აფბა:ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმა უნდა დაჩქარდეს

აფბა:ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმა უნდა დაჩქარდეს

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა"- მ განაცხადა  წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის  კადრებით დაკომპლექტებული  სამსახური ეფექტურად ვერ იმუშავებს. 

 

 მათი განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის  რეფორმა უნდა დაჩქარდეს. აღნიშნულზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ  "რეპორტიორის" პრეს–კლუბში ისაუბრა.

 

"საპარლამენტო განხილვებისას, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური არგუმენტი, სწორედ ის მოსაზრება იყო, რომ სამსახური დაკომპლექტებული იყო ადეიშვილისდროინდელი კადრებით და საჭირო იყო სამსახურის რეფორმირება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

ამ სამსახურის საქმიანობა უკავშირდება სხვადასხვა მონიტორინგის განმახორციელებელი პირებიდან, ძირითადად საფინანსო სექტორიდან, მსხვილი (30 000 ლარს ზემოთ) გარიგებებისა და ოპერაციების თაობაზე ინფორმაციის მოპოვებას. სამსახურს უფლება აქვს საბანკო–საფინანსო სექტორიდან, აგრეთვე მონიტორინგის განმახორციელებელი ყველა სუბიქტიდან (ნოტარიუსები, საჯარო რეესტრი, შემოსავლების სამსახური, სათამაშო ბიზნესი, კერძო ბუღალტრები, აუდიტორები და 2014 წლიდან  – ადვოკატები)  გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი გარიგებისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.

 

მთლიან სახელმწიფო მანქანასთან ერთად, სწორედ ასეთი ფართო უფლებებით აღჭურვილი და უზარმაზარი ინფორმაციის მფლობელი უწყება იდგა სააკაშვილის სამსახურში პოლიტიკური ოპენენტებთან ბრძოლასა თუ ბიზნესის დატერორების კამპანიაში და ამ მიმართულებას, მოგეხსენებათ, ძებნილი ადეიშვილი ხელმძღვანელობდა, ამ სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, ახლა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (ებრაელი ბიზნესმენების გახმაურებული დაკავების ერთ–ერთი მონაწილე, ახლდა მაშინდელ ფინანსთა მინისტრს, როგორც თარჯიმანი და როგორც შემდეგ გაირკვა – პროკურატურის აგენტი. ეს ფაქტი და შესაბამისი კადრები უნდა ახსოვდეს საზოგადოებას), ეროვნული ბანკის პატრონაჟით წინა ხელისუფლების, კერძოდ კი პროკურატურის ერთ-ერთი მორჩილი ინსტრუმენტი გახლდათ ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით პოლიტიკური ოპონენტებისა და მსხვილი ბიზნესმენების დატერორებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი "მართვისათვის". – განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

ზემოაღნიშნული ცვლილებები, სამსახურის დაქვემდებარების შეცვლის თაობაზე, პარლამენტმა 2014 წლის 29 მაისს მიიღო 1 ივლისიდან ამოქმედების პირობით, თუმცა, ჭიჭინაძის თქმით, მთავრობას დღემდე ამ სამსახურში არათუ რაიმე საკადრო გადაწყვეტილება (გარდა დებულებისა და საშტატო ნუსხის ფორმალური გადამტკიცებისა) არ მიუღია, არამედ უფრო მეტიც, 2014 წლის შემოდგომაზე პარლამენტში შევიდა ინიციატივა, რომლითაც უარი ცხადდება ამ სამსახურის სახელმწიფო კონტროლზე.

 

"სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობისგან უარის თქმა, ცალსახად ნიშნავს სამსახურის უფროსისათვის ერთპიროვნული ძალაუფლების გადაცემას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი კონტროლის, როგორც შემაკავებლის, არარსებობის პირობებში.

 

დამოუკიდებლობის ეგიდით ამ დოზით უკონტროლობის მინიჭება, ერთიორად ზრდის სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას და საფრთხეს უქმნის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულებებს, რომ არაფერი ვთქვათ საფინანსო სისტემის რეპუტაციაზე," – განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნული გარმოებები ბუნებრივად აჩენს რიგ შეკითხვებს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებისადმი:

 

რატომ ხდება სამსახურის ხელმძღვანელობის "ხელის დაფარება" და ისეთი უფლებების მინიჭება, რომელიც ხელს შეუბორკავს მთავრობას აკონტროლოს აღნიშნული სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ ფულის გათეთეთრების საწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტები ნამდვილად მოითხოვს სამსახურის საქმიანობაში ჩაურევლობას, თუმცა იგივე სტანდარტები არ მოითხოვს ასეთი სამსახურის  საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობისგან უარის თქმას, უფრო მეტიც, ასეთი პრეფერენციები სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის პრინციპებს, სახელმწიფო ფინანსების მართვისა და ეფექტიანობის საყოველთაოდ აღიარებულ ცივილურ სტანდარტებსაც ეწინააღმდეგება, მით უმეტეს, რომ არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ დღევანდელი საკადრო რესურის პირობებში,აღნიშნული სამსახურიდან ინფორმაცია, რბილად რომ ვთაქვათ, არადანიშნულებისამებრ გაედინებოდეს. 

 

"ამ ინფორმაციის ანალიზისას, ბუნებრივად ჩნდება საფრთხეების არსებობის შესაძლებლობა, რამდენადაც ალბათობა იმისა, რომ ფინანსურ ნაკადებზე  კონტროლი და ამ ინფორმაციის შესაძლო უკანონო გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, დიდია. ამ რისკებში მთავარი როლი, ინფორმაციის მოპოვებისა და ფლობის თვალსაზრისით, სწორედ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს და მის ხელმძღვანელობას უჭირავს. საფრთხეები რომ არსებობს, ამის დასტური ამ სამსახურის მხრიდან წინა ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული საქმიანობა ცხადყოფს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. 

 

აფბას ყოვლეთვის მიაჩნდა და მიაჩნია, რომ  წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის კადრებით დაკომპლექტებული სამსახური ეფექტიანად ვერ იმუშავებს," – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

 

აფბა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დაიწყონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და მისი ხელმძღვანელობის განვლილი საქმიანობის შესწავლა და შეფასება. მით უფრო, როცა არსებობს საამისო რეალური საფუძველი. კერძოდ, – საზოგადოებისთვის ცნობილია მისი როლი იმ რეპრესიულ კამპანიაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში 2012 წლის არჩევნებამდე.

 

აფბა მოუწოდებს როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას, მათ შორის, საგამოძიებო ორგანოებს, აგრეთვე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორის საბჭოს, დროულად განხორციელდეს ფინანსური მონიტორინგის სისტემაში არსებულ კითხვებზე პასუხების მიღება და შესაბამისი საკადრო თუ სტრუქტურული გადაწყვეტილებების მიღება, –აცხადებს  ჭიჭინაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: