თსუ-ს ნაცვლად ტსუ -ახალი ბრალდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი გერბი აქვს. უნივერსიტეტის მთავარ სიმბოლოზე მითითებულ დასახელებაში ერთი ასო შეიცვალა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების გამოსაწვევად. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" გადაკეთდა "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად". გარდა ამისა, ტსუ-ს მალე ახალი ჰიმნიც ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას Aრის.გე ავრცელებს.
ცვლილება უნივერსიტეტის სენატის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით განხორციელდა. მოწინააღმდეგეები აღნიშნულ შესწორებაში რუსულ კვალს ხედავენ და გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
"ახალი გერბი ისე დამტკიცდა, რომ საზოგადოებრივი განხილვა არ მომხდარა და არ გაუთვალისწინებიათ ხალხს რა განწყობა ექნებოდა. სახელწოდება "ტფილისი" ასოცირდება რუსეთის იმპერიის მმართველობასთან. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, ვისთვის რა სარგებლის მომტანია ახლა ამ სახელის დარქმევა, მეცნიერულად დასაბუთებელიც რომ იყოს?! ეს სერიოზულ პროტესტს იწვევს. ამ გადარქმევის იდეის ავტორებმა არგუმენტად ის დაასახელეს, რომ უნივერსიტეტის დაარსებისას თბილისს "ტფილისი" ერქვა და ახლაც ასე უნდა იყოს მოხსენიებული. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის – პერიოდი, როდესაც საქართველოს დედაქალაქს "ტფილისი" ერქვა, ასოცირდება რუსეთის ბატონობასთან და ახლა ამ სახელის დაბრუნება აკნინებს ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც და უნივერსიტეტსაც",- აცხადებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მარიამ გერსამია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც Aრის.გე-განათლებას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნანა მამაგულიშვილმა განუცხადა, საკითხზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღიათ და ახალი გერბის შერჩევის პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო. იგი ასევე აცხადებს, რომ საბოლოო ვარიანტი უნივერსიტეტის მრავალწევრიანი სენატის უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩა, ამიტომ უნივერსიტეტის რექტორის მიმართ პრეტენზიების გამოთქმა უსაფუძვლოა.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღემდე სარგებლობდა იმ ლოგოთი, რომელიც თავის დროზე დიმიტრი შევარდნაძემ შექმნა ესკიზის სახით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ამას ჰქონოდა იურიდიული დოკუმენტით გამყარებული ძალა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსადმი მიმართვამდე რამდენიმე ესკიზი იყო განხილვაზე გამოტანილი, იყო ვებგვერდზეც განთავსებული და სოციალურ ქსელებში და ამის შემდეგ ჰერალდიკის საბჭომ საბოლოო ესკიზი შემოგვთავაზა დროშით და გერბით. უნივერსიტეტის წესების თანახმად, მხოლოდ სენატი – წარმომადგენლობითი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გერბის, დროშისა და ჰიმნის შესახებ და 2014 წლის 29 დეკემბერს სენატმა ეს საკითხი განიხილა და ერთხმად დაამტკიცა. ამ შემთხვევაში არ ერევა არც რექტორი, არც აკადემიური საბჭო და არც რომელიმე ხელმძღვანელი ორგანო. ჩვენი წესების თანახმად, ერთადერთი – წარმომადგენლობითი საბჭოს აქვს ამის უფლება. შესაბამისად მიღებულ იქნა ასეთი გადაწყვეტილება",- განუცხადა Aრის.გე-განათლებას ნანა მამაგულიშვილმა.
ამასთან, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასევე დასძენს, რომ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დადასტურებული ფაქტია, რომ თავის დროზე ისტორიულ გერბზე დატანილი იყო – ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰერალდიკის საბჭომაც ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე იმსჯელა.
ქვეყნის მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულების გერბის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე პირველ კომენტარს აკეთებს გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პროფესორი.
საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის სპეციალისტი გიორგი ოთხმეზური Aრის.გე-განათლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელწოდების შეცვლა მხოლოდ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მოხდა და სრულიად უსაფუძვლოა ბრალდებები აღნიშნულში რუსული ინტერესების არსებობის თაობაზე.
"ძველ წყაროებში "თბილისის" არის "ტფილისის". მე მესმის ეს აჟიოტაჟი საიდანაც მოდის – ამ კამპანიის წამომწყები არის მარიამ გერსამია, რომელსაც პროფესორის ხარისხი აქვს და არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რამეები. ითქვა ისეთი ინტერპრეტაციებიც, თითქოს ეს ცვლილება რუსეთთან ასოციაციებს იწვევს. არანაირი რუსული კვალი და რუსული ასოციაცია აქ არ არის. როდესაც დაარსდა და გაიხსნა უნივერსიტეტი, ასე ერქვა უნივერსიტეტს – "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" და ამას ადასტურებს ყველა არსებული ძველი წყარო. ყველაფერზე უნდათ აჟიოტაჟის ატეხვა – თითქოს უნივერსიტეტიც მიდის რუსეთის გზით და რაღაცა რუსული კვალის დანახვას ცდილობენ ყველაფერში. ეს არის სულ ტყუილად და უბრალოდ ატეხილი აჟიოტაჟი",- განუცხადა Aრის.გე-განათლებას გიორგი ოთხმეზურმა.
ოთხმეზური ასევე ამბობს, რომ უნივერსიტეტის სენატი გერბის გარდა, ახალი ჰიმნის დამტკიცებასაც გეგმავს.
რაც შეეხება ოპონენტთა კიდევ ერთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტის ახალ გერბზე ივანე ჯავახიშვილის სახელი არ ფიგურირებს, ისტორიკოსი აცხადებს, რომ მას ამ დეტალზე ყურადღება არ გაუმახვილებია. გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ ამ საკითხს სენატის უახლოეს სხდომაზე დააყენებს.
" არ შეიძლება ოფიციალური სახელწოდებიდან ივანე ჯავახიშვილის ამოღება და ეს ყველგან უნდა იყოს მითითებული. უკაცრავად, ეს შეიძლება მე გამომრჩა მხედველობიდან, მაგრამ უნდა იყოს ყველგან. აქვე აღვნიშნავ, რომ როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნა, ეს არ იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. ის იყო ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა უნივერსიტეტს მისი სახელი. ამის დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება და უნდა ერქვას. პირადად მე აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს როგორც კი იქნება სენატის სხდომა",- ამბობს Aრის.გე-განათლებასთან ინტერვიუში გიორგი ოთხმეზური.
საკითხზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა თავად უნივერსიტეტის სტუდენტებშიც. მათი ნაწილი ცვლილებას აპროტესტებს, ნაწილი კი მიესალმება. ახალი გერბის მომხრეები ამბობენ, რომ თსუ-ის გერბზე "ტფილისის" დატანა საგანმანათლებლო დაწესებულების სიძველეს უსვამს ხაზს.
"ტფილისის უნივერსიტეტი აწერია იმიტომ, რომ დაარსებისას "დამფუძნებელმა მამებმა" სწორედ ეს სახელი უწოდეს. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტს შენარჩუნებული აქვს თავისი სახელი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, ჩვენ ვსწავლობთ არა ტუ-ში, როგორი ხუმრობაც გავრცელდა, არამედ თსუ-ში",- განაცხადა უნივერსიტეტის სტუდენმა გუგა როგავამ.
მისივე თქმით, ახალი გერბის ქვედა მხარეს აღნიშნულია უნივერსიტეტის დაარსების თარიღი – 1918 – თსუ ქართულ უნივერსიტეტებს შორის უძველესია და მალე მისი დაარსებიდან ერთი საუკუნე შესრულდება, შესაბამისად ეს ღირებულება ლოგოზე დატანილი უნდა იყოს.
" უნივერსიტეტის გერბს საფუძვლად დაედო ისტორიული ბეჭედი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით იყო შემუშავებული და რომლის ესკიზიც 1918 წელს უნივერსიტეტის საბჭოს პროფესორთა მე-4 სხდომაზე დამტკიცდა. ჩემი აზრით, არანაირი არგუმენტი არ აქვს სახელწოდების რუსიფიკაციას. უბრალოდ, ხაზი აქვს გასმული უნივერსიტეტის სიძველეს. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები თავისი ისტორიულობით ამაყობენ, ჩვენ კი ეს სიამაყე ლოგოზეც ავსახეთ – სახელწოდებასა და თარიღში. რატომაც არა?",- განაცხადა გუგა როგავამ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი უკვე დამტკიცებულია და ერთადერთი იურიდიული ძალის მქონე სიმბოლოა – "ტფილისის უნივერსიტეტი".