თამარა კიკნაძე: " რელიგიური ფაქტორი გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული, ხოლო ქართველი ქალი ყველაზე იაფფასიან მეძავად არის ქცეული"

თამარა კიკნაძე:  " რელიგიური ფაქტორი გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული, ხოლო  ქართველი ქალი ყველაზე იაფფასიან მეძავად არის ქცეული"

"ივერიონს"  პოლიტოლოგი თამარა კიკნაძე   ესაუბრა

 

-როგორც პოლიტოლოგი, როგორ შეაფასებთ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას - როგორ შეიცვლება მისი მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ჩამოყალიბდება თუ არა მესამე პოლიტიკური ძალა? 

-დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია მარტივი არ არის, რასაც განაპირობებს როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორები. ზოგადად, მსოფლიოში რთული ვითარებაა,  ეს, გარკვეულწილად,  ჩვენზეც აისახება.  ამას ემატება ჩვენი ქვეყნის  სინამდვილეში არსებული  თავისებურებები. მოლოდინი ძალიან დიდი იყო. მოსახლეობას სჯეროდა, რომ ახალარჩეული ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის დაკვეთას შეასრულებდა - პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემდა წინამორბედი ხელისუფლების ქმედებებს და პასუხს აგებინებდა დანაშაულებრივი სისტემური რეჟიმის შექმნის გამო. ამ მხრივ მოსახლეობა უკმაყოფილოა. ჩვენ შემოგვთავაზეს  ე. წ. კოჰაბიტაციის რეჟიმი, რომელსაც ძალიან ცოტა აქვს საერთო  კოჰაბიტაციის ფრანგულ მოდელთან, საიდანაც მოდის ეს ტერმინი. მოსახლეობამ აირჩია "ქართული ოცნება"  და უარი უთხრა "ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ ეს უკანასკნელი მთავარ ოპოზიციურ ძალად მოგვევლინა, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ამ ძალას წარმოგვიჩენენ როგორც კონსტრუქციულ ოპოზიციას. ეს კი იმის წინაპირობაა, რომ პოლიტიკური პროცესი არ არის ჯანსაღი. მოსახლეობას აღიზიანებს ამ ძალადდანიშნული ოპოზიციის ტონი, აგრესიულობა, თავხედობა და "ქართული ოცნების"  მუდმივი თავის მართლების რეჟიმი. იმის მაგივრად, რომ დებატები შეეხებოდეს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენ განუხრელად ვართ მოწმენი კინკლაობისა იმის შესახებ,  გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ დასავლეთისაკენ სწრაფვის გზას. ხელისუფლების მდგომარეობა მარტივი არ არის - ერთი მხრივ, მოსახლეობა მოითხოვს სამართლიანობის აღდგენასა და "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებასა და დასჯას, მეორე მხრივ, იგი იძულებულია, ანგარიში გაუწიოს პოლიტიკურ კონიუქტურას - დასავლეთის აზრს - თავი დაანებოს "პოლიტიკურ ანგარიშსწორებას" და "ნაციონალები" კონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალად აღიქვას. ასეთ რთულ სიტუაციაში არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, რაც ხელეწიფებათ მხოლოდ განსაკუთრებული პოლიტიკური ალღოსა და ნიჭის მქონე ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულის გამო თავგანწირვა და რისკის გაწევა შეუძლიათ. ასეთ ადამიანებს კი ხელისუფლებაში მაინცდამაინც ვერ ვხედავ. ქართული ოცნება წარმოადგენს ეკლექტურ გაერთიანებას, სადაც სხვადასხვა შეხედულებისა და პოლიტიკური ორიენტაციის პარტიებია გაერთიანებული. მას  უკვე გამოეყო ერთი პარტია. უშუალოდ ოცნების ბირთვი  სტრუქტურულ გამართვასა და კადრებით  გაძლიერებას საჭიროებს. სწორად დაგეგმილი საარჩევნო პოლიტიკის   შემთხვევაში მას ჯერ კიდევ გააჩნია  არჩევნებში გამარჯვების რესურსი. რაც შეეხება მესამე ძალას, პოლიტიკური ბაზარი და ქვეყნის კეთილდღეობა  ნამდვილად ითხოვს ასეთი ძალის არსებობას.

 

-ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ არის პროქართული ძალა და არც მისი ოპოზიციაში ყოფნაა სასურველი. თქვენი აზრით, ჩანს თუ არა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მისი ჩამანაცვლებელი სხვა ძალა და თქვენ ვინ მიგაჩნიათ პროქართულ პოლიტიკურ გუნდად? 

 

-მე ნაწილობრივ გავეცი თქვენს კითხვას პასუხი. წინა ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვქონდა კაცთმოძულე, კრიმინალურ ადამიანებთან, რომლებიც სახელმწიფოს პიარ ტექნოლოგიებით მართავდნენ – ვირტუალურ კეთილღეობასა და ქვეყნის წარმატებებზე ლაპარკობდნენ; სინამდვილეში კი მოსახლეობას მასობრივ გაღატაკებასა  და ბანკების "კაბალაში" მოქცევას უწყობდნენ ხელს; რუსეთს აგინებდნენ და, ამავდროულად,  მისთვის სასურველ პოლიტიკას ახორციელებდნენ;  ომი წააგეს და მოგებულად გაასაღეს, ტერიტორიის 20%  პროცენტზე მეტი დე-იურედ დაკარგეს და სხვ. რამდენი ერთი დანაშაულის ჩამოთვლა შეიძლება. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკა ძალიან მკაცრად შეფასდებოდა, ხოლო ასეთი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია  ციხეში ისხდებოდნენ სამშობლოს ღალატის მუხლით. როდესაც მათ მოღვაწეობას ვაფასებ - ეს არ არის ემოციური შეფასება. ეს არის მათი დანაშაულებრივი პოლიტიკის  გამოწვეული შედეგების შეფასება.

 

-საუბარია ნინო ბურჯანაძისა და "პატრიოტული ალიანსის" "პოლიტიკურ ქორწინებაზე." რეალურია თუ არა ეს და რას შეცვლის მათი ალიანსი? 

 

 -საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ბურჯანაძის პარტიას მხარი დაუჭირა მოსახლეობის ათმა პროცენტმა.  პარტიამ საკმაო რაოდენობა გაიყვანა ადგილობრივ არჩევნებში ისევე, როგორც "პატრიოტთა ალიანსმა". სიმპტომტური იყო NDI-ს სოციოლოგიური კვლევა. ამ კვლევის შედეგებს მაინცდამაინც არ ვეთანხმები, მაგრამ ამ  შედეგებით, ეს პარტიები პარლამენტში გასასვლელ ხმათა რაოდენობას ფლობენ. თუმცა, ჩემი აზრით, მათი მხარდაჭერის პროცენტი უფრო მაღალია, ვიდრე ამ კვლევაშია წარმოდგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალები ანგარიშგასაწევია და მათ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ პარლამენტში მოხვედრა, ამიტომ არ მგონია, რომ ისინი გაერთიანდნენ. თუმცა არაფერი არ არის გამორიცხული.

 

-დღეს მწვავედ დგას საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. წინა ხელისუფლებამ დასავლური კურსის აღების აუცილებლობა მოახვია თავს საზოგადოებას, რის გამოც არაერთხელ დავიტუქსეთ, ახალმა - დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვია და წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს. თქვენი აზრით, რაგვარ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა საზოგადოების ბოლოდროინდელი განწყობა რუსეთის მიმართ ლოიალური? 

 

-არც ერთ ძალას არ შეეძლო დასავლეთის ისეთი დისკრედიტირება, როგორც ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკეთა.  ნატოს თემა რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენა თავისი ექსპანსიის გასამართლებლად. წინა ხელისუფლება გვიქადაგებდა, რომ რუსეთთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, რომ ნატოში ინტეგრირება იყო ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ამასობაში რუსეთი  ექსპანსიას ეროვნული ინტერესების დაცვით ხსნიდა და აცხადებდა, რომ თავის საზღვრებთან ნატოს მოახლოვებას არ დაუშვებდა. ვინმეს ხმა რომ ამოეღო, რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპაკების შესახებ, მაშინვე კრემლის აგენტად შერაცხავდნენ. თავად კი რუსეთის ლანძღვა-გინების ფონზე ყველა მისი ამოცანის წარმატებით რეალიზებას შეუწყვეს ხელი. შედეგად ძალიან მძიმე სურათი მივიღეთ - დე- იურე დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული ბიჭები, დევნილების ახალი ნაკადი და გაჩანაგებული ეკონომიკა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს აშკარად იმატა პრორუსულად განწყობილი ადამიანების რიცხვმა, განსაკუთრებით საშუალო და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობას შორის, რომლებსაც ეკონომიკურად ძლიერი საქართველო ახსოვთ. 

 

-ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდით, რომ 2015 წელს ვადა გასდის ყარსის ხელშეკრულებას, რომლის გარანტორებიც რუსეთი და თურქეთი არიან. ამბობენ, რომ თურქეთს დღესაც უჭირავს თვალი აჭარაზე და მას თავის შემადგენლობაში მოიაზრებს (იშველიებს დავით ოღლუს დოქტრინას). თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ამ თვალსაზრისით, მით უმეტეს, რუსეთთან დღევანდელი ურთიერთობის ფონზე?

 

-ყარსის  სამშვიდობო ხელშეკრულებას თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის  ხელი მოეწერა ყარსში 1921 წლის 13 ოქტომბერს,  ხოლო რატიფიცირებულ იქნა  1922 წლის 11 სექტემბერს ერევანში. შეთანხმებით თურქეთმა აჭარის ნაწილი, მისი უდიდესი ქალაქი ბათუმი და ქ.გიუმრი საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო ნაცვლად  ყარსი, ართვინი და არტაანი მიიღო. საქართველო-თურქეთის ურთიერთობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთ-თურქეთის ურთიერთობასთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო 1878 წლის სან-სტეფანოს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, რუსეთმა დამარცხებული ოსმალეთისგან ისტორიული ქართული ტერიტორიები - ტაო-კლარჯეთი, ერუშეთი და სხვ. მიიღო. 1878-79 წლების ომის შედეგად ბათუმი და ართვინ-არტაანი კონტრიბიციის სახით რუსეთის ხელში გადავიდა. მოგვიანებით, ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, რუსეთ-თურქეთის დადგენილი საზღვარი 37 წლის განმავლობაში უცვლელი იყო. პირველმა მსოფლიო ომმა თავისი კორექტივები შეიტანა. 1918 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ბათუმსა და ართვინს ჯერ ოსმალები, მოგვიანებით კი მუდროსის 1918 წლის ზავით ბრიტანელები დაეუფლნენ, არტაანი კი შექმნილმა პროთურქულმა  თვითმარქვია ყარსის რესპუბლიკამ დაისაკუთრა. საინტერესოა, რომ პარიზის სამშვიდობო კოფერენციაზე - 1919 წლის 18 იანვარს -  საქართველომ თავისი დელაგაცია გააგზავნა კარლო ჩხეიძის მეთაურობით. დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი, სადაც დასაბუთებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კანონიერება და მის იურიდიულად (დე იურედ) აღიარების მოთხონა. მემორანდუმში დასახელებული იყო ის რეგიონები, რომელსაც საქართველო ფლობდა დამოუკიდებლობის გამოცხადებისას და მოითხოვდა იმ ტერიტორიის ნაწილს, რომელიც ადრე ეკუთვნოდა მას: ისპირი, არტაანი, ოლთისი, ჭანეთი. პარიზში ანტანტის სახელმწიფოების უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულების პირობების შემუშავებასთან ერთად განხილულიყო სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის დადგენის საკითხიც. ამ  მიზნით, კონფერენციის უმაღლესმა საბჭომ შეადგინა კომისია - ინგლისის, საფრანგეთის, იტალიისა და იაპონიის წარმომადგენლების მონაწილეობით,  რომელსაც ინგლისელი ბ. კამერერი ხელმძღვანელობდა. განსაკუთრებით მწვავე დისკუსია გაიმართა ბათუმის საკითხთან დაკავშირებით. კომისიის აზრით, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ზღვაზე მთავარი გასასვლელი ბათუმი უნდა ყოფილიყო და იგი საერთაშორისო ქალაქად უნდა გამოცხადებულიყო. სომხეთის დელეგაცია პარიზის კონფერენციაზე დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხარდაჭერით სარგებლობდა. სომხეთის ინტერესების დამცველად გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი. მისი გეგმით, სომხეთის ტერიტორია უნდა გაფართოებულიყო ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთის ვილაიეთების ხარჯზე და სომხეთს უნდა მისცემოდა ზღვაზე გასასვლელი. სომხეთის დელეგაციის აზრით, გასასვლელი გზა სომხეთს უნდა მიეღო ტრაპზონის ვილაეთში და მას უნდა მიმატებოდა საზღვაო სანაპირო ტირებოლუდან ხოფამდე. მას უნდა მისცემოდა, აგრეთვე, ბათუმში გასასვლელი. მოგვიანებით 20 აპრილს სენ-რემოში განახლებული მოლაპარაკებისას სამ რესპუბლიკას შორის, ინგლისის წარმომადგენლის შუამდგომლობით, სომხეთის დელეგაციამ დავა გააგრძელა მდ. ჭოროხის მარცხენა ნაპირის შესახებ, მაგრამ დავას კატეგორიული ხასიათი აღარ ჰქონია. მთავარი პრობლემა იყო ბათუმის ოლქზე რკინიგზის გაყვანა. სომხეთის დელეგაციამ მოითხოვა, რომ სომხეთს მინიჭებოდა "საკუთრების უფლება რკინიგზაზე, ლიანდაგზე, მოწყობილობაზე." ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა იმის გამო, რომ სომხეთის მხარე ითხოვდა რკინიგზის გაყვანის შეღავათიან პირობებს საქართველოს ტერიტორიაზე ლაზისტანის სანაპირომდე - რიზემდე, სადაც სომხეთს ექნებოდა საკუთარი ნავსადგური. მაგრამ, როგორც ცნობილია, საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა საქართველოს დელეგაციის პოზიციის გამო, რადგან მხოლოდ საქართველო მიდიოდა დათმობაზე და სანაცვლოდ არაფერს იღებდა. ყარსის ხელშეკრულების შედეგად დაკარგული ქართული და სომხური მიწების დაბრუნებაზე ლაპარაკი იყო პოტსდამის კონფერენციასა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. შემონახულია სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის,  საქართველოს კათთალიკოს-პატრიარქის - კალისტრატე ცინცაძის წერილი გაეროს მიმართ  თურქეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნების შესახებ,  ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ მომზადებულ იქნა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა ((ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით) და სხვ. არქივებში შემონახულია ანკარაში საბჭოთა საელჩოს მიერ კრემლში გაგზავნილი საიდუმლო მასალები, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული ტრაპიზონის, არტაანის, ართვინისა და ყარსის დაბრუნების შესახებ და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თაობაზე. ისტორიის ეს ფაქტები სათანადოდ არ არის შესწავლილი. როგორც ჩანს, სტალინს გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ტერიტორიების დაბრუნება და ზემოაღნიშნული წერილები, ალბათ, ამ პროცესის მომზადებას ემსაურებოდა.

უახლოეს წარსულამდე  ყარსის ხელშეკრულებას არავინ იხსენებდა. ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსი აჭარის ავტონომიის გაუქმებასაც კი მოითხოვდა. ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, ხშირად  დამახასიათებელია  ქართველი პოლიტიკოსებისთვის. მათ არც კი უწყოდნენ, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ და რომ ცალმხრივად მისი დენონსაცია შეუძლებელია. თვით ამ მხარეების განწყობაც ამ ხელშკრულების მიმართ სხვადასხვაგვარია. სომხეთი ამ ხელშეკრულების ნაწილს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, აზერბაიჯანისთვის ამ ხელშკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ნახჭევანის გამო. საქართველოს ერთადერთ თავის მეზობელ ქვეყანასთან აქვს დემარკირებული საზღვარი. ეს ქვეყანა თურქეთია. როგორც ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, თურქული მხარის მოთხოვნით, ყარსის ხელშეკრულება 1992 წელს ედუარდ შევარდნაძისა და სელიემან დემირელის მიერ ხელმოწერილ "ჩარჩო ხელშეკრულებაში" იქნა გამეორებული.  ამ ხელშეკრულებამ თავის დროზე დიდი კრიტიკა გამოიწვია.  თურქეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, საქართველომ დეიურე აღიარა დღევანდელი თურქეთის მფლობელობაში არსებული ქართული ტერიტორიები. 1992 წლის 30 ივლისს დადებული ჩარჩო-შეთანხმების პრეამბულის მე-6 აბზაცში ყარსის ხელშეკრულება მართლაც არის ნახსენები, თუმცა... საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის  - კახა სიხარულიძის აზრით, როდესაც დაიდო ჩარჩო ხელშეკრულება მეგობრობის, კეთილმეზობლობის ხელშეკრულება თურქეთთან, მხარეები შეთანხმდენენ (რაც  ჩაიდო ხელშეკრულებაში), რომ ყარსი საინტერესოა მხოლოდ და მხოლოდ საზღვართან დაკავშირებით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებისთვის მოქმედებს შეთანხმების ის მუხლები, რომლებიც ეხება მხოლოდ სასაზღვრო საკითხებს!

მოგვიანებით გავრცელდა ერთ-ერთი თურქი დიპლომატის  ორად ორი ფრაზა, რომ ყარსის ხელშეკრულება არსებობს და დღემდე მოქმედებს და ეს კომენტარს არ საჭიროებს, რაზედაც ქართულ მხარეს დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია იმ მოტივით, რომ, როდესაც საელჩოს დაუკავშირდნენ, იქედან პასუხი არ მიუღიათ. 

ყარსის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 93 წელი გავიდა, მაგრამ მის მოქმედებაში არსებობას კარგად ადასტურებს თურქეთის რეაქცია თუნდაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს.  მე შემთხვევით არ მომიყვანია (მართალია, არასრულად) ის ისტორიული პერიპეტიები, რომელიც ბათუმის ოლქის საქართველოსთვის დაბრუნებას უძღოდა, თუ რამდენად მიმზიდველი და მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია, რამდენი საფრთხეა და რამდენად გაზომილი და აწონილი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა. 

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ აქტიურად ხორციელდება რუსეთის გავლენის თურქულით ჩანაცვლება. საერთოდ, ამ პროცესმა, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიდი სარგებელი თურქეთს მოუტანა. ფინანსურად და ეკონომიკურად გაძლიერებულმა ქვეყანამ ტექნოლოგიურ და კულტურულ წარმატებასაც მიაღწია. ამაზე კარგად მეტყველებს ჩვენი ტელევიზიების უმეტეს არხებზე  მომრავლებული  თურქული სერიალები, სადაც მიმზიდველი და ბედნიერი ცხოვრებაა ნაჩვენები. ამას დაუმატეთ ეკონომიკური ექსპანსია და თურქი მოსახლეობის შემოსვლის ტენდენციები. ეკონომიკურად გაჩანაგებული ქართველი მოსახლეობის ადგილს, რომელიც უსახლკაროდ რჩება და სარჩო-საბადებლის საძიებლად მასობრივად გაედინება ქვეყნიდან, ადგილს მეზობელი ქვეყნიდან (და არა მარტო)  ეკონომიკურად მომძლავრებული ჩამოსული ბიზნესმენები იკავებენს. მომრავლდა მათი ბენზინ-გასამართი სადგურები, მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულებები. თვით მუსლიმი აჭარელი მოსახლეობაც ხშირად აღნიშნავს, რომ რელიგიური ფაქტორი გარკვეული ძალების მიერ არის ინსპირირებული. ოდესღაც ზნეობის მაგალითის მიმცემი ქართველი ქალი ყველაზე უფრო იაფფასიან მეძავად არის ქცეული. ამას თუ დღევანდელი პემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებულ დოქტრინას დავუმატებთ, ნამდვილად არის დაფიქრების მიზეზი. მით უმეტეს, როდესაც სახეზეა თუნდაც კვიპროსის მაგალითი.  ამით სულაც არ მინდა, უმადური ვიყო და დავივიწყო თურქეთის მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი, მაგრამ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და მის რეალიზებას ცდილობს. ქართველების განსაკუთრებულ სწრაფვას თავისი მიზნებისა და ინტერესების განხორციელებისთვის  კი მეტი ძალისხმევა, ენერგია და მცდელობა სჭირდება.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: