ივანიშვილის არასწორი „გასროლა“ და უკიდურესად დაავადებული ლარი „განტევების ვაცის“ ძიებაში!

ივანიშვილის არასწორი „გასროლა“ და უკიდურესად დაავადებული ლარი „განტევების ვაცის“ ძიებაში!

ლარის კურსის კატასტროფულად გაუფასურებაზე და ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი.

 

2015 წლის 26 თებერვალს "საზოგადოება 20/30"-მა  ლარის კურსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაავრცელა.

შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ექს-პრემიერის ეს განცხადება ლართან დაკავშირებული პროცესების დარეგულირების, სიტუაციის დამშვიდებისა და აგორებული ინფლაციური მოლოდინის განელების მიმართულებით არავითარი პოზიტიური შედეგის მომტანი არ არის, პირიქით- ივანიშვილის ქვეყნის მმართველობაზე და მმართველებზე გავლენის ძალიდან გამომდინარე-ეს პირდაპირ ცეცხლზე ნავთის დასხმა.

თუ ივანიშვილის გადმოსახედიდან, როგორც ეს მის განცხადებაში წერია- „ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ... აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი "ექსპერტები"“, ჩემი გადასახედიდან, ივანიშვილის ეს განცხადება იმდენჯერ მეტი აჟიოტაჟის შემქმნელია, რამდენჯერაც აღემატება მისი საზოგადოებრივი წონა სხვა „აჟიოტაჟორებს“. შთაბეჭდილება რჩება, რომ მანმოძებნა „განტევების ვაცი“ და მოახდინა მისი პერსონიფიცირება.

სინამდვილეში პრობლემების თავი და თავი  სახელისუფლებო ინსტიტუტებსა და მათ შორის ცუდ კოორდინაციაშია.  სახელისუფლებო კოორდინაცია გულისხმობს  არა  ვიღაცეების მიერ დანიშნულ პირებს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, არამედ კანონმდებლობით დადგენილ აუცილებელ კავშირებს სახელმწიფო ორგანოებს შორის - კანონმდებლობითაა  მათ შორის განსაზღვრული ურთიერთობები საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის. ესაა მთავარი, თორემ სულ ახლახან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა (ბუნებრივია „ქართულმა ოცნებამ“) ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი.

ივანიშვილის ლოგიკით, ხომ არ გვეკითხა: ამ დანიშვნამდე თუ ყველაფერი კარგად იყო, ამის შემდეგ წამხდარი საქმე მისი გუნდის აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგი ხომ არა არის?!

საკითხის ასე დასმა  არაა სწორი. რაღაც უფრო მეტი ხდება და ამის გაგებაა საჭირო. ფაქტია, ეფექტიანად  ვერ/არ მუშაობს ხელისუფლება როგორც მექანიზმი. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ/არ ასრულებენ კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს!

მაგალითად, საქართველოს მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთანამშრომლობით მიიღება სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული (იქნებ ვინმემ ეს დაუსაბუთებლად ჩათვალოს და ამიტომ მთლიანად მომაქვს ამონარიდი ამ მუხლიდან.  „მუხლი 42. კონსულტაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ატარებს კონსულტაციებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს: ა) მთლიანი შემოსულობების მოცულობასა და სტრუქტურას; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის მოცულობასა და სტრუქტურას; გ) ფინანსური აქტივების ცვლილებას; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურას. 2. კონსულტაციები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას მომდევნო საფინანსო წელს სახელმწიფო სექტორისათვის საშინაო და საგარეო სესხების მიღების გეგმების შესახებ, მათ შორის, საკრედიტო სახსრების მოცულობის შეთანხმების, მათი მიღებისა და განაწილების და სესხების მოსალოდნელი პირობების საკითხებზე. საქართველოს ცენტრალურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს აღებული სავალო ვალდებულებების შესახებ. 3. კონსულტაციების შედეგად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უგზავნის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.“). საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის უფრო მჭიდრო კავშირებია. საქართველოს ბანკის ანგარიშს ისმენს პარლამენტი, განსაზღვრავს მისი შემოწმებისატვის აუდიტორების მოწვევის საკითხს. უფრო მეტიც, საქართველოს ეროვნული ბანკი თავისპოლიტიკას  წარმართავს საქართველოს პარლამენტის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული დადგენილებების საფუძველზე.  ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 11 დეკემბრის  N2929-Iს  დადგენილების „ საქართველოს 2015−2017 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“-მიხედვით.

ამ კავშირურთიერთობების ჩამონათვალს არ  გავაგრძელებ. არსებული ინსტიტუციური ხარვეზები  აღმოსაფხვრელია. თუმცა ,იმ საკადრო პოლიტიკითა და  იმ კომპეტენციით, რასაც ყველა დონეზე ამჟღავნებენ სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები, ამ ამოცანების გადაწყვეტა თითქმის შეუძლებელია. ის მაინც უნდა მოხერხდეს , რომ მათ ისწავლონ თუნდაც დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული რჩევებისა და კონსულტაციების გამოყენება.

არაკომპეტენტური იყო ის, ვინც ივანიშვილს მოუმზადა  აღნიშნული განცხადების პროექტი.

განცხადებაში წერია, რომ „ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი“. სინამდვილეში ასეთი რაღაც სადღაც წერია, მაგრამ არა კონსტიტუციაში. საქართველოს კონსტიტუციაში სხვა რამ წერია  („მუხლი 95. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“). უმნიშვნელოა? არა! მით უმეტეს,  მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ამ დონის გავლენის მქონე პიროვნების განცხადებას.

ეს არ არის უბრალო ჩანაწერი. აქ განსაზღვრულია საქართველოში სავალუტო პოლიტიკის სამიზნე - ეს არის კონსტიტუციის მიხედვით „ფასების სტაბილურობა“. ამის არცოდნაა არაკომპეტენტურობა.  არსებობს სხვა პოლიტიკა? დიახ არსებობს. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკის სამიზნეა არა „ფასების სტაბილურობა“, არამედ, „გაცვლითი კურსის სტაბილურობა“. ორივე ერთად ვერ იქნება მიზანი. მაგრამ რადგანაც ხელისუფლებაში „მარჯვენამ არ იცის რას აკეთებს მარცხენა“ ამიტომაც ქვეყნის ეკონომიკას ზოგი წნევის დასაწევ წამალს ასმევს და ზოგი ასაწევს-თანაც ერთდროულად.

ივანიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პოლიტიკის-„ფასების სტაბილურობის პოლიტიკის“ ნაცვლად „გაცვლითი კურსის სტაბილურობის“ პოლიტიკის გატარებას.

განცხადებაში ნათქვამია: „ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120მლნ. დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო.“

 ვფიქრობ,  მისამართი არასწორია. თუ ივანიშვილი თვლის, რომ საჭიროა „გაცვლითი კურსის სტაბილურობის პოლიტიკაზე“ გადასვლა, მაშინ, საქართველოს პარლამენტის მეშვეობით  უნდა იმოქმედოს და დაადგინოს შესაბამისი პოლიტიკა. საქართველოს ეროვნული ბანკი გასაკრიტიკებელია არა იმიტომ, რომ 5% რეზერვზე მეტი რომ არ დახარჯა, არამედ იმიტომ რომ ეს 5% დახარჯა და ისიც უშედეგოდ (ეს უნდა  სცოდნოდა ინსტიტუტს). ამასთან,  120 მლნ აშშ დოლარით შეამცირა სავალუტო რეზერვები. ეს იმ ამბავს ჰგავს  მოშიებულებმა  მდინარის  მორევში ღომის გაკეთება რომ მოინდომეს და მასში მთელი ავლადიდება - ფქვილი ჩაყარეს.

პროფესიული თვალსაზრისით საერთოდ გაუგებარია ივანიშვილის განცხადების ფინალი , სადაც ის ამბობს: „ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს  2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები". 

თუ ივანიშვილმა იცის ის ბერკეტები, რაც ეროვნულ ბანკს აქვს ვალუტის დასასტაბილურებლად, გარდა ზემოთ მითითებული არაფრისმომცემი სავალუტო ინტერვენციისა (და მინდა გავაფრთხილო გადაწყვეტილებების მიმღებნი, რომ იმპორტზე 80 %-ით დამოკიდებული საქართველოსთვის ამ რეზერვების ხელის ხლება სხვა თუ არა სურსათზე ხელმისაწვდომობის რისკის შემცველია) არ უნდა დამალოს და პირდაპირ უნდა უთხრას საზოგადოებას.

ივანიშვილის სიტყვებით, რომ ვთქვათ მისი მხრიდან „დაუსაბუთებელი  მსჯელობაა“ იმის თქმა,რომ  „დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს“. ესრებუსია თუ   როგორ  გავიგოთ?

„დღეს“-როდის? განცხადების გავრცელების დღეს-26 თებერვალს?. მსჯელობა: „ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2,0 ლარს“- არაფრის მთქმელია, თუ არ განვსაზღვრეთ ლარის გაცვლითი კურსი რასთან  მიმართებით: შეკელთან, ევროსთან. ალბათ  უნდა მივხვდეთ , რომ  აშშ დოლართან.  ალბათ მივხვდით, მაგრამ ასე ხომ არ იწერება სერიოზული განცხადებები? რატომ არ უნდა აღემატებოდეს 2,0 ლარს ეს კურსი გაუგებარია. რატომ არ ასაბუთებს ნათქვამს ავტორი?

რატომ არ უთითებს ავტორი  კონსტიტუციის  იმ მუხლს , რომლის დაცვასაც ითხოვს? იმის დასასაბუთებლად, რომ ასეთი მითითება კონკრეტული საკანონმდებლო ნორმის დასახელების გარეშე  მხოლოდ სუბიექტური აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეიძლება განიხილო და მას არაფერი არ აკავშირებს  კონსტიტუციურ რეალობასთან, მოვიტან შემდეგ არგუმენტს.  სავალუტო პოლიტიკის მიერ განსაზღვრული  მცურავი კურსის პირობებში არ არსებობს გაცვლითი კურსის მიზნობრივი მაჩვენებელი.  გამონაკლისს არ წარმოადგენს საქართველო. ამჟამად საქართველოში არ არის დადგენილი ლარის გაცვლითი კურსის თარგეთი.  თუ ივანიშვილი თვლის, რომ ეს უნდა იყოს, მაშინ საჭიროა   პოლიტიკური ნება და  მმართველი გუნდის მეშვეობით მოხდეს შესაბამისი კორექტივები სავალუტო  პოლიტიკაში, შეიცვალოს საკურსო პოლიტიკა და  მაშინ კანონით იქნება მოთხოვნილი   მისი შესრულება.

ხელისუფლებას მთლიანად და ხელისუფლებაში ყველას უნდა  მოვთხოვოთ კანონის აღსრულება-ესაა სიტუაციის გაუმჯობესების გენერალური გზა. კონკრეტულად და გადაუდებლად საჭიროა  ხელისუფლების ერთიანი , მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის სახელმწიფო  შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობაში მოყვანა და ეკონომიკური რეფორმის გატარება, მთავრობის ნდობის საკითხის დასმა და გადაწყვეტა.

 P.S. ჯამში სიმართლესთან ერთად ივანიშვილის კრიტიკაც გამომივიდა , მაგრამ დადებითსაც ვიტყვი: მიბაძონ  მას ქართული პოლიტიკის ლიდერებმა და თუ შეუძლიათ თავიანთი პოზიციები სტატუსებიდან გადმოიტანონ პუბლიცისტიკასა და ანალიტიკაში, გააგებინონ ხალხს საკუთარი პოზიცია, და დამთავრდეს  ლანძღვა-გინების,  როგორც პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარი ფორმის სახით გამოყენება. მაშინ დამკვიდრდდება კრიტიკა, რომლის ერთი მაგალითია  წინამდებარე სტატიაც.

P.S.-P.S. ეს სტატია დაწერილი იყო, როდესაც 27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამართა პრესკონფერენცია აღნიშნული განცხადების გამო. ეს არ არის სწორი მიდგომა. პოლიტიკური არასტაბილობა არანაკლებ უარყოფითი ფაქტორია, ვიდრე ინფლაციური მოლოდინი. სჯობდა, ინდივიდუალური გაცნობისთვის მიეწოდებინა საქართველოს ეროვნულ ბანკს ახსნა-განმარტებები ივანიშვილისთვის და სხვა გავლენიანი პირებისთვის, ვინც ამ დღეებში მათ აკრიტიკებს. თვითონ კი მათ ვურჩევდი: გააგრძელონ მუშაობა ისეთ საკითხებზე ,როგორიცაა კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივები (ძალიან დიდი დრო მიეცათ მათ ამ საკითხის მოსაგვარებლად  და თანაც არ არსებობს გაწერილი სამოქმედო კალენდარი ნორმატიული სახით). განსაკუთრებით ყურადღების ღირსია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა. ეროვნულ ბანკს მათთან მიმართებაში აქვს შემოწმების უფლება და დასადგენია სესხის აღების უფლების ქვეშ, ხომ არ ეწევიან ისინი „ფარული დეპოზიტების მოზიდვის“ საქმიანობას და ამასთან, რა თქმა უნდა, საჭიროა კანონით განსაზღვრული კომუნიკაცია ხელისუფლების ყველა შტოსთან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: