დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: შეჩვევა ყველაფერმა იცის და ყველა უბედურება უნდა დავაკანონოთ?!

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია: შეჩვევა ყველაფერმა იცის და ყველა უბედურება უნდა დავაკანონოთ?!

„ივერიონს“ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის სირთულეებზე სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პეტრე (კვარაცხელია) ესაუბრება.


-საქართველოს დღის წესრიგში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი დგას, რომელსაც საზოგადოებაში მომხრეები  და მოწინააღმდეგეები თანაბრად გამოუჩნდნენ. თქვენი აზრით, ამას რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს?

-ჩემს აზრზე საინტერესო ეკლესიის პოზიციაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ფაქტის დაკანონება მიუღებელი და დასაგმობია. რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს  ცოდვის დემონსტრირებას?! 

არც ერთი მხარის ინტერესში არ უნდა შედიოდეს  მისი მანკიერი მხარეების ლეგალიზება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვცხოვრობთ თეოკრატიულ სახელმწიფოში, ეკლესიის ინტერესების გათვალისწინება ყოველთვის მოგვიწევს, რადგან მოსახლეობის დაახლოებით 80%  მრევლია. რა კანონიც  არ უნდა მიიღონ, ვისაც არ სურს,  არ მოწევს, ვისაც სურვილი აქვს, მაინც წაეტანება!

თუ ვინმეს ჰგონია, რომ დეკრიმინალიზაციის  შედეგად  დანაშაულებრივ ქმედებებს თავიდან ავიცილებთ, მაშინ ვიტყვი, რომ,  ეკლესიის მხარდაჭერის შემთხვევაში, პირველები ისინი არ დაინდობენ ეკლესიას, ვინც ამ ფაქტის დაკანონებას მოითხოვენ. ერის ფსიქიკა ისედაც შერყეულია და მეტი დაბოლება არ გვჭირდება!

- ხშირად გაგვიგონია გამოთქმა, ნარკოტიკივით შეჩვევა იცისო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკომიდრეკილება თანდაყოლი თვისება არ არის. აქედან გამომდინარე, რამდენად დროული და მიზანშეწონილი იქნება მარიხუანის დეკრიმინალიზაცია?

-ყველაფერმა მიჩვევა იცის:  არამხოლოდ ნარკოტიკმა, ალკოჰოლმაც, მრუშობამ, აზარტულმა თამაშებმა...  მაშინ ყველაფერი უნდა დავაკანონოთ?!  არ არსებობს ყოფილი ნარკომანი,  ის მიძინებული ვულკანივითაა, არავინ იცის, როდის გამოიღვიძებს. მისი აღიარება კი ხელს შეუწყობს გვერდით სირთულეებს...

 - მარიხუანის დეკრიმინალიზაცია იქნება თუ არა მისი ლეგალიზების წინაპირობა?

-წინაპირობა იქნება ის, რომ ისიც წაეპოტინება, ვისაც მისი მოხმარება აზრად არ მოსვლია. ახალგაზრდების უმეტესობა ჯანსაღი ცხოვრებით რომ იყოს დაკავებული, ამ თემით აჟიტირება ნაკლები იქნებოდა. წიგნთან, მოძღვართან ან ფსიქოლოგთან მეტ დროს თუ გაატარებენ, სხვა მოთხოვნილებები გაუჩნდებათ და ადამიანს დაემსგავსებიან. თავის მხრივ, ეკლესიაც და სახელმწიფოც უნდა ზრუნავდეს უსაქმური თაობის ყველაზე ეფექტური მეთოდებით  სწორად წარმართვას.

-რას ფიქრობს ეკლესია და როგორ ებრძვის და შეებრძოლება ყოველივე ზემოთქმულს?

-ეკლესია ჩანასახშივე ებრძვის ყველა მახინჯ ფორმას. ბევრი იტყვის, სასულიერო პირებიც სცოდავენ და ჩვენ რაც გვერჩიანო. კონკრეტული სასულიერო პირის მდგომარეობა არ გულისხმობს ეკლესიის პოზიციას. მონასტერი სულის სამკურნალო ადგილია, იქამდე ძალით ვერავის მიათრევენ, საკუთარი ნებით კი ბევრი მინახავს ღვთის გზაზე მადლიერებით და სიყვარულით მიმავალი!
                                        

                                  ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: