პრივილეგიები გარემოს განადგურებისა და საყდრისის აფეთქების სანაცვლოდ

პრივილეგიები გარემოს განადგურებისა და საყდრისის აფეთქების სანაცვლოდ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში, კომპანია "არემჯი გოლდის" მიერ უკანონოდ აშენებული გროვული გამოტუტვის უბნის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა წელიწადნახევარია ვერ დაითვალა. ამის შესახებ სამინისტროდან მიღებულ წერილშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტიდან შევიტყვე, რომ კომპანია "არემჯი გოლდის" ჯარიმების სიას 10 000-ლარიანი ჯარიმაც შეემატა, ჩემს მიერ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვის გამო - აღმოჩნდა, რომ აბულმუგის ხეობაში გაშლილ გამოსატუტ მოედნებზე წიაღისეულის გადამუშავება დაწყებული ჰქონდათ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლად. ანუ, გამოსატუტი მოედნები უკანონოდ ააშენეს და მოგვიანებით, წიაღისეულის გადამუშავებაც აღებული ვალდებულებების უგულებელყოფით დაიწყეს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან 2014 წლის 31 დეკემბერს გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია. დავინტერესდი რამდენი ლარის ზიანი მიადგა გარემოს, კომპანია "არემჯი გოლდის" საქმიანობის გამო და ასევე, რა შედეგი მოჰყვა ჩემს მიერ 2014 წლის 22 ივნისს გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე განხორციელებულ სატელეფონო შეტყობინებას, რაც უკავშირდებოდა აბულმუგის ისტორიულ ხეობაში კომპანია "არემჯი გოლდის" მიერ წიაღისეულის გადამუშავების მიზნით დაწყებულ საქმიანობას.

 

სამინისტროდან მიღებულ პასუხში, რომელიც 2015 წლის 14 იანვრითაა დათარიღებული და რომელიც ჩამბარდა 20 იანვარს, საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი წერს:

 

"ქალბატონო ნინო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 2014 წლის 31 დეკემბერს შემოსული N20665 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2013 წლის 26-29 ნოემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოვლენილ იქნა დმანისის მუნიციპალიტეტში დაბა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს "არემჯი გოლდის" მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მშენებლობის ფაქტი. "არემჯი გოლდის" მიერ ზემოაღნიშნული საქმიანობის განხორციელების პროცესში მიწების დაბინძურებასა და დეგრადაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წარმოება და შედეგები გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ზუსტდება".

 

რა მოხდა 2014 წლის 22 ივნისს, ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. მანამდე, ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოგითხრობთ იმ უკანონო ქმედებებზე, რასაც კერძო კომპანია "არემჯი გოლდი" ახორციელებს.

 

გამოსატუტი მოედნები ნებართვის გარეშე მოაწყვეს

 

2013 წლის 26-29 ნოემბერს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვით, საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში დაიწყეს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის, იგივე გამოსატუტი მოედნების მშენებლობა. ეს საკითხი დეპარტამენტმა შეისწავლა და დაადგინა, რომ "არემჯი გოლდმა" კანონმდებლობით დადგენილი წესები, მოთხოვნები დაარღვია და გამოსატუტი მოედნები შესაბამისი ნებართვის გარეშე მოაწყო:

 

"მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ტერიტორიაზე ზოგადი დათვალიერების შედეგად დაფისქირდა, რომ მოწყობილია გამოსატუტი მოედანი და 4 აუზი. პარალელურად მიმდინარეობდა მე-5 აუზის მოწყობა და მადნის სამსხვრევი საამქროს მონტაჟი. საწარმოო უბნის მიმდებარედ დაფიქსირდა ორი სანაყარო (მოხსნილი ნიადაგის, ნაშალი გრუნტის და სამშენებლო ნარჩენის), ბეტონის ამრევი საამქრო და საამქრომდე კვირაცხოვლის ხევიდან წყალაღების ფაქტი".

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მასალები რეაგირებისთვის გადაუგზავნა მშენებლობის ნებართვის გამცემებს - დმანისისა და ბოლნისის გამგეობებს და ასევე უფლებამოსილ სასამართლოს, რომელმაც "არემჯი გოლდი" ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი დაადო, მაგრამ "არემჯიმ" ეს არაფრად ჩააგდო და მოქმედება ჩვეულ სტილში გააგრძელა, რასაც ყოველ ჯერზე, ხელისუფლების მხრიდან არასათანადო რეაქცია მოსდევს ხოლმე.

 

2014 წლის 3 აპრილს გარემოს დაცვის მინისტრმა Nი-193 ბრძანებით დაამტკიცა იმავე დღით დათარიღებული N15 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლოატაციაზე. ამ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე "არემჯის" დაევალა დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების შესრულება. ამავე დასკვნაში წერია, რომ "არემჯი" ვალდებული იყო გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამის შესაბამისად განხორციელებულიყო ზედაპირული წყლების, მიწისქვეშა წყლების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, ნიადაგის ხარისხის და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების მონიტორინგი. ეს საკითხი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კონტროლზე აიყვანა - ვალდებულების შესრულებას დროდადრო ამოწმებდნენ.

 

ერთ-ერთი ამგვარი შემოწმებისას, 2014 წლის 11 ივნისს, დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურმა აბულმუგის ისტორიულ ხეობაში გროვული გამოტუტვის მოედანი დაათვალიერა და აქტში დააფიქსირა, რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

 

წიაღისეულის გადამუშავება ვალდებულებების უგულებელყოფით დაიწყეს

 

2014 წლის 22 ივნისს, შუადღეს, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად მიმდინარე კარვების აქციიდან ირაკლი მაისურაძესთან ერთად გავედი აბულმუგის ისტორიული ხეობის დასათვალიერებლად, სადაც არაერთი ისტორიული ძეგლია. ამ ხეობაში ვნახეთ, რომ მადნის სამსხვრევ წისქვილს ამუშავებდნენ და დაფქულ მადანს იქვე, გამოსატუტ მოედნებზე ყრიდნენ. ამ ნაამბობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა შემაღლებული ადგილიდან გადავიღე. აშკარა იყო, რომ წიაღისეულის გადამუშავება დაწყებული ჰქონდათ, დასახლებული პუნქტიდან, კერძოდ, სოფელ ბალიჭიდან 650 მეტრის დაშორებით. გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153-ზე დავრეკე. სამინისტროს წარმომადგენლები, კერძოდ, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები დაახლოებით საათნახევარში მოვიდნენ. მათ მითხრეს, რომ უნდოდათ გამოსატუტი მოედნები მათთან ერთად დამეთვალიერებინა და ოქმზე ხელი მომეწერა, რადგან ცხელ ხაზზე სწორედ მე მქონდა დარეკილი.

 

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად გამოსატუტი მოედნების დათვალიერების საშუალება არ მომცა "არემჯი გოლდის" უსაფრთხოების სამსახურმა. იქიდან გამოსვლის შემდეგ დეპარტამენტის წარმომადგენელს მკაფიოდ არაფერი უთქვამს. ჩვენ კარვებში დავბრუნდით. რა მოხდა მაშინ, ეს მოგვიანებით, 2015 წლის 20 იანვარს, სამინისტროდან მიღებული წერილიდან შევიტყვე:

 

"გაცნობებთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის თამაშრომლების მიერ, განხორციელებულ იქნა ინსპექტირება და დადგინდა, რომ "არემჯი გოლდის" მიერ შესრულებული არ იყო დმანისის მუნიციპალიტეტის დაბა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით (საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლოატაცია), 2014 წლის 03 აპრილს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული N15 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულება. ინსპექტირების მასალების საფუძველზე, "არემჯი გოლდის" მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ორი ოქმი და დმანისის მაგისტრატი სასამართლოს მიერ "არემჯი გოლდს" შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 5 000- 5 000 ლარის ოდენობით".

 

სამინისტროდან მიღებულ პასუხს თან ახლავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შედგენილი ორი ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გამოსატუტი მოედნების ფოტოგადაღების საშუალება არ მისცეს და არც სამართალდარღვევის ოქმზე მოუწერეს ხელი.

 

გარემოს დაცვის სამინისტრომ მასალები მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა

 

"არემჯი გოლდის" კანონსაწინააღმდეგო ქმედების ამსახველი კიდევ ერთი ფაქტი -2014 წლის 27 თებერვალს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაბა კაზრეთში წყლის დაბინძურების და თევზის მასობრივი განადგურების ფაქტი დააფიქსირა. შესაბამისი სინჯები აიღეს. "არემჯის" კუთვნილი საწარმოს ტერიტორია შემოწმდა. დადგინდა, რომ 5 000 მ3 მოცულობის ე.წ. შემასქელებელი რეზერვუარიდან მოხდა მჟავე კარიერული წყლის ჩაღვრა მდინარე კაზრეთულაში. ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი გამოიანგარიშეს და დაადგინეს, რომ ეს იყო 1 078 187, 96 ლარი (მილიონ სამოცდათვრამეტიათას ასოთხმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი თეთრი). ვინაიდან აღნიშნული შეიცავდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, 2014 წლის 21 მარტს N05-04/1053 წერილით მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

 

ამასთან, 2014 წლის 21 მარტს "არემჯი კუპერთან" მიმართებაში ოქმი შედგა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ და მასალები რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. ამჯერად, საწარმოზე გაცემული 2009 წლის 30 იანვრის N13 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობები დარღვეული აღმოჩნდა. "არემჯი კუპერი" სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

 

სასჯელის ნაცვლად პრივილეგიები მიიღეს

 

საყდრისის მახლობლად, აბულმუგის ისტორიულ ხეობაში, "არემჯი გოლდის" მიერ მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მშენებლობის და ღია სამთო სამუშაოების დროს განხორციელებული ბურღვა-ფეთქებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების შესწავლის მიზნით, სოფელ ბალიჭის მოსახლეობამ პრემიერ-მინისტრსა და გარემოს დაცვის მინისტრს სახელმწიფო კომისიის შექმნა წერილობით მოსთხოვა. რადგან მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ, როგორც მიწისქვეშა, ასევე ღია სამთო სამუშაოებზე სახელმწიფო კონტროლს და +ზედამხედველობას (ტექნიკურ ინსპექტირებას) ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ბალიჭელების წერილი აღნიშნულ სააგენტოში გადაგზავნეს.

 

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგები ასახულია 2014 წლის 22 მაისით დათარიღებულ წერილში. სააგენტოს ხელმძღვანელი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს წერს:

 

"ჩატარდა მოპოვების პროცესის ერთი დღის სრული ციკლის შემოწმება, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში (დაბურღვა, ფეთქებადი მასალით ჭაბურღილების დამუხტვა, აფეთქება, წმედითი სამუშაოების შესრულება, ტრანსპორტირება და სხვა). გაცნობებთ, რომ შემოწმებით გამოვლინდა დარღვევების რიგი. კერძოდ, არ არის შედგენილი და დამტკიცებული საბადოს ამოშრობის სპეციალური პროექტი; კარიერი არ არის უზრუნველყოფილი წყალამოსაღვრელი მოწყობილობით; საწარმომ ვერ წარმოადგინა ფუჭი ქანების სანაყაროების პროექტი. შესაბამისად ვერ მოხერხდა მათი შეფასება. აღნიშნული დარღვევა აისახა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. საწარმოს დარღვევების აღმოფხვრისთვის მიეცა გონივრული ვადები და განხილვის პროცესშია საწარმოს პასუხისმგებლობა, დაშვებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

 

რაც შეეხება აფეთქებით გამოწვეულ სეისმურ ზემოქმედებას, კარიერის მახლობლად არსებულ ობიექტებზე (გროვული გამოტუტვის მოედანზე, სოფელ ბალიჭის მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე), გაცნობებთ, რომ ჩვენი თანდასწრებით განხორციელებული (ნებართვით გათვალისწინებული რაოდენობის ფერადი მასალის გამოყენებით) აფეთქებისას, დაუშვებელ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია".

 

მიუხედავად ამ სტატიაში ასახული კანონდარღვევებისა, "არემჯი გოლდი" აბულმუგის ისტორიულ ხეობაში თავის საქმიანობას უპრებლემოდ აგრძელებს, მძლავრი აფეთქებების თანხლებით. უკანასკნელად ამგვარი აფეთქება აბულმუგის ისტორიულ ხეობაში, კვირაცხოვლის ქედზე 2015 წლის 12 იანვარს განახორციელეს, რა დროსაც სოფელ ბალიჭში, საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ადგილობრივების განმარტებით, 12 იანვრის აფეთქებამ მათში პანიკა გამოიწვია, რადგან მანამდე ამგვარი მძლავრი აფეთქება არასდროს მომხდარა. ერთი თვით ადრე, 2014 წლის 13 დეკემბერს ორი მძლავრი აფეთქება მოხდა საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროში. ააფეთქეს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობა, რა დროსაც სოფელ ბალიჭსა და დაბა კაზრეთში საცხოვრებელი სახლების მინები ჩაიმსხვრა და ერთ ოჯახში ჭერიდან ჭაღი ჩამოვარდა.

 

კულტურული მემკვიდრეობის აფეთქების, გარემოს დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო საქართველოს ხელისუფლებამ "არემჯი გოლდს" სათანადო სასჯელის ნაცვლად თავზე ხელი გადაუსვა და წიაღითსარგებლობის ლიცენზია ხუთი წლით გაუგრძელა. 29 იანვარს კი შესაბამისი დადგენილებით ტყე-კაფვის წუთწლიანი უფლებაც მისცა.

ნინო მიქიაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: