მოსალოდნელია.
საბანკო ექსპერტის მერაბ კაკულია კი "კვირის პალიტრასთან" განმარტავს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. "რით არის ეს გამოწვეული? დეპოზიტებზე განაკვეთების დონე რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოთხოვნა საკრედიტო რესურსებზე. საქართველოში ის სტაბილურად მაღალია, რაც ბანკებს საშუალებას აძლევს, მაღალი საპროცენტო განაკვეთები შეინარჩუნონ როგორც სესხებზე, ისე დეპოზიტებზე", _ განმარტავს ექსპერტი.
მისივე თქით, ახლო მომავალში განაკვეთების რაიმე მნიშვნელოვანი დაწევა ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ნაკლებად სავარაუდოა. "რაც შეეხება უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებს, მათზე განაკვეთების შემცირება იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოუწვდებათ ხელი ქართულ ბანკებს შედარებით იაფ და გრძელვადიან უცხოურ საკრედიტო რესურსებზე", _ ამბობს კაკულია.
საქართველოში მოქმედ ბანკებში გრძელვადიან ანაბრებზე წლიური სარგებელი 10 პროცენტს აჭარბებს, ზოგიერთი ადრე დადებული ხელშეკრულებით 15-17 პროცენტსაც კი აღწევს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.