რა ანადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას?!
ის, ვინც სოციალურ ქსელებში ხშირად ათვალიერებს შემზარავ ან აგრესიულ ტექსტებს, ფოტოებსა და ვიდეოებს, სერიოზულად რისკავს: ასეთ ადამიანებს, შესაძლოა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომები გამოუვლინდეთ!
ექიმების სამუშაო სწორედ იმ მიზეზით მიიჩნევა რთულად, რომ მათ მუდმივად ხალხის ტანჯვასთან უშუალო შეხება უწევთ. თუმცა, ექიმობა და სხვისი წამების უშუალოდ ნახვა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს ტანჯვა, გარკვეულწილად, თქვენც გადმოგედოთ...
აღნიშნულ თემას სპეციალური კვლევა მიეძღვნა, რომელიც ახლახან მეცნიერებმა ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინეს. ექსპერიმენტში მამაკაცებისა და ქალების თანაბარი რაოდენობა მონაწილეობდა. არცერთ მათგანს წარსულში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემა არ ჰქონია. მოხალისეებს პერიოდულად უჩვენებდნენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შემზარავ ვიდეორგოლებსა და ტექსტებს: ტყუპი ცათამბჯენების ჩამოშლას, სკოლებში ატეხილ სროლას, თვითმკვლელების აფეთქებას და ა. შ.
კვლევის ბოლოს მონაწილეებმა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების კითხვარი შეავსეს. მოხალისეთა 22 პროცენტს ჩამოთვლილ სიმპტომთა უმრავლესობა აღენიშნებოდა. ისინი ტრაგედიის მსხვერპლთ თანაუგრძნობდნენ და ნაწილობრივ თავადაც მსხვერპლად გრძნობდნენ თავს. რაც უფრო ხშირად ხედავდნენ ადამიანები კრიმინალურ შეტყობინებებს, მით უფრო ძლიერი ხდებოდა მათზე ზემოქმედება.
სპეციალისტები აღიარებენ, რომ შემზარავი სიახლეების თვალიერების აკრძალვა უაზრობაა, მაგრამ მოსახლეობას მაინც შეახსენებენ, რომ ინტერნეტში ნეგატიური ტექსტებისა თუ ფოტო-ვიდეომასალის ხშირად ნახვა მხოლოდ გუნება-განწყობილებას კი არ წაახდენს, არამედ საკმაოდ არასასიამოვნო დაავადებასაც გამოიწვევს.
პოსტტრავმული სტრესის სიმპტომები:
o ტრავმის გონებაში კვლავ ცოცხლად აღდგენა — შეგრძნება, რომ თითქოს ტრავმული შემთხვევა ისევ მეორდება.
o ცუდი სიზმრები და კოშმარები.
o უცაბედი შეშინება ხმაურზე, ან მოულოდნელად უკნიდან ვინმეს მოახლოებაზე.
o ემოციური არასტაბილურობა და ოფლიანობა.
o გულისცემის გაძლიერება, ან სუნთქვის გაძნელება.
o ხედვით, სმენით, ყნოსვით, გემოთი და სხვა შეგრძნებებით განცდილი ტრავმის გახსენება, რითაც მსხვერპლს კვლავ გუნება-განწყობილება უფუჭდება.
o აფორიაქება ან შიში — ისეთი შეგრძნება, თითქოს საშიშროება კვლავ უნდა განმეორდეს.
o ტრავმის ნებისმიერ შეხსენებაზე მოულოდნელად აფორიაქების, განრისხების ან გუნების გაფუჭების გამო, საკუთარი ემოციების მოთოკვის პრობლემა.
o სირთულეები გონების კონცენტრირებასთან ან საღად აზროვნებასთან დაკავშირებით.
o ჩაძინებასთან ან ძილის პროცესთან დაკავშირებული პრობლემები.
o მღელვარება და გამუდმებით საშიშროების მოლოდინი.
o ემოციურად დათრგუნვა, ან ინდიფერენტულობა.
o სხვების მიმართ სიყვარულის განელება, ან საერთოდ გრძნობების გამოხატვაში ინერტულობა.
o ისეთი შეგრძნება, თითქოს გარშემომყოფნი უცხონი, ან არარეალური ადამიანები არიან.
o იმ საქმეებისადმი ინტერესის დაკარგვა, რომლებიც ადრე საინტერესო იყო.
o ტრავმული სიტუაციიდან მნიშვნელოვანი მომენტების გახსენების პრობლემა.
o ირგვლივ არსებული სამყაროსა და მოვლენებისაგან გარიყულობის გრძნობა.