ივანიშვილისა და ქადაგიძის შუღლის ისტორია
"ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმემ გიორგი ქადაგიძის ბედი ბიძინა ივანიშვილთან თავიდანვე გადაწყვიტა. ჯერ კიდევ პრემიერი ივანიშვილისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიუღებელი პერსონა იყო. შეპირდა, მაგრამ არ აპატია...
2011 წლის 19 ოქტომბერი...
19 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა რომ იგი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი "ბანკი ქართუს" გარშემო ბოლო პერიოდში მომხდარ რამდენიმე "მნიშვნელოვან" ფაქტს შეისწავლის.
ეროვნული ბანკის წერილობითი განცხადება ბევრ დეტალს არ შეიცავდა, თუმცა იმ ორ ფაქტს ასახელებდა, რომლითაც ბანკის გადაწყვეტილებაა მოტივირებული – ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით წამოყენებული ბრალდება და "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობის შეცვლა.
"საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ–ერთი ამოცანაა ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს. კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით", – ეწერა ეროვნული ბანკის განცხადებაში.
2012 წლის 20 ივნისი...
მოგვიანებით, საქმეში აღსრულების ეროვნული ბიუროც ჩაერთო და ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს ,,ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს "ქართუ ბანკში", აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში".
2012 წლის 2 ივლისი...
"ქართუ ჯგუფის" უცხოელი მეწილეების ადვოკატებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე აუქციონის შეჩერება მოითხოვეს. აუქციონი, რომელზეც "ქართუ ჯგუფის" საკუთრებაში არსებული "ქართუ ბანკის" 100%-იანი წილი იყო გატანილი, 2 ივლისს გამოცხადდა და 10 ივლისს სრულდებოდა.
აუქციონის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ადვოკატებმა ხელისუფლების უკანონო ქმედება გააპროტესტეს, განაცხადეს რა, რომ აუქციონზე მათი კლიენტების ქონებაა გატანილი და არა ბიძინა ივანიშვილის. ადვოკატების სიტყვებით, 5-მა უცხოელმა აქციონერმა გასულ კვირაში უკვე მიმართა სასამართლოს, მათ ქონებაზე ყადაღის მოხსნისა და აუქციონის შეჩერების მოთხოვნით. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2 ივლისის განცხადებით, "ქართუ ბანკის" 100%-იანი წილის ბენეფიციარი მფლობელი პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილია. მისი ქონების იძულებით აუქციონზე გატანის პროცედურა მას შემდეგ განხორციელდა, რაც პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მისთვის დაკისრებული 74 მილიონი ლარის ნებაყოფლობით გადახდაზე უარი განაცხადა.
2013 წლის მაისი...
"ეროვნული ბანკის ლიდერმა კეთილი ინებოს და თავი დაანებოს პოლიტიკურ განცხადებებს და საკუთარ საქმეს მიხედოს. მას მე შევხვდი რამდენჯერმე, მან მე მთხოვა რომ.. ლამის პატიება მთხოვა ქართუ ბანკთან განხორციელებულ ზეწოლაზე, რაშიც ის მონაწილეობდა. მე მას აღვუთქვი, რომ რაც პირადულია და რაც ჩემგან მოდის შემიძლია მაქისიმალურად დავიცვა და ვიყო კორექტული. მას აქვს თავისი ფუნქციები და ბოლო დროს მგონია, რომ ძალიან პოლიტიკური გახდა", - აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პრემიერობის პერიოდში 2013 წლის მაისში გააკეთა.
ორი წლის წინანდელი განცხადება გიორგი ქადაგიძემ ბიძინა ივანიშვილს ორი დღის წინ გაუხსენა და თანაც ნიშნისმოგებით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2013 წელს მის მიერ გამოთქმული პროგნოზი სამწუხაროდ გამართლდა.
"საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს სხვადასხვა თავდასხმებზე, რომელიც პოლიტიკური ფიგურების მხრიდან კეთდება. მაგრამ ვინაიდან ეროვნული ბანკის მიმართ იწარმოება ცილისმწამებული კამპანია, საჭიროდ ვთვლით მოგახსენოთ ეროვნული ბანკის პოზიცია. ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ჩვენ განვაცხადეთ, რომ 2013 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იყო ობიექტური და არ საჭიროებდა გადახედვას. მიუხედავად ამისა ჩვენ მივიღეთ პირველი ტალღა საბოტაჟის და პოლიტიკური ცილისწამების.
სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და მივიღეთ განახევრებული ეკონომიკური ზრდა. 2013 წლის ზაფხულიდან ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ არათანაბარ ხარჯვას აქვს უარყოფითი გავლენა გაცვლით კურსზე. აქაც, წლის ბოლოს, სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე. ეროვნულმა ბანკმა სიტუაციის დასაბალანსებლად რამდენიმე ასეული მილიონის ინტერვენცია განახორციელა სიტუაციის დასაბალანსებლად".
უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში, სავალუტო კრიზისის შექმნაში ეროვნულ ბანკი და ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ დაადანაშაულა...
"ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე".
გიორგი ქადაგიძემ მას ერთდღიანი დუმილის შემდეგ უპასუხა, პოლიტიკური ფიგურების ქმედებებს ცილისწამებლური უწოდა და მთავრობას ეროვნულ ბანკზე თავდასხმის მყისიერად შეწყვეტისკენ მოუწოდა.
"გაუგებარია ივანიშვილის განცხადება, მითუმეტეს რომ სავალუტო ბაზარზე აშკარად შეინიშნება სტაბილიზაცია. გუშინდელი განცხადებების კასკადამდე სავალუტო აუქციონზე გარიგებები დასრულდა 2.16 კურსით, რაც მიუთითებს მდომარეობის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი მიდის კარგად. ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით" - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
უმრავლესობა ყველაფერში ბიძინა ივანიშვილს დაეთანხმა, უმცირესობამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა და ამასობაში ლარის კურსმა გამყარება დაიწყო.
თუმცა, კვირის ყველა ორიგინალური ფრაზა მაინც მიხეილ მაჭავარიანს ეკუთვნის:
"ქადაგიძე ფიქრობდა, ამ მთავრობას დაეხმარებოდა და ესენი დაუფასებდნენ?! აჰა, ხომ ამოსცხეს ქადაგიძეს ერთ ადგილზე?!"- ასე შეაფასა კვირის მოვლენა აიპრესთან სუბრისას მიხეილ მაჭავარიანმა.
წყარო: აიპრეს