რამ გაამწარა თამაზ ელიზბარაშვილი?
კომპანია „ელიზის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი „საქართველო და მსოფლიოს“-სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის მეგობრებთან ერთად შემოდგომისთვის ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას აანონსებს.
ელიზბარაშვილი არ აკონკრეტებს, „მეგობრებში“ მისი კოლეგა-ბიზნესმენები იგულისხმება თუ არა და საერთოდ, რა ძალებს დაყრდნობა იგი.
თუმცა, ვიდრე მისი მხრიდან გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებზე ვისაუბრებდე, უპრიანია აღინიშნოს ელიზბარაშვილის დამოკიდებულება ზოგადად ქართული ბიზნესისადმი. კომპანია „ელიზის“ მეპატრონე ხმამაღლა აცხადებს, რომ ქართული ბიზნესი კვდება - მართალია, ბიზნესი დღეს თავისუფალია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მის გადასარჩენად...
საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თამაზ ელიზბარაშვილიც ის არასასურველი ბიზნესმენი აღმოჩნდა, ვინც სააკაშვილის „წმენდაში“ მოჰყვა და რამდენიმე თვე ციხეც ახეხინეს... არაფერს ვამბობ 6 მილიონ დოლარზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე, რომელიც მას გირაოთი თავის გამოსახსნელად დასჭირდა.
სხვათაშორის, ბ-ნი თამაზი პირველი „მერცხალი“ იყო, ვინც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დაგირავებული ქონება დაიბრუნა და ყველა ბრალდებაც მოიხსნა. თუმცა, მისი აქტიურობა, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში ამით არ დამთავრებულა - დააფუძნა იურიდიული კომპანია „სამართლის სახლი“, რომლის მიზანი, როგორც თვითონ აცხადებს, უპირველესად იმ კოლეგა-ბიზნესმენების მხარდაჭერაა, ვინც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი გახდა.
კომპანია „ელიზის“ მეპატრონე გულისტკივილით აცხადებს, რომ ისინი, ვისი ინტერესებიც უნდა დაეცვა, „სამართლის სახლს“ ბოლომდე გვერდში არ დაუდგნენ და თუ მისი სიტყვებით ვიტყვით, ხელისუფლებასთან გარიგება-მოლაპარაკებაზე წავიდნენ.
ელიზბარაშვილი ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რა მიზეზებმაც იგი ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებამდე - პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობამდე მიიყვანა.
„რატომ არ შეასრულეთ დაპირებები, რატომ მივიღეთ ამერიკელებისგან თავსმოხვეული კოჰაბიტაცია?...“ „როცა ვეკითხები ჩემს მეგობრებს, „რესპუბლიკელებს“, გადით და უთხარით ხალხს, რა უბედურება არის ამერიკა... ისინი მეუბნებიან, რომ ეს საჭირო იყო, რომ ამერიკა არ გაბრაზებულიყო“. სვამს რიტორიკულ კითხვებს ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი და ამ გაბრაზების ფონზე ახალი პროქართული პარტიის დაფუძნებას გვპირდება. იგი ღიად აფიქრსირებს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს ირმა ინაშვილთან და მასთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს. თუმცა, არ აკონკრეტებს რა კრიტერიუმების გამო მოსწონს მას „პატრიოტების“ გენერალური მდივანი...
კეთილი და პატიოსანი - საქართველოში კიდევ ერთი პროქართული პარტია დაფუძნდება (ისე, პრო რომ მოვაშოროთ, უკეთესი იქნება!), რომლის სათავეში ცნობილ ბიზნესმენს თამაზ ელიზბარაშვილს ვიხილავთ.
მისი დაუდგრომელი და მებრძოლი ხასიათი თითქოს არჩევანის პოზიტიურად შეფასების საშუალებას იძლევა, მაგრამ მაინც თავს იჩენს მარადიული კითხვა: რატომ მიდის ბიზნესმენი პოლიტიკაში, როცა მას შეუძლია თავისი საქმე აკეთოს და საკუთარი ფინანსებით ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების მოსვლას ხელისუფლებაში?
სხვათაშორის, ბოლო 25 წლის მანძილზე ბიზნესმენების პოლიტიკაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - საკუთარი ბიზნესის ლობირებას, სხვა ხეირი მათ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის, ზოგადად საქართველოსთვის არ მიუტანიათ.
როგორც ზემოთ ითქვა, ელიზბარაშვილი ღიად აცხადებს, რომ „ბიზნესი დღეს თავისუფალია“, ანუ, ლობირება საჭირო არ არის. მაშინ, რატომ მიდის ის პოლიტიკაში? იმიტომ, რომ ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი კანონების ლობირება მოახდინოს?.. თუმცა, კითხვები ამით არ ამოიწურება...
რადგან მისი მხრიდან პოლიტიკური პარტიის დაფუძნება დაანონსებულია, ლოგიკურად ჩნდება რამდენიმე კითხვა:
• როგორია მისი პოლიტიკური ორიენტაცია: მემარჯვენე, მემარცხენე, თუ ცენტრისტული?
• რა დამოკიდებულება ექნება მას დღევანდელ მმართველ კოალიციასთან?
• როგორია მისი საერთაშორისო პოლიტიკური ვექტორი (პროდასავლური, (პროამერიკული), პრორუსული თუ ნეიტრალური)?
• როგორ წარმოუდგენია ქართული ეკონომიკის გაჯანსაღება და ზოგადად, ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება ეკონომიკაში?
• რა დამოკიდებულება ექნება მის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნული ფასეულობების მიმართ და რით განსხვავდება მისი პოლიტიკური კრედო საქართველოში დღემდე არსებული პოლიტპარტიების კრედოსგან?
ერთი სიტყვით, კითხვები ბევრია. დასკვნის გამოტანა და ელიზბარაშვილის პოლიტიკური არჩევანის შეფასება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ამ კითხვებზე დამაჯერებელ პასუხს მივიღებთ.
საბა საბახტარაშვილი