თემურ ჩალაბაშვილი: ჩვენ ბრმად კი არ უნდა ვემორჩილებოდეთ ხელისუფალთ, არამედ თავად უნდა მოგვისმინონ და ანგარიშიც გაგვიწიონ!

თემურ ჩალაბაშვილი: ჩვენ ბრმად კი არ უნდა ვემორჩილებოდეთ ხელისუფალთ, არამედ თავად უნდა მოგვისმინონ და ანგარიშიც გაგვიწიონ!

„ივერიონს“ ესაუბრება პოეტი თემურ ჩალაბაშვილი

 
-   ბატონო თემურ, სად დგას ქართული მწერლობა დღეს, როცა საქართველო ახალი დილემის წინაშე დადგა, სად არის ქართული ინტელიგენცია, რომელსაც ამ ბოლო დროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ?


- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. ქართული მწერლობა რომ ერთად იდგეს, რაღა გვიჭირს! ამიტომ, ის უნდა ვიკითხოთ, სად დგას ქართველი მწერალი? 


ყველას თავისი მისია დააკისრა მამაზეციერმა! ყველა თავის გასაკეთებელს აკეთებს და თუ ვერ აკეთებს, უნდა აკეთებდეს!
მწერლობას საერთო მიმართულება უნდა ჰქონდეს - ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რაც მწერლობაში ფეხი შევდგი, მას შემდეგ შეძლებისდაგვარად ვემსახურები სამშობლოს. რასაც უნდა გაიძახოდეს ადამიანი, მე ვარ და ჩემი ნაბადიო , მაინც, საბოლოო ჯამში, იმ ნამოღვაწარით ფასდება, რასაცდატოვებს.


არ მიმაჩნია გამართლებულად, როცა ადამიანს თავი დიდი მწერალი ჰგონია და თვლის, რომ სამშობლოს ტკივილთან არაფერი ესაქმება და მხოლოდ უნდა წეროს.


საქართველოსთანა პატარა ქვეყანაში მწერალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ, იგი არა ყველა ახლადმოსულ ხელისუფლებას უნდა ემსახუროს, არამედ- ერს; ზოგიერთი მხოლოდ სახელსა და აღიარებას დაეძებს და იმ  ნავში ჯდება, რომელიც ჩასაძირად არის განწირული, სამშობლო კი მიღმა რჩება!


- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების სურვილი სურვილად რჩება; ხელისუფლებას არ ჰყავს ოპონენტი, სამოქალაქო საზოგადოების სახით , რომელიც მის საქმიანობას გააკონტროლებდა და უხეში ანტისახელმწიფოებრივი შეცდომების დაშვების უფლებას არ მისცემდა. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, საყვედური ეკუთვნის ქართველ მწერლობასაც, რომელიც არის და არც არის.


- როდესაც ვინმესგან დავალებული ხარ, ვეღარც ეწინააღმდეგები! ადრე დავწერე, ეჭვიანი კაცი არ ვარ, მაგრამ ამ მთავრობამაც ამითვალწუნა, რადგან ვთქვი, მოხსენით შეღავათები და ნახავთ,  ვინ დაგიდგებათ გვერდით-მეთქი. ხელისუფლება ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილს იმადლიერებს და სწორედ ისინი ქმნიან ფონს, თორემ, ჩემისთანა კაცს ვინ რას ეკითხება?!


ჩვენ დღესაც გათითოკაცებულები ვართ და, რაც ერს სჭირს, ის სჭირს მწერლობასაც. დიახ, ეს სენი ერთნაირად მოედო ერსაც, ბერსაც და მწერლობასაც. საყვედური ეთქმის ყველა იმ ქართველს, ვინც საერთო საქმიათვის ვერ ივარგა!


როცა წყალი იმღვრევა, ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ძალა იჩენს თავს, რომლებიც  ცალ-ცალკე მოქმედებენ. ალბათ ისე დავტოვებ წუთისოფელს, რომ ჩემი ნატვრა-ქართველი ერი ერთად მდგარი ვნახო, - ნატვრად დარჩება. თუმცა ეს ოდითგანვე აუხდენელი ნატვრაა...


- რა პოლიტიკური ტენდენციები იკვეთება ქვეყანაში და შესაძლებელია თუ არა რადიკალურად შეიცვალოს პოლიტიკური კონფიგურაცია?


- ოპოზიცია  სახელგატეხილი არ უნდა იყოს. როდესაც ვინმე გებრძვის, სულ მცირე, შენზე სუფთა და მართალი მაინც უნდა იყოს. მთელმა საზოგადოებამ, თითოეულმა მოქალაქემ, ხმა უნდა ავიმაღლოთ, გონს მოვეგოთ და თვალი არ უნდა დავხუჭოთ არცერთ არასწორად გადადგმულ ნაბიჯზე. ჩვენ კი არ უნდა ვუსმენდეთ ხელისუფალთ და ბრმად ვემორჩილებოდეთ, არამედ თავად უნდა მოგვისმინონ და ანგარიში უნდა გაგვიწიონ. არანაირი ცვლილება პილიტიკაში სასიკეთო შედეგს არ მოიტანს, თუ საზოგადოება არ დადგა ქვეყნის სადარაჯოზე.


- გვერდს ვერ ავუვლი დღეისთვის ყველაზე მტკივნეულ თემას - ვაზაგაშვილების ტრაგედიას...


- ეს მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა! იმაზე საშინელი რაღა უნდა იყოს, მამას რომ შვილის საფლავზე ააფეთქებენ?! ჯერ იყო და, შვილის საქმით სპეკულირებდა ესა თუ ის პარტია; წლების განმავლობაში იური ვაზაგაშვილმა სამართალი ვერ იპოვა. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა კი ერთი რამ ცხადყო: არცერთი ჩვენგანი არ არის დაზღვული, ამ ფაქტით თითი  სრულიად საქართველოს დაუქნიეს. სამძიმარს ვუცხადებ ქართველს ერს, რადგან ეს ტრაგედია მთელი ერის ტრაგედიაა.


- და ბოლოს, როგორც მწერალს შეგეკითხებით:  უახლოეს ხანებში ახალს რას უნდა ველოდოთ თემურ ჩალაბაშვილისგან?


- ცოტა შეუძლოდ ვარ და რომ გამოვკეთდები, კვლავ იქ დავდგები, სადაც მთელი ცხოვრება ვიდექი. მინდა, ვიქართველო და ჩემი საკეთებელი ვაკე თო, როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა მოქალაქემ!

                                               ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: