უჩა ნანუაშვილი: კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული პოლიტიკა არ გააჩნია
საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში - "საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაცია და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები" - წარმოადგინა. ანგარიში დაფუძნებულია 2014 წელს ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიზანი იყო 1991–1993 წლებში შეირაღებული კონფლიქტებისა და ეთნიკური დაძაბულობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება.
"1990-იან წლებში, მძიმე პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ეთნიკურად ოსების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს ადამიანები ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდნენ, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და იწვევეს საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ შეწყვეტას.
სახალხო დამცველის მიერ შესწავლილმა საქმეებმა ცხადყო, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართ და მათ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა/პოლიტიკა არ გააჩნია. ამ ფონზე, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას არ ითვალისწინებენ კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სპეციფიკურ პირობებსა და საჭიროებებს. არ არსებობს განჭვრეტადი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მოხდებოდა მოქალაქეობის მინიჭება ან უარის თქმა და სტანდარტული უარყოფითი დასკვნები არსებითი დასაბუთების გარეშე გაიცემა.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაზე და მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ემსახურება.
"აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს განსაკუთრებული მიდგომა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელება და სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის საბჭო საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო ექსპერტის ჩართვას საკანონმდებლო დონეზე", – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში ჩართულ შესაბამის სტრუქტურებს, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ადასტურებენ საქართველოში ცხოვრებას და გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს, იხელმძღვანელოს განსხვავებული მიდგომებით და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას საფუძვლად განისაზღვროს სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესები".