სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფინანსურ საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფინანსურ საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა.
აუდიტის სამსახურის შეფასების დასკვნის მიხედვით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" არასათანადო გადაწყვეტილებებმა სახელმწიფო ბიუჯეტი მინიმუმ 703,054 ლარით აზარალა, 1,423,737 ლარი კი არამიზნობრივად გაიხარჯა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებით, შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" 2011 და 2012 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით გაიცა უარყოფითი დასკვნა.
კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის შედეგად გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი, კანონთან შეუსაბამო ფაქტი: მაუწყებელმა რუსულენოვანი ტელეპროდუქციის დამზადებისა და გაშვებისთვის ტენდერის საფუძველზე 14,000,000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა შპს "პიკთან".
ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივად მიწოდებული ტელეპროდუქციის მიხედვით. აუდიტის ჯგუფმა შერჩევით შეადარა 2012 წლის მაისში, ივნისსა და ივლისში ეთერში გასული გადაცემა "ახალი ამბების" ფაქტობრივი საათების რაოდენობა ამავე თვეების მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებულ საათების რაოდენობას და გამოვლინდა სხვაობა 63 საათის ოდენობით, რაც სატენდერო წინადადებით განსაზღვრული ფასით - 268,698 ლარს შეადგენს. შედეგად, მაუწყებლის მიერ 2012 წლის მხოლოდ მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებთან დაკავშირებით და მხოლოდ გადაცემა "ახალი ამბების" მომზადებისთვის, შპს "პიკისთვის" ზედმეტად ანაზღაურებულია 268,698 ლარი.
ამასთანავე, სსიპ "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და შპს "პიკს" შორის 2012 წლის 13 ნოემბრის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულების მოქმედება.
მე-3 არხის მართვისთვის გამოყოფილ 14,000,000 ლარსა და "პიკისთვის" ანაზღაურებულ 12,576,263 ლარს შორის წარმოქმნილი სხვაობა - 1,423,737 ლარი, მაუწყებელმა მიმდინარე ხარჯებისათვის გამოიყენა, რაც მაუწყებლის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯია.
შპს "პიკსა" და მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, "პიკს" უნდა დაემზადებინა მინიმუმ 100 საათის ოდენობის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები, რაც არ შესრულებულა. ხელშეკრულების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის და/ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 2%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად 280,000 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების აღნიშნული მუხლი მაუწყებელს არ გამოუყენებია.
იმის გამო, რომ მაუწყებელს არ გააჩნდა ბიუჯეტით გათვალისწინებულ 14,000,000 ლარზე წინასწარი ხარჯთაღრიცხვა და ხელშეკრულების შესრულების პროცესში არ ახორციელებდა სათანადო მონიტორინგს, ვერ დასტურდება, ადეკვატურია თუ არა მაუწყებლის მიერ გადახდილი თანხა "პიკის" მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
2010 წლის 7 დეკემბერს მაუწყებელმა გამოაცხადა კონკურსი პირველი და მეორე სატელევიზიო არხების სარეკლამო და სასპონსორო დროის გაყიდვის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ შპს "ჯენერალ მედიამ" და საკონკურსო კომისიის წევრების მიერ გამოცხადდა გამარჯვებულად.
"ჯენერალ მედია", გარდა "საზოგადოებრივი მაუწყებლისა", ემსახურებოდა ასევე სხვა წამყვან ტელეკომპანიებს.
მაუწყებელსა და "ჯენერალ მედიას" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო, რომ "ჯენერალ მედია" ვალდებულია: "...მაქსიმალურად ეცადოს, რომ მაუწყებლის ეთერში სარეკლამო მომსახურება ჩართოს თავის მიერ შემუშავებულ მომსახურების პაკეტებში. განახორციელოს ქმედებები მაუწყებლის ეთერში რეკლამის მოზიდვის მხრივ".
რა ქმედებები განახორციელა "ჯენერალ მედიამ" ხელშეკრულების აღნიშნული მუხლის შესრულებისთვის და რამდენად ეცადა მაუწყებლის სარეკლამო დროის გაყიდვას, ამის კონტროლის მექანიზმი, მაუწყებელს არ გააჩნდა. შესაბამისად, მაუწყებლის სარეკლამო დროის გაყიდვის საკითხი მთლიანად დამოკიდებული იყო "ჯენერალ მედიას" შეხედულებასა და კეთილსინდისიერებაზე.
2010 წლის 22 დეკემბერს შპს "ჯენერალ მედიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "ჯენერალ მედიას" საანგარიშო თვის განმავლობაში გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულების თანხა უნდა გადაერიცხა მაუწყებლისათვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შპს "ჯენერალ მედიას" ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, შეუსრულებელი ვალდებულების ყოველი დღისათვის.
ამ სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით, შპს "ჯენერალ მედიას" მიერ ჩარიცხული თანხების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 99,525 ლარს, რაც მაუწყებლის მიერ არ განხორციელებულა.
მაუწყებლის მფლობელობაში არსებული საიჯარო ფართობების კატეგორიები, ტარიფები და ფასდაკლების სისტემის წესი 2011 და 2012 წლებში განისაზღვრებოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანებებით.
საიჯარო ხელშეკრულებების დადგენილ ტარიფებთან შედარების შედეგად გამოვლინდა, რომ 2011 და 2012 წლებში მაუწყებელმა შიდა კონტროლის მექანიზმების უქონლობის გამო, ტარიფების ცვლილებები დროულად არ ასახა საიჯარო ხელშეკრულებებში, ასევე რიგ შემთხვევებში მაღალი კატეგორიის ფართობები გაქირავებული იყო უფრო დაბალი კატეგორიის ფართობის ფასად. მაგალითად, კომერციული ფართობები - საოფისე ფართობის ფასად ან საოფისე ფართობები - დამხმარე ფართობის ფასად. აღნიშნულმა შეუსაბამობებმა მაუწყებელს დააკარგვინა 54,831 ლარის შემოსავლები.
ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტმა იზარალა მინიმუმ 703,054 ლარი, ხოლო არამიზნობრივად გახარჯულია 1,423,737 ლარი", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.