უკრაინელი ცრუპატრიარქისა და ქართველი მასხარების შესახებ

უკრაინელი ცრუპატრიარქისა და ქართველი მასხარების შესახებ

    აუცილებელი განმარტება მედიისათვის

 

 

 

   რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები დააჯილდოვა. ღონისძიებას დასწრებიან მ. სააკაშვილი და უკრაინაში გახიზნული ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები. ბუნებრივია, რელიგიურ საკითხებში გაურკვეველი მკითხველი ასეთ ცნობას კრიტიკის გარეშე იღებს და ფილარეტს, რამდენადაც მას მედია "პატრიარქს" უწოდებს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელად მიიჩნევს, რომელიც ქართველ მებრძოლებთან ერთად დამნაშავე ექსპრეზიდენტსა და მის ბანდას პატივს მიაგებს.

 

  სინამდვილეში, ყოფილი მღვდელთმთავარი ფილარეტ დენისენკო თვითმარქვია პატრიარქია, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ხარისხი აყრილი აქვს და რომელიც ანათემაზე არის გადაცემული. თვითგამოცხადებული "კიევის საპატრიარქო", რომელსაც ფილარეტი მეთაურობს, კანონიკურად არც არსებობს, ანუ არც ერთი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია მას არ აღიარებს (გარდა ქართული მედიისა, სააკაშვილისა და მისი მიმდევრებისა). აქედან გამომდინარე, ვინც ფილარეტის დაჯგუფების თანამოზიარე გახდა, ის თავისთავად ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ განხეთქილებაში იმყოფება.

 

   ნაცების სქიზმატიკოსობა რა გასაკვირია, მაგრამ ფილარეტის ჯილდოებით გახარებულმა მოხალისე ქართველებმა თუ იციან, ვისგან იღებენ პატივს? ჩემთვის, მაგალითად, ამ ფაქტის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ამ მებრძოლებისთვის დამნაშავე სააკაშვილის გვედრით დგომა და ერთმორწმუნე რუსთა სიძულვილი უფრო მეტად განსაზღვრავს მათ მისწრაფებებს, ვიდრე სამშობლოს ინტერესები, რომელსაც, მათი ტრაფარეტული განმარტებით, უკრაინაში ბრძოლით იცავენ. რა უბედური ერი ვართ! ადამიანები აბსურდის თეატრში თავს მართლა სწირავენ! ოდნავ მაინც რომ მჯეროდეს, ამ მოხალისეებს საქმიანი მსჯელობა დაფიქრების სურვილს აღუძრავდა, მწვავე შეფასებებსაც არ მოვერიდებოდით, მაგრამ სჯობს, ჩვენს მთავარ თემას დავუბრუნდეთ და რუსეთ-უკრაინის მღვდელთმთავართა მიერ გამოთქმული მოსაზრებები გადმოვცეთ, რომელთაც ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორც წევრი ერთი ეკლესიისა, უნდა ითვალისწინებდეს.

 

   უკრაინელებს ახსოვთ, რომ ყოფილი ეგზარქოსი, კიევის მიტროპოლიტი ფილარეტი ადრე ყოველთვის ვრცლად და ლამაზად საუბრობდა იმაზე, რომ არავითარი გაყოფა არ შეიძლება მოხდეს და ავტოკეფალიის მოთხოვნა სქიზმატიკოსების მოგონილია. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთის პატრიარქად სხვა აირჩიეს, იგი განაწყენდა; თავისი სამწყსოს სუსტი მხარეები გამოიყენა და ე. წ. კიევის საპატრიარქო შექმნა. მიუხედავად ამისა, უკრაინის ეკლესია  რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კანონიკურ ერთობას ინარჩუნებს არა პოლიტიკური მიზნებისა და "მოსკოვის აგენტობის" გამო, არამედ იმიტომ, რომ ერთიანობით სიძნელეები უფრო ადვილად გადალახონ და ისედაც დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გართულებას არ შეუწყონ ხელი.

 

   რუსებსაც და უკრაინელებსაც საერთო ისტორია აქვთ, ისინი ერთ ემბაზში მოინათლნენ, ერთსა და იმავე წმინდანებს ევედრებიან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ნაწილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა, იგი იმდენად ფართო ავტონომიას ფლობს, რომ დამოუკიდებელი მმართველობის სრული უფლება აქვს მინიჭებული. მას ჰყავს თავისი საჭეთმპყრობელი, თავისი სინოდი და აქვს ყველა აუცილებელი პირობა იმ გადაწყვეტილებათა მისაღებად, რომელიც არსებული სახელმწიფოს საზღვრებში მას ესაჭიროება. ამიტომ რაღაც უფრო მეტის მიღების პრეტენზია და ცალკე გამოყოფის უსაფუძვლო სურვილი უკრაინის ეკლესიას არასოდეს გასჩენია.

 

   ფილარეტის მიერ გამოწვეული განხეთქილება თავიდანვე პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა და უკრაინელი და რუსი ხალხების გაყოფისკენ იყო მიმართული. ოცი წლის წინ ამოქმედებული გეგმის მიხედვით, ჯერ ხალხი აღმსარებლობის პრინციპით დაყვეს, შემდეგ შეეცადნენ ენობრივი და პოლიტიკური პრინციპების გამოყენებას, ახლა კი ამ გათიშულობამ უკრაინა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, რომელსაც მსხვერპლად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

 

   მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ამ კონფლიქტში რომელიმე მხარე არ უჭირავს, განსხვავებით ქართველი მებრძოლებისა და კათოლიკე მღვდლებისაგან, რომლებიც ჯვრებით ხელში მაიდანზე შეკრებილ მოქალაქეებს "ბერკუტის" შტურმისაკენ მოუწოდებდნენ. უკრაინელები მათ საქციელს არც გაუკვირვებია, რადგან წლების განმავლობაში ისინი ხედავდნენ, რომ პარტია "თავისუფლების" წინამძღვრობით მოსკოვის საპატრიარქოსთვის ჩამორთმეული ტაძრები შემდეგ სქიზმატიკოსებს ან კათოლიკეებს გადაეცემოდა.

 

   მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) სამართლიანი შენიშვნით, პარადოქსია, რომ უკრაინის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას, რომლის მეთაური რომში იმყოფება, უკრაინის ნაციონალურ ეკლესიად წარმოაჩენს, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც უკრაინის მართლმადიდებელ მორწმუნეთა უდიდეს ნაწილს აერთიანებს, მოსკოვის მიერ მართულ ეკლესიას უწოდებს. მაშასადამე, რომიდან შეიძლება ეკლესიის მართვა, ხოლო მოსკოვიდან – არა. მით უმეტეს, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ფაქტობრივად სრულიად დამოუკიდებელია, როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრაციული თვალსაზრისით. შენარჩუნებულია მხოლოდ ლოცვითი კავშირი. ერთადერთი წესი, რომელიც ადგილობრივი ეკლესიის სულიერ ერთობას ადასტურებს, ისაა, რომ უკრაინის ეპისკოპატის მიერ არჩეულ კიევის უნეტარეს მიტროპოლიტს მოსკოვის პატრიარქი ამტკიცებს.

 

   ეს ერთობა მეტად ძვირფასია ორივე მონათესავე ერისათვის. ათასი წლის წინ ისინი ერთიანი რუსეთის შვილები იყვნენ და ქრისტეს ნათელსაც მაშინ ეზიარნენ. ამ დროის განმავლობაში პოლიტიკური საზღვრები ბევრჯერ შეიცვალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიაც საზღვრების შესაბამისად უნდა შეიცვალოს. მართლმადიდებელი ეკლესია ამ პრინციპს რომ გამოდევნებოდა, მაშინ, მაგალითად, აფრიკაში ალექსანდრიის საპატრიარქო 54 ჯუჯა ეკლესიად დაიყოფოდა, ხოლო ანტიოქიის საპატრიარქო, რომელიც სირიისა და ლიბანის მორწმუნეებს აერთიანებს, ორად იქნებოდა გაყოფილი.

 

   სამწუხაროდ, რთული პოლიტიკური ვითარებით სქიზმატიკოსები ყოველთვის სარგებლობენ. რუსეთის პატრიარქის, უწმიდესი კირილეს განცხადებით, მარტო მიმდინარე წელს ფილარეტის მიმდევრებმა ვინიცის, ტერნოპოლის, ლვოვის და სხვა ოლქებში 18 ტაძარი მიიტაცეს. მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის საპატრიარქო შეიარაღებულ დაპირისპირებულთა რომელიმე მხარის მოქმედებას პოლიტიკურ შეფასებას არ აძლევს და მოწინააღმდეგეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.

 

    ამრიგად, განხილული საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელი ყველა მედია-საშუალება ვალდებულია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ბოდიში მოიხადოს და, მომავალში დილეტანტიზმისგან თავის დაღწევის მიზნით, ინფორმაცია მექანიკურად აღარ გაავრცელოს.

 

გრიგოლ რუხაძე

 

ჟურნალ "სამი საუნჯის" მთ. რედაქტორი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: