ნასყიდა დარბუაშვილი: გიორგი ქადაგიძის დანაშაული აშკარაა და ამით პროკურატურა დროზე უნდა დაინტერესდეს!
ლარის კურსის კატასტროფულად დაცემის მიზეზებზე და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე ეკონომიკის დოქტორი ნასყიდა დარბუაშვილი „ივერიონს“ საკუთარ მოსაზრებებს სთავაზობს.
რასაც საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) და მისი ხელმძღვანელობა აკეთებს, ეს არის მიზანმიმართული დანაშაული ქართული სახელმწიფოს, მისი ეკონომიკისა და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ეკონომიკის ექსპერტები სხვადასხვა მოსაზრებებს აქვეყნებენ, მომხდარში ზოგი ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს, ზოგიც მთავრობას. ბევრი მათგანს ვეთანხმები.
ეკონომიკის ექსპერტობაზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ შემიძლია გამოვხატო ჩემი მოსაზრებები ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო ხანებში განვითარებული მოვლენებზე.
სებ-ი კომერციულ ბანკებზე გასცემს 7 დღიან კრედიტებს წლიურ 4,0 %-ში და მუდმივ რეფინანსირებას უკეთებს. ცოტა ხნის წინ რეფინანსირების განაკვეთი 4,5 % მდე გაზარდა და კიდევ აპირებს გაზრდას. ამავე დროს მონეტარიზაციის კოეფიციენტი ბოლო ხანებში 14 % დან 17 % -მდე გაზარდა. ესე იგი, ფულის მასა გაზარდა და კრედიტების სახით გასცა. ფულის მასის გაზრდა სებ-მა მონეტარიზაციის დაბალი დონით ახსნა. რა მოცულობის კრედიტები აქვს სებ-ს გაცემული?
მიუხედავად ჩემი მცდელობისა, სებ-ის ვებ-გვერდზე ამ მაჩვენებელს ვერ მივაკვლიე - გასაიდუმლოებულია, არც სტატისტიკის ეროვნულ ბიუროშია ზუსტი მონაცემები.
თუმცა, სტატისტიკის მონაცემებით, ფულის მასა M2 2007 წლიდან 2015 წლამდე 2,5 მილიარდიდან 6,0 მილიარდამდეა გაზრდილი, ესე იგი, ლარის მასა 3,5 მილიარდი ლარით გაიზარდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სებ-ი ფულის ემისიას ძირიდადად კრედიტების სახით ახდენს, გაცემული კრედიტები 2,5-3,5 მილიარდი ლარი გამოდის. დაუჯერებელია, მაგრამ არასრული მონაცემების ანალიზი ამას აჩვენებს.
სად იკვეთება ეროვნული ბანკის დანაშაული?
როცა ეროვნული ვალუტა და საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და ფაქტიურად “კომაშია”, როცა საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა კატასტროფულად მძიმდება, რეფინანსირების განაკვეთი კი არ უნდა გაზარდო, რეფინანსირება უნდა შეწყვიტო (დროებით 2-3 თვით მაინც, ვითარების დასტაბილურებამდე).
ვიღაცა შემედავება, რომ მე, ერთის მხრივ, მონეტარიზაციის დაბალ დონეზე ვსაუბრობ, ხოლო, მეორეს მხრივ, ლარის მასის ბრუნვიდან ამოღებას ვითხოვ.
როდესაც ქვეყნის ეკონომიკა “კომაში” ვარდება, ამ დროს მთავარია “კომიდან” გამოყვანა ნებისმიერი მეთოდებით. მთავარია, არჩეულმა მეთოდმა შეძლოს ეკონომიკის “კომური” მდგომარეობიდან სწრაფი და ეფექტური გამოყვანა. ამავე დროს, ასეთი მეთოდი უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს. სადაა ეფექტური გამოსავალი?
1. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს კომერციული ბანკების რეფინანსირება. ამის შედეგად მკვეთრად შემცირდება ლარის მასა. გარდა ამისა, კომერციული ბანკები სებ-ის კრედიტების გასასტუმრებლად იძულებული გახდებიან შეიძინოს ლარი. რაც სავალუტო ბაზარზე მკვეთრად გაზრდის ლარზე მოთხოვნილებას და დოლარის მიწოდებას, ეს თავისთავად ხელს შეუწყობს ლარის მკვეთრ გამყარებას. ასე, რომ სებ-ს საკმარისზე მეტი შესაძლებლობები გააჩნია, რომ არამცთუ შეაჩეროს ლარის ვარდნა, არამედ საწყის ნიშნულსაც დაუბრუნოს და მკვეთრად გამოკვეთილი უარყოფითი ტრენდი ლარის სასარგებლოდ შეცვალოს!
რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ პოლიტიკას? თუ გავითბვალისწინებთ რომ კრედიტები ძირითადად სამომხმარებლოა და უცხოური საყოფაცხოვრებო საქონლისა და ავტომობილების შეძენას ხმარდება და მომხმარებელი ამ საქონელს რამდენიმე თვის შემდეგ მაინც შეიძენს, სერიოზული უარყოფითი შედეგები ამ ღონისძიებებს არ მოყვება. აი სებ-ის და კომერციული ბანკების წლიური მოგება კი სერიოზულად შემცირდება. ასეა, სწორედ მაგათ მოგებას და კეთილდღეობას შეეწირა საქართველოს ეკონომიკა, ახლა კი ქვეყანაც ეწირება!
2. საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, სებ-ის შემოწმების უფლება არავის არა აქვს. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ კონტროლის პალატა ამოწმებს სებ-ის ადმინისტრაციულ ხარჯებს. მაგრამ არც კონსტიტუციაში და არც კანონში, არაფერი წერია სებ-ის ხელმძღვანელობის იმუნიტეტზე. არადა, მტკიცებაც არ უნდა, რომ სებ-ის ხელმძღვანელობის დანაშაული აშკარაა და გამოკვეთილი.
საქართველოს პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ უნდა აღძრას სისხლის სამართლის საქმე სების ხელმძღვანელობის წინააღმდეგ - საბოტაჟის, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებებისთვის.
3. ცალკე შესასწავლია როგორ ხდება სებ-ის მიერ ფულის ემისია, სად და როგორ? რა მოცულობით? ვინ განსაზღვრავს ამ მაჩვენებლებს, რატომ და რა პრინციპით?
ამ კითხვებს პასუხი დროულად უნდა გაეცეს, სანამ ქართული ეკონომიკა სებ-ის დანაშაულებრივი ქმედებით და საქართველოს მთავრობის წაყრუებით საერთოდ არ ჩამოშლილა.