დავით ფერაძე: თამარ სანიკიძემ პედაგოგებისადმი ხისტი დამოკიდებულება შეცვალა და ეს ივანიშვილის დამსახურებაა!
„ივერიონს“ ესაუბრება პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე.
- ბატონო დავით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. მოგვიანებით კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჯერ სქემის პრეზენტაცია გამართა შემდეგ კი მასმედიითაც გააკეთა განცხადებები და აღნიშნულ სქემას ქება-დიდებაც უძღვნა, როგორია თქვენი კომენტარი?
- ტელევიზიით გამოსვლისას მინისტრმა პირველივე წინადადებიდანვე შეცდომა დაუშვა, როდესაც გამოიყენა ფრაზა „პროფესიაში შესვლა“.
გახსოვთ, ალბათ ამ ფრაზის დეფინიციაზე რამხელა ამბავი იყო ატეხილი და პარლამენტმა შეაცველევინა! ასე მალე დაავიწყდა მინისტრს? მით უმეტეს, დაზუთხული ტექსტით საუბრობდა.
რაც შეეხება ჩემს აზრს – მე ის არ შემიცვლია - მიმაჩნია, რომ ვერც დამტკიცებული სქემა ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე და ის ბევრად არ განსხვავდება მანამდე გასაიდუმლოებული სქემის სამუშაო ვერსიისგან.
თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ახალი სქემა, არსებული და დაგეგმილი სახელფასო ანაზღაურების პირობებში ის ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ნიშანდობლივია, რომ პირვანდელი გეგმა მაინც ჩაიშალა და სამინისტროს მხრიდან ერთგვარი დათმობა და დათბობაც შეინიშნება.
- განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ უფლებების დელეგირების თემა წამოწია, რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს?
- როგორც მივხვდი, ეს მასწავლებელთა სკოლაში შეფასებას ეხება. ეს დელეგირება კი არა, ზედმეტი ტვირთვის მოშორება უფროა. თუმცა, როცა ზოგადად ცენტრალიზებული სისტემა არსებობს, მეეჭვება, რომ ზემდგომთა ზეწოლის პირობებში სკოლების შეფასება ობიექტური იყოს - შეფასების უფლებების კი არა, მართვის უფლებათა დელეგირებაა მთავარი...
- სქემა სისტემური ხასიათისაა და უნივერსიტეტების მიერ პედაგოგთა მომზადებას გულისხმობს!..
- აქ ყველას ერთი შეკითხვა გვაქვს: აქამდე პედაგოგები სად იღებდნენ პედაგოგიურ განათლება?ახლანდელი პედაგოგები ციდან ჩამოფრინდნენ?! აქ სიახლე რა არის? პედაგოგებისთვის პროფესიული წინსვლის დაწესებით ახალგაზრდები მოიხიბლებიანო... როგორ მოიხიბლებიან ცარიელი სტატუსებით?საუნივერსიტეტო პროგრამაგავლილები პირდაპირ მეორე საფეხურზე აღმოჩნდებიან. ამით შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგებს, რომლებსაც დღემდე სწორედ უნივერსიტეტმა მისცა პედაგოგის კვალიფიკაცია, თუმცა, შესაძლოა, ჯერ-ჯერობით პრაქტიკოსი, ანუ დაწყებითი მასწავლებლის საფეხურს არიან მიკუთვნებულნი.
- რამდენადაც ვხვდები, მინისტრი გულისხმობს, რომ საფეხურებზე გადასვლის შესაბამისად იქნება სახელფასო ანაზღაურების ზრდაც...
- სწორედ ეგ არის ათიათასობით მასწავლებლისთვის თვალებში ნაცრის შეყრა!. სამარცხვინოა! ხელფასის თემით მაინც რატომღა აღიზიანებენ მასწავლებელს?! 50 და 100 ლარით მატება დააინტერსებს ახალ კადრებს? გამოკითხვა რომ ჩავატაროთ ნებისმიერ მასწავლებელთან, ან სტუდენტთან, ერთსაც ვერ ნახავთ, ვინც მოხიბლულია გნებავთ წლევანდელი, გნებავთ 2017 წლისთვის დაგეგმილი სახელფასო ზრდით. 2017 წლისთვის რომ მაინც განსაზღვრულიყო მართლაც ნორმალური ხელფასები, კიდევ მესმის...
არავინ არ აღიქვამს სერიოზულ მატებად მთავრობის შემოთავაზებას და ამ ფონზე, ახლების მოსვლა კი არა, ძველები ცდილობენ სკოლიდან გაქცევას - განსაკუთრებით სამარცხვინოა ამ ოდენობით ზრდაზე ლაპარაკი ინფლაციის დღევანდელ პირობებში.
წარმოიდგინეთ, მასწავლებელთა ხელფასების სასექტემბროდ ზრდის დაანონსების შემდეგ ლარის კურსი 10%-ით დაეცა და პროცესი ახლაც გრძელდება. სექტემბერში რომ 50 ლარით გაზრდიან ხელფასს, ამას ვინმე იგრძნობს?
პროფესიული საფეხურები იმისთვის განისაზღვრა, რომ მასწავლებელმა წინ წაიწიოს და უკეთესი ხელფასი ჰქონდესო. რამხელა ცინიზმია! კი ბატონო, ილაპარაკონ ამ სულელურ სქემაზე, მაგრამ ფინანსურ მხარეს მაინც ნუ შეეხებიან!!!
- მაინც რა პოზიტივებს გამოყოფდით, რა გამოსავალი რჩება პედაგოგს?
- მე არ მინდა მარტო მოქმედი პედაგოგის გადასახედიდან მივუდგეთ პრობლემას. ჯერ-ჯერობით სქემის მხოლოდ გაცნობა მოვასწარი, სათანადოდ არ შემისწავლია. ასევე მოვუსმინე მინისტრის გაზეპირებულ ტექსტს.
მთლიანობაში მინისტრის პოზიციას ეტყობოდა ბევრად რბილი ტონი და პედაგოგებისადმი მოფერების ტენდენცია. თუ ადრე ცალსახად მიაჩნდა, რომ მასწავლებლები არაპროფესიონალები არიან და მათ „ზემოდან“ უყურებდა, ამჯერად სიტუაცია შეცვლილია. თუნდაც ის, რომ სქემა პირველ ეტაპზე პილოტირების რეჟიმში იმუშავებს, უკვე დათმობაა. ხისტი დამოკიდებულება შეცვლილია. ერთის მხრივ ეს ჩვენი ბრძოლის გარკვეული შედეგიცაა.
მეორე მხრივ ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სავარაუდოდ,სანიკიძის ზემდგომებამდე მიაღწია ჩვენმა ხმამ - ჩვენმა სამართლიანმა პროტესტმა. სამინისტრო მთავრობას უთხზავდა მითს, თუნდაც იმაზე, რომ მე „მოგზავნილი“ ვიყავი. ივანიშვილისადმი ჩემი წერილით ეს მითი დაიმსხვრა - მიუხვდნენ სანიკიძეს და ალბათ, გაფრთხილებაც მიიღო და საგანმანათლებლო სივრცეში კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების ვალდებულებაც.
იგრძნობა, რომ იგი დაყვავების პოლიტიკაზე გადავიდა... თუ ეს ასეა,ვფიქრობ, კარგია. კარგი არა სკამის გაფრთხილების, არამედ პედაგოგებისადმი მიდგომის თვალსაზრისით.
თუმცაღა, ჩემი საუბარი ძალიან ზოგადია. სინამდვილეში არსებობს უამრავი კითხვა, იკვეთება კიდევ უამრავი საფრთხე, მაგრამ მათი ანალიზი მომავლისთვის გადავდოთ!
ესაუბრა ნათია ხარბედია