შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის "დაკონსერვებული" პრობლემის გადაწყვეტას
"ჩვენ ჩამოვედით სამეგობროდ, მაგრამ ცოტა რთულად დგას საკითხი, რადგან მოთხოვნებიც გვაქვს", - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს, დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რეფორმების პროცესი არის აუცილებელი ევროინტეგრაციისათვის. ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველა ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და შექმნას დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუციები, რომლებიც ხალხის, ერის წინაშე პასუხისმგებელი იქნებიან. ჩვენ რეფორმას სასამართლო სისტემაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ჩემმა ყველა კოლეგამ ამას ხაზი გაუსვა. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის. შვედეთს საკმაოდ ხანგრძლივი და საკმაოდ კარგი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის გვერდში დგომას და თქვენი მიზნების ასრულებაში დაგეხმარებით", - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრების ეს ერთობლივი ვიზიტი, საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს , ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მხარს მტკიცედ უჭერენ.
დანიის, შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვევს, თუ რა მოთხოვნები უნდა შეასრულოს საქართველომ ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, თუ რა ძალისმევაა დასახული მიზნის განსახორცილებლად საჭირო და რა ამოცანა უნდა შესრულდეს საქართველოს ევროკავშირში მომავალი ინტეგრაციისთვის.
რა მოთხოვნები აქვთ ევროპელ პარტნიორებს, ხდება თუ არა ამ მოთხოვნების შესრულება და რა შანსი აქვს საქართველოს ევროკავშირში შესასვლელად, ამ და სხვა საკითხებზე sazogadoeba.ge -თან ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ისაუბრა.
-სტანდარტები აქვს, ეს იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ზოგადი პოლიტიკური სტრატეგია თუ ეკონომიკური ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იმისათვის, რომ ჩვენ ამ კავშირში გავწევრიანდეთ, მეტნაკლებად ამ სტანდარტებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. ჯერ ამ სტანდარტებს ქვეყანა არ აკმაყოფილებს და ეს არის რუტინული, საკმაოდ დიდი სამუშაო. რომელიც ჩასატარებელია. ლოგიკურია ევროპელი მინისტრების განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ აქვთ მოთხოვნები.
-რა კონკრეტული ინიციატივები უნდა განახორციელოს საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის წარმატებით დასრულებისთვის?
-ვიზალიბერალიცაზიიც საკითხი ბევრ თემას უკავშირდება. ერთ-ერთი, მაგალითად ,ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უკავშირდება, რადგან ვიზალიბერალიზაციამ არ გამოიწვიოს ქვეყნიდან ტოტალური გადინება, ეს რისკები რომ არ გაჩნდეს, ბუნებრივია ჩვენი შიდა სიტუაცია უნდა იყოს მიახლოებული მაინც საშუალოდ ევროპულ სიტუაციასთან იმისათვის, რომ ევროპელები დარწმუნებული იყვნენ, ადამიანური რესურსის გადადინება არ მოხდება, რაც პრობლემატურია. ჩვენი კეთილდღეობის თუ დემოკრატიის დონე უნდა იყოს მაღალი იმისათვის, რომ უვიზო მიმოსვლამ ევროკავშირისთვის "თავის ტკივილი" არ შექმნას. ყველაფერი უნდა შევასრულოთ - უნდა იყოს მეტი დემოკრატია, მეტი კეთილდღეობა, იმისთვის, რომ ევროპელებმა, ევროპამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთთან დაკავშირებით.
-რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს იმისთვის, რომ არ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება?
-ეს არის დასავლური პოლიტიკა ზოგადად. პირველ რიგში. არაღიარების და რუსეთზე გარკვეული ზეწოლის, იმისთვის, რომ ქვეყნის გამთლიანების პრობლემები იყოს გადაწყვეტილი. ეს არის გაცხადებული პოლიტიკა. სხვა საკითხია. რა ინსტრუმენტი აქვს ევროკავშირს რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად. მე პირადად სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან ცხელი კომფლიქტი აქვთ უკრაინაში და იმას ვერაფერს უშვებიან და მითუმეტეს, დიდი ხნის "დაკონსერვებული" პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ბუნებრივია, არავის არ ჰგონია, რომ მათ აქვთ რაიმე ამ პრობლემის გადაწყვეტის გასაღები. არაღიარების პოლიტიკა და დასავლეთის ბერკეტი რუსეთზე ზემოქმედებისთვის კარგია რეალობიდან გამომდინარე და არის იმის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლება.
-პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, გჟეგოგ სხეტინას განცხადებით, პოლონეთის მიერ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, შესაძლოა, საქართველოსთვის კარგი მაგალითი იყოს. საქართველოს შეუძლია თავდაცვის ბიუჯეტი იმდენად გაზარდოს, რომ თავი დაცულად იგრძნოს?
-ევროპა არ არის ერთგვაროვანი. დასავლეთ ევროპას სხვა მიდგომა აქვს, აღმოსავლეთ ევროპას - სხვა. აღმოსავლეთ ევროპაში, ბოლო პერიოდში, მეტი აქცენტები სამხედრო ფაქტორზე კეთდება. ეს რამდენად ეფექტურია, სხვა საკითხია. ევროპა ამ კონცეფციას ფრთხილად უყურებს. ამაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია. ჩვენ რაც არ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ბიუჯეტი, თუ ძირითადი მოწინააღმდეგე რუსეთი იქნება, სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ეს ბევრს ვერაფერს გვიშველის, მეორე მხრივ კი, დაუცველებიც არ უნდა ვიყოთ. პოლონეთს აქვს თავისი არჩევანი, საქართველომ თავისი გზა უნდა აირჩიოს. ასეთი რეკომენდაციები არ უნდა იყოს გაგებული პირდაპირ. ეს შიდა დისკუსიების საგანია. პოლონეთის საგარე საქმეთა მინისტრს დავუსვამდი კითხვას, - რეალურად რას მოგვცემს ეს? თუ საუბარია თავდაცვაზე, გასაგებია, თუ საუბარია ერთიან ფრონტზე რუსეთის საწინააღმდეგოდ და რაღაც გლობალურ თამაშებში მონაწილეობაზე, ეს მეორე საკითხია. მათ თქვან, ჩვენ მოვისმინოთ. ასე რომ გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია.
- როგორც ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რუსული პროპაგანდის გასანეიტრალებლად ხელი უნდა შევუწყოთ ალტერნატიული, დამოუკიდებელი რუსულენოვანი მედიასაშუალებების განვითარებას...
- საერთოდ პროპაგანდისტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, მიუხედავად იმისა , რომ ინფორმაციის საუკუნეა და ინფორმაცია დიდწილად გლობალურ საკითხებს განსაზღვრავს, მაინცდამაინც სასურველად არ მიმაჩნია. იმიტომ, რომ საინფორმაციო ომებით იწყება "ცივი ომის" ფაზაში გადასვლა. არ ვუსურვებდი დღევანდელ სამყაროს "ცივ ომის" კარიბჭრესთან დგომას. საინფორმაციო ომების წარმოება შესაძლებელია, ძალიან სარისკოა და რეალური, სახელმწიფოების პოლიტიკისთვის არცთუ სასარგებლოა. მარიონეტების პროპაგანდისტულ ომში არ ვისურვებდი საქართველოს მონაწილეობას. ჩვენ უნდა შეგვწევდეს ძალა, რომ ჩვენს მოსახლეობას და მეგობრებს რეალურ პრობლემებზე ველაპარაკებოდეთ და არა პროპაგანდისტულ თემებზე.
-რამდენად სწორად იყო დაყენებული საკითხი ევროპელ მინისტრებთან შეხვედრის დროს არასამთავრობო სექტორის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისად არ ხდება ევროპული ღირებულებეის პროპაგანდა და შეინიშნება პრორუსული ჯგუფების გააქტიურება?
- ხელისუფლების ქმედებაში რამე გადახვევას ევროპული ღირებულებებისგან ვერ ვხედავ. არსებობს ობიექტური პრობლემები. საგარეო საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სისტემები ამ ფარგლებში მოქმედებენ. ასე რომ, შეიძლება იყოს ხელისუფლების ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები და ეს არასამთავრობოებს ჰქონდეთ, მეორე მხრივ, ვიტყოდი, რომ თვითონ არასამთავრობოები მეჩვენება პოლიტიზირებულ ორგანიზაციებად. ვფიქრობ, რომ ისინი თავიანთ ძირითად ამოცანას აცდნენ. რადგან არასამთავრობო სექტორის მთავარი ფუნქცია არის ხელისუფლების მონიტორინგი, კრიტიკა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. არასამთავრობოების საქმე არ არის პოლიტიკური პროცესების პრევენცია. მათ იმაზე მეტად შეტოპეს პოლიტიკაში, ვიდრე ეს მათ კომპეტენციაშია. როდესაც არასამთავრობოები აცხადებენ, რომ საქართველოში რაღაც პრორუსული ძალები გამოჩნდნენ და ამის გამო რაღაც ხმაურს ტეხენ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის მათი საქმე. არასამთავრობო სექტორის საქმე არის ნებისმიერი მოსაზრების დაცვა და ტოლერანტობა. როდესაც ისინი ტეხენ პანიკას, რომ ვიღაც დეპუტატმა პრორუსული განცხადება გააკეთა, ეს მათი ფუნქციების არასწორი გაგებაა. ისინი უნდა იყვნენ მიუღებელი პოზიციის გამოთქმის თავისუფლების გარანტები, არ უნდა მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ ვიღაცას ენა ჩააგდებინონ. ჩემი აზრით, სამოქალაქო სექტორი გადის თავისი კომპენტეციის ფარგლებიდან და გადადის პოლიტიკაში. მათ შეუძლიათ შექმნან პოლიტიკური პარტია და იბრძოლონ პოლიტიკურად. მაშინ ეს ღიად უნდა თქვან და არა ის, რომ ისინი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ფიქრობენ. მათი საქმე არ არის პანიკის ატეხვა და იმაზე საუბარი, რომ ვიღაც პრორუსული ძალები გამოჩნდნენ.