მანანა ნიკოლეიშვილი: „ვერ გაგვირკვევია, საქართველოში პრემიერია პირველი პირი თუ პრეზიდენტი და რომელ ენის სტატუსზეა საუბარი?!“
„ივერიონი“ გალის ქართულ სკოლებში ქართული ენის აკრძალვასა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრება ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი.
-ქალბატონო მანანა, საზოგადოებაში მძაფრი ემოცია გამოიწვია აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის გადაწყვეტილებამ, სექტემბრიდან გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვის შესახებ. ხედავთ თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღმა რუსულ კვალს?!
-რა თქმა უნდა, რუსული კვალი აშკარაა! ეს მდგომარეობა არ არის 1-2 წლის შედეგი - სანამ რუსეთი აფხაზეთს წაიღებდა, მანამდეც იყო ქართული ენის სტატუსი შელახული. ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმ ტერიტორიაზე არ ვრცელდება და იქ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი არ აქვს, მაგრამ თვით აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსი რომ დარღვეულია და რუსულია გაბატონებული, ამას რატომ უშვებენ ჩვენი მოძმე აფხაზები?
რამდენიმე ხნის წინ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელ ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით მისმა მინისტრთა კაბინეტმა ჩაატარა შეხვედრა, სადაც განიხილეს, რომ აფხაზეთიდან საქართველოში დევნილ სკოლებში აფხაზური ენა უნდა ისწავლებოდეს. ამისთვის ყველაფერი მზადაა -მალე წიგნებიც კი დაიბეჭდება. ჩვენ ასე ვმსჯელობთ და ვირჯებით, აფხაზებმა კი საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგეს!
-საზოგადოებრივ წრეებში ამბობენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადება ამ საკითხზე არაფრისმთქმელი იყო. არც ხელისუფლება იწუხებს თავს ზედმეტი რეგირებით. რას ნიშნავს ეს?
-მიუხედავად იმისა, რომ საგანგაშო სიტუაციაა, მე არავინ მინახავს ჩვენი მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე მოსკოში ჩასული. დიპლომატიური კავშირი რუსეთთან დარღვეულია. ჩვენ ჯერ ის ვერ გაგვირკვევია, ჩვენს ქვეყანაში პრემიერია პირველი პირი თუ პრეზიდენტი და რომელი ენის სტატუსის გარკვევაზეა საუბარი? არ არსებობს მდგომარაობა ორი გამოსავალი მაინც არ ჰქონდეს და ერთიც ვერ მოძებნა ჩვენმა ხელისუფლებამ? რა გგონიათ, აბაშიძე-კარასინის შეხვედრებით დავიბრუნებთ აფზაზეთს?! მე კარგად ვიცნობ იმ ხელშეკრულებას, რომლითაც ეს კანონი უნდა აღსრულდეს გალის სკოლებში და ეს განხორციელდება, ამ საქმეს არაფერი არ ეშველება! განათლების მინისტრი ტანკში ხომ არ ჩაჯდება? მის დონეზე ეს არ გადაწყდება!
-სად ხედავთ გამოსავალს?
-პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი ერთად უნდა შეხვდნენ პუტინს, ესაა გამოსავალი. აფხაზეთში, სოხუმის უნივერსიტეტში, სწავლება რუსულ-სომხურ- აფხაზურ ენებზე მიმდინარეობს. იკითხონ, რატომაა სომხურ-რუსული დაშვებული? ეს გაუგონარი დისკრიმინაციაა ქართული ენისა!
-საქართველოს საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლება მოგწონთ თუ არა?
-არ მომწონს! ქართული ენის გრამატიკა უნდა ისწავლებოდეს შანიძე-კვაჭაძის წიგნით, ხოლო ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებიდან “ამოსაყრელია“ თანამედროვე ქართველი მწერლების უხამსი და უაზრო ნაწარმოებები, მათ შორის, უცხოელი მწერლებისაც.
-რას მოუწოდებთ დღევანდელ ქართულ ხელისუფლებას?
-აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს. მართალია, აფხაზური ენის დაცვაზე კონფრენციები ტარდება, მაგრამ მეტი ხმაურია ასატეხი ამ საკითხზე გაეროში, ევროსაბჭოში, ბოლოს და ბოლოს, სარჩელია მოსამზადებელი. და მთავარი, სააკაშვილის დროს რამდენიმე ათეული აფხაზეთიდან დევნილი სკოლა დაიხურა და 13-ღა დარჩა. ბიძინა ივანიშილმა დადო მათი აღდგენის პირობა და ეს უნდა შეასრულოს, რადგან, როცა დავბრუნდებით აფხაზეთში, ურთიერთობა არ გაგვიჭირდეს!
ესაუბრა ია ჯღარკავა