რა ბზიკმა უკბინა ირაკლი პეტრიაშვილს?!
პროფკავშირი თავისი ფორმითა და შინაარსით მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაა. ეს სტრუქტურა მთელ მსოფლიოში არსებობს და თავის უფლებებს ეფექტურად იყენებს დასაქმებულთა უფლებების დასაცავად. ბევრ ქვეყანაში საკმაოდ დიდია პროფკავშირების როლი და გავლენა და ისინი ხელისუფლებას ღირსეულ ოპონირებასაც უწევენ ხოლმე.
საქართველოს მემკვიდრეობით საბჭოური პროფკავშირების ნარჩენები ერგო, იმ პროფკავშირისა, რომელიც პარტიულ დანამატად ითვლებოდა და უფრო ხშირად საგზურებისა და სხვა ამქვეყნიური სიკეთის გამანაწილებლის ფუნქციას უფრო ასრულებდა, ვიდრე მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, ანუ მშრომელთა უფლებების დაცვას.
მიუხედავად მათი სტატუსის დისკრიმინაციისა, პროფკავშირული ბოსები საკმაოდ ხეირიანად იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ მატერიალურ თუ სხვა სახის რესურსებს. საბჭოთა პროფკავშირებს უზარმაზარი ქონება გააჩნდათ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პროფკავშირების სტატუსი კიდევ უფრო დაკნინდა _ მან ვერ გაუძლო დროის გამოწვევას და მე-13 გოჭის ადგილს დასჯერდა. თუმცა, პროფკავშირების ბედი მარტო მათი უუნარობის დემომნსტრირებით არ დამთავრებულა _ მათ გავლენებთან ერთად, თანდათან საკმაოდ სოლიდური ქონებაც დაკარგეს და "ტორტის პატარა ნაჭრით" დაკმაყოფილდნენ. პროფკავშირების შევიწროვება ჯერ შევარდნაძის ეპოქაში დაიწყო და "ნაციონალებმა" საერთოდ მოუღეს ბოლო _ მათ თითქმის დაკარგეს პროფკავშირების ბალანსზე რიცხული ქონება, რომელსაც შემდეგ მათი შარტავას ქუჩაზე მდებარე გრანდიოზული ოფისიც მიაყოლეს.
"ნაციონალებს" სიტყვის შებრუნებას ვინ გაუბედავდა, ირაკლი პეტრიაშვილს რომ გაებედა და აქედან გამომდინარე, "ძლევამოსილი" ქართული პროფკავშირი იყო წყნარად და "ჭკვიანად", მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ითელებოდა მშრომელთა (დასაქმებულთა) უფლებები კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებში, პროფკავშირები ყურებსაც არ იბერტყავდნენ. მართალია, ხანდახან თავს შეგვახსენებდნენ ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაქრებოდა მათი კაშკაშა ვარსკვლავი. პროფკავშირებს თითი თითზე არ დაუკარებიათ მაშინაც კი, როცა სააკაშვილის ხელისუფლებამ დისკრიმინაციული შრომის კოდექსი მიიღო, სადაც საერთოდ იგნორირებულია "დასაქმებულის" უფლებები. ასევე პროფკავშირებს თითი თითზე არ დაუკარებიათ, როცა ახსნა-განმარტების გარეშე პანტა-პუნტით ყრიდნენ საჯარო სამსახურებიდან გამოცდილ და მაღალპროფესიონალ კადრებს!
ეტყობა, ახალმა სიომ პროფკაშირებსაც შეუღიტინა და ახლა უკვე ღიად დაიწყო მშრომელთა (დასაქმებულთა) უფლებების დაცვაზე საუბარი _ ლამის მთელი საქართველო მოიცვა საპროტესტო ტალღამ. სადაც შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ხელფასების გაზრდაზე და მათთვის არასასურველი ჩინოვნიკების გაშვებაზეა საუბარი.
როგორც იტყვიან, ჯინმა ბოთლიდან ამოხეთქა და წლების მანძილზე დაგროვილი ენერგია ერთბაშად მიიმართა ახალი მთავრობის წინააღმდეგ. სხვათაშორის, მოთხოვნებს ულტიმატუმებიც ახლავს და რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, წვეთ-წვეთად დაგროვილი ვეებერთელა პრობლემების გადაწყვეტას ერთ დღეში ითხოვენ. როგორც ამბობენ, ხშირ შემთხვევაში ამ გამოსვლებს საბოტაჟის სუნი უდის, ამბობენ იმასაც, რომ პროფკავშირების აქტიურობაც არ უნდა იყოს შემთხვევითი.
დასაქმებულებს შესაფერისი სამუშაო პირობები რომ უნდა ჰქონდეს, ეს არ არის საკამათო, არც ის არის საკამათო, რომ ხელფასებიც უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ, როგორ შეიძლება ახალ მთავრობას, რომელსაც მართვის ბერკეტები ბოლომდე არც აუღია ხელში, ერთ დღეში ყველაფრის გამოსწორება მოსთხოვო. არადა, ეს მაშინ, როცა ქვეყანას ჯერ კიდევ ორხელისუფლებიანობის პირობებში უხდება ცხოვრება.
აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს საიდანღაც იმართება. ამით მავანს და მავანს (კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, გაფიცვებისა და სხვა უწესრიგობების ინსპირატორად, "ნაციონალურ" ხელისუფლებას ასახელებენ) სურს დაანახოს საზოგადოებას, რომ ახალი მთავრობა სუსტია და იგი ქვეყანაში სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტას ვერ მოახერხებს.
"ნაციონალების" მზაკვრული გეგმა გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რა ბზიკმა უკბინა ირაკლი პეტრიაშვილს?! ნუთუ ახლა გაახსენდა, რომ საქართველოში დასაქმებულთა უფლებები სისტემატურად ირღვევა და შრომის კანონმდებლობაც მოსაწესრიგებელია.
ვფიქრობ, დღეს მისი როგორც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერის უმთავრესი ამოცანა ნორმალური, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული შრომის კოდექსის შექმნისთვის მხარდაჭერა და პროფკავშირის, როგორც ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტის გაძლიერება უნდა იყოს. ხანძარს ჩაქრობა სჭირდება და არა გაღვივება, თუ რეა თქმა უნდა კეთილი ზრახვები გამოძრავებს.