რევაზ არველაძე: გაზზე და ელექტროენერგიაზე ტარიფების შეცვლა შესაძლებელია

რევაზ არველაძე: გაზზე და ელექტროენერგიაზე ტარიფების შეცვლა შესაძლებელია

საზოგადოება ახალი ხელისუფლებისგან ბევრ სიახლეს ელის, თუმცა თუ პრიორიტეტებზე მიდგება საქმე, ალბათ მოსახლეობა დენსა და გაზზე ტარიფის შემცირებას ისურვებდა. ამაზე ენერგეტიკის ახალმა მინისტრმა კახი კალაძემ უკვე ისაუბრა და მას მოგვიანებით დანაპირების შესრულება არაერთხელ შეახსენეს.


ყოფილი ხელისუფლება კი ნეგატიურ პერსპექტივაზე საუბრობს და ამ ინიცატივის განხორციელებას უამრავ თანამდევ რისკფაქტორს უკავშირებს. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებს, რომ ტარიფების დაწევა შეუძლებელია და ამან შეიძლება ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვიოს. ამასთან, ექს-მინისტრი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია ინვესტიციების შემცირებაც და ტარიფზე დაბალი ფასის პირობებში ახალი რესურსების ათვისებაც შეუძლებელი გახდება.


"ივერიონი" დაინტერესდა, რამდენად არის შესაძლებელი ტარიფის დაწევა და შეეფერება თუ არა სინამდვილეს ის პროგნოზები, რაზეც ყოფილი მინისტრი საუბრობს. განმარტებისთვის ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს ვესაუბრეთ.


ექსპერტის განმარტებით, მცდარია ზოგიერთის მოსაზრება და მტკიცება იმაზე, რომ შესაძლებელია დენზე ტარიფი სულაც 5 თეთრი იყოს. "სრულიად გაუაზრებელი და პოპულისტურია ასეთი განცხადება, რადგან თუ ტარიფი ასე დაიწევს, მაშინ ეს ცხადია, მართლაც გამოიწვევს კრიზისს. ამის მაგალითად ჯერ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი გამოდგება, როდესაც დენის ტარიფი, ფაქტობრივად, 0 იყო და მერე შევარდნაძის პერიოდში, როდესაც იყო თუა არ ტარიფი, ვერ გაიგებდით", _ აცხადებს ექსპერტი და ტარიფის კლების სხვა, გაცილებით რეალურ შესაძლებლობებზე საუბრობს.


თუმცა, ტარიფის დაწევა და მისი რეალური ფასის განსაზღვრა ექსპერტს სრულიად ბუნებრივ და მიღწევად შესაძლებლობად მიაჩნია. "ელექტროენერგიაში ყოველთვის არის რეზერვი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ხელისუფლებას, დაწიოს ფასი. ჩემი აზრით, ელექტროენერგიის ტარიფები შესაძლებელია,  2-3 თეთრით ნაკლები იყოს არსებულზე. რაც შეეხება გაზს, მისი 6-დან 10 თეთრამდე დაწევა სრულიად შესაძლებელია. ასე თუ მოხდა, ეს არავითარ კრიზისს არ გამოიწვევს და არც ინვესტორები დაფრთხებიან", _ აცხადებს ექსპერტი.


არველაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა და მისი ეკონომინიკა ვერ განვითარდება, თუ ჯერ ენერგეტიკა არ იქნება ძლიერი და განვითარებული. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდება, მერე ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფიც შესაძლებელია, რადგან მოსახლეობას მაღალი შემოსავლის პირობებში მსყიდველუნარიანობა გააჩნია. მხოლოდ ეკონომიკის ზრდის შემდეგ შეიძლება ენერგომატარებლებზე (ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიაზე) ტარიფის გაზრდა და მისი ევროპულ ფასთან მიახლოება თუ გატოლება. ოღონდ, ეს ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ უნდა მოხდეს და არა პირიქით, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა განვითარების დაბალ საფეხურზეა და ამ დროს ენერგომატარებლებზე ტარიფი თითქმის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნის ტარიფებს უტოლდება.


რაც შეეხება სახელმწიფოს როლსა და უფლებას, შეამციროს ტარიფი ან გაზარდოს იგი. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ტარიფს მარეგულირებელი კომისია განსაზღვრავს, თუმცა, როგორ განსაზღვრავს და რამდენად რეალურია მის მიერ დადგენილი ფასი, ეს სხვა საკითხია.


ექსპერტის თქმით, საქართველოში სემეკი არა რეალურ, არამედ უმეტესად, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა. "ამასთან, სახელმწიფოსა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანია "ინტერ რაოსთან" გაფორმებული ხელშეკრულებით, ქართულ მხარეს 2015 წლამდე ტარიფის შემცირება არ შეეძლება. იქვე ჩადებული იყო "ინტერ რაოს" ვალდებულებებიც, რომელთა უმეტესობაც არ შესრულებულა. ანუ, გამოდის, რომ ქართული მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ცალმხრივად ასრულებს. ვინაიდან მეორე მხარემ გარკვეული პირობები არ შეასრულა, ქართულ მხარეს ჰქონდა უფლება გადაეხედა ტარიფებისთვის, რაც მოგეხსენებათ, რომ არ მომხდარა.


რაც შეეხება გაზსა და მასზე დაწესებულ ტარიფს. აქაც თავის დროზე გაფორმდა ხელშეკრულება შევარდნაძესა და ალიევს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენთან დაკავშირებით, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი საქართველოს უფასოდ უნდა მიეღო, ნაწილი კი შეღავათიან ფასში. აქვე სომხეთის გაზის ტრანზიტიდანაც მნიშვნლოვან შეღავათს იღებს საქართველო. საბოლოოდ, მოწოდებულ გაზში არის დიდი რეზერვი და აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია, ტარიფი 10 თეთრამდე შემცირდეს, ისე რომ, კრიზისი არ შეიქმნას!


ქვეყანაში ეკონომიკა ვერ განვითაარდება, თუ ელექტროენერგიის სისტემა არ დახვდა განვითარებული. ეს არის კანონი და მთელ მსოფლიოში ეკონომიკა და ქვეყანა ყველგან ასე ვითარდება. იმედია, ახალ ხელისუფლებას უნდა, რომ ქვეყანა სწრაფი ტემპით განვითარდეს და შესაბამისად, ამის ხელშემწყობი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს.


და მთავარი, ამ ქვეყანაში Eერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს გაუაზრებელი, ე.წ. საფეხურებიანი ტარიფების სისტემა", - აცხადებს რევაზ არველაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: