ბოროტი ხუმრობა თუ დასაქმების რეალური პერსპექტივა?!
გუშინ „ივერიონში“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „შვეიცარია მიგრანტებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებას და 3 ათას ევროიან ხელფასს სთავაზობს!“
სტატიას გამოქვეყნებისთანავე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. რედაქციაში რეკავენ ვირტუალური პერსპექტივით აღტკინებული თანამემამულეები და კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ, რაც ჩვენს კომპეტენციას სამწუხაროდ აღემატება!
ჯერ ერთი, ინფორმაცია სხვა საინფორმაციო წყაროდანაა მოპოვებული (მითითებულია პირველწყაროც), მეორეც, კონკრეტული პირობების დაზუსტება, ალბათ უფრო ოფიციალური სტრუქტურების პრეროგატივაა. ეტყობა, „ივერიონის“ მკითხველებმა არ მიაქციეს ყურადღება, რომ მიგრანტებს სოფლის მეურნეობაში დასასაქმებლად ეპატიჟება არა შვეიცარიის მთავრობა, არამედ „ფერმერთა კავშირი“, რომელიც „ცდილობს მიგრანტები და თავშესაფრის მსურველები დაასაქმოს“.
მსოფლიოში არსებული გლობალური უმუშევრობის ფონზე ფრიად დამაინტრიგებელი შეთავაზებაა, მითუმეტეს საკმაორ ნორმალური ანაზღაურების პერსპექტივით, თუმცა... რამდენად დგას შვეიცარიის ფერმერთა კავშირის ინიციატივა რეალობასთან ან, თუ უფრო გახსნილად ვიტყვით, რა მიზანს ემსახურება იგი?!
თუ ბოროტ ხუმრობასთან არ გვაქვს საქმე, ბუნებრივია, ეს ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში მთელ მსოფლიოს მიეწოდებოდა. მოგეხსენებათ ამ წუთისოფელში ყველაფერი დასწრებაზეა, აქედან გამომდინარე, ვეჭვობთ ქართველებისთვის ადგილები დაბევებული იყოს (მითუმეტეს, წამსვლელთა რიცხვი ამ ორ დღეში საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა)!
დავუშვათ, შვეიცარიის ფერმერთა კავშირის ინიციატივა რეალურია და ადგილობრივი მთავრობაც ყველანაირად შეუწყობს ხელს მიგრანტთა და თავშესაფრის მაძიებელთა დასაქმებას, დავუშვათ ათასობით თანამემამულემ სხვადასხვა „მაქინაციებით“ მოახერხა შვეიცარიაში შეღწევა (ზოგმა თავშესაფარიც იშოვა), რას მისცემს ეს საქართველოს?!
უნებურად გვახსენდება ამ ბოლო ხანებში გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც კატასტროფულ დემოგრაფიულ სურათს იძლევა _ 2002 წლიდან საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით მილიონ 700 ათასი ადამიანით შემცირდა. დღითიდღე იზრდება იძულებით ემიგრაციაში მსურველთა რაოდენობაც!
არავინ დაობს, რომ ოჯახს რჩენა სჭირდება და ადამიანი იძულებულია პური არსობისა ნებისმიერი ხერხით მოიპოვოს, მათ შორის, საკუთარი სამშობლოდან გაქცევითაც კი, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არ არის რეალური გამოსავალი. მითუმეტეს, იძულებითი ემიგრაცია ასუსტებს და სავალალო პერსპექტივას უქადის საქართველოს მომავალს!
გამოსავალი საკუთარი რესურსების მობილიზებაში და საკუთარი ხელისუფლების ხალხის სამსახურში ჩაყენებაშია - ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ შეიმუშაოს სახელმწიფოს აგრარული განვითარების პროგრამა, მოიზიდოს ინვესტიციები აგრარულ სექტორში და ხელი შეუწყოს ტრადიციული დარგების აღორძინებას...
სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს ადგილობრივ ფერმერთა ინსტიტუტის გაძლიერებით, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დოვლათის შექმნას და შრომისუნარიანი მოსახლეობის ადგილზე დასაქმებას.
ნაცვლად იმისა, რომ ელემენტარული პირობები შექმნას სოფლად აგრარული მეურნეობის განვითარებისთვის, მთავრობა ახალ-ახალ კანონპროექტებს აცხობს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებს - ერთ ჭირს (უსახსრობის მოტივით დაუმუშავებელ მიწებს) ახლა მეორე, უფრო საშიში ჭირი ემატება!
P.S. ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართველმა გლეხკაცმა მიწის სიყვარული თანდათან დაკარგა - შეიძლება ითქვას, შრომასაც გადაეჩვია და გამოსავალს ან საერთოდ ვერ პოულობს, ან არარეალურ (ვირტუალურ) „სამყაროში“ ეძებს.
არადა, ძალა ისევ საკუთარ თავში, ხოლო გამოსავალი საკუთარ ქვეყანაში უნდა ვიპოვოთ!
ანდრია ლისაშვილი