კახა კახიშვილი: ვურჩევ ხელისუფლებას, გადახედოს საკადრო პოლიტიკას!
ცხრა წლის მანძილზე ვირტუალური დაპირებებით ნასაზრდოები საზოგადოება 40 დღეში ძირეულ ცვლილებებს რომ ელოდება, მეტად გულუბრყვილოდ ნაფიქრალ-ნათქვამია, მაგრამ ვირტუალური დამპირებლები რის დამპირებლები არიან, თუ ცეცხლზე ნავთი არ დაასხეს და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ხელისუფლებას ხალხის თვალსა და გულში წყალი არ შეუყენეს. ყოფილ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებების სერია და მრავალი კითხვის ნიშანი _ ჯერ მხოლოდ ესაა, რითაც ახალი ხელისუფლება თავს მოიწონებს.
მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და პროგნოზებზე პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის უკროსი კახა კახიშვილი გვესაუბრება:
_ ბოლო 8 წლის განმავლობაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება გვინახავს და არაერთი განცხადება მოგვისმენია კონკრეტული დანაშაულის შესახებ. როცა დანაშაული არსებობს, სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია ჩაატაროს გამოძიება და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. მეორე საკითხია, რამდენად იქნება გამოძიება მტკიცებულებებით გამყარებული, რადგან "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში გამოძიების ხარისხი ნულის ტოლი იყო. იჭერდნენ, აპატიმრებდნენ, პატიმრობას უფარდებდნენ ნებისმიერი დანაშაულის გამო, თუ ეს პროკურატურის ინტერესებში შედიოდა. ისე უსჯიდნენ პატიმრობას, არც უფიქრდებოდნენ ჰქონდათ თუ არა საკმარისი მტკიცებულებები.
დღეს, თუ ვცდილობთ, რომ სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ და პოლიტიკურ შეთანხმებასაც მივაღწიოთ, სხვა სტანდარტი უნდა ჩამოვაყალიბოთ _ დანაშაულის არსებობის შემთხვევაში, ყველა საქმე მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.
ამ ხნის მანძილზე იმდენი ფაქტი გვინახავს, ცოტა რთულია დაიჯერო, რომ არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები, მაგრამ მაინც არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, თუნდაც კალანდაძის დაკავების ფორმასთან დაკავშირებით. ეჭვს იწვევს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის დაკავებაც _ მას ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაში ედება. არადა, დარწმუნებული ვარ, უამრავი მტკიცებულების მოპოვება შეიძლება კონკრეტულ საქმეებზე, რათა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არა, სამართლის მოთხოვნაა.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დადგენილებით, პოლიტიკურ პატიმრად ითვლება ადამიანი, როლის მიმართაც არ არის უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლო და პოლიტიკური ნიშნები იკვეთება. ამ მოტივაციიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული საქმე უტყუარი მტკიცებულებებით იყოს გაჯერებული, რომ აღარავინ ისაუბროს პოლიტიკურ დევნაზე. საჭიროა, ქვეყანაში შეიქმნას ობიექტური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო _ არც ისეთი, რომელიც ყველას დაიჭერს და არც ისეთი, რომელიც შეეცდება ყველა დამნაშავე გაამართლოს. საბოლოოდ უნდა აღიკვეთოს შეკვეთით დაჭერები.
_ ბატონო კახა, საზოგადოება ითხოვს და სამართლიანადაც, იმ ცვლილებების განხორციელებას, რასაც მათ არჩევნებში ხმა მისცეს. თუმცა ხელისუფლების ოპონენტები გამუდმებით გვახსენებენ, რომ "ქართული ოცნების" პირველი ნაბიჯები საიმედო პროგნოზებს არ იძლევა და დიდი ალბათობაა, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებებიც მხოლოდ დაპირებებად დარჩეს...
_ საზოგადოება მიჩვეული იყო ხელისუფლებისგან, რომ პრეზიდენტის დავალებით პოლიციის ხელმძღვანელი მშენებლობას კურირებდა, შსს მინისტრი სრულიად სხვა, თავის სფეროსთვის შეუფერებელ პროექტს ხელმძღვანელობდა და ა.შ. რაც ფაქტობრივად, მათი სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებად ითვლებოდა. ახლა კი პოლიციამ – საკუთარი, ეკონომიკის სამინისტრომ _ საკუთარი და ფინანსთა სამინისტრომ _ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.
ვერ ვხვდები, რა კავშირშია დაპატიმრებები დაპირებების შესრულებასთან ან შეუსრულებლობასთან? რომ არ დაეკავებინა პოლიციას ეს ხალხი, რა უნდა ექნა, წასულიყო და ტრაქტორები ჩამოეყვანა? ასეთი მიდგომა არ არის სწორი, რადგან ყველა უწყებას თავისი უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვს და ყველა მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს. ცოტა უცნაურია, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 9 წლის მანძილზე ვირტუალური დაპირებებით გვასაზრდოებდა და მაინც გამუდმებით გვახსენებდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, 40 დღეში ითხოვს ახალი მთავრობისგან ძირეულ რეფორმებს.
მე დღეს მმართველ პარტიაზე მხოლოდ მისი წინასაარჩევნო დაპირებებით შემიძლია ვისაუბრო და დარწმუნებით ვთქვა, რომ მათი მოსვლის შემდეგ გაქრა შიში, რაც მანამდე უკანონო და უსამართლო ხელისუფლებამ ჩაუსახა მოსახლეობას. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმისთვის არ არის მოსული, რომ ფული მოიპაროს და შოპინგებსა და ათას სისულელეებზე დახარჯოს. რაც შეეხება დაპირებებს, ჯერ საკმარისი დრო არ გასულა იმისათვის, რომ მათი რომელიმე ქმედება შევაფასოთ. პარლამენტის ვადა კონსტიტუციით 4 წლითაა განსაზღვრული და თუ იავანიშვილი ვერ შეძლებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საკუთარი გუნდის ორიენტირებას და ერთი წლის, ან წელიწადნახევრის განმავლობაში ვერ დაიწყებს მაინც იმ სასიკეთო რეფორმების განხორციელებას, რასაც გვპირდებოდა, ეს პირდაპირ საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე აისახება.
_ რამდენიმე მინისტრსა და მაღალი თანამდებობის პირს ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული პასუხი თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე, რაც ასე აინტერესებს საზოგადოებას. როგორ შეაფასებდით ახალი ხელისუფლების მიერ გატარებულ საკადრო პოლიტიკას?
_ საკადრო პოლიტიკა ცოტა უცნაურად მიმდინარეობს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ერთ პოლიტიკურ სისტემას მეორე ჩაენაცვლოს, რეალურად კი არაფერი შეიცვალოს. ხელმძღვანელის როლი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უნდა მიენიჭოთ, მაგრამ ეს საკუთარი ბიძაშვილების, დების, დედების დაწინაურებაში არ უნდა გამოიხატებოდეს.
საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბევრმა მინისტრმა შეცვალა გადაწყვეტილება, ზოგიც კონკრეტულ სფეროში არაკომპეტენტური გამოდგა, ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, ვინ რა თანამდებობაზეა. არ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც ამ ადამიანებს გავეცნობით თავიანთი ბიოგრაფიებით. ბევრ მათგანს საჯარო სამსახურში არასოდეს უმუშავია და დაბნეულია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საზოგადოება შედეგს ელოდება და თუ ეს შედეგები დააყოვნებს, მათი რეიტინგიც ისევე დაეცემა, როგორც "ნაცმოძრაობის" რეიტინგი დაეცა. ისინიც ხომ ერთ დროს ტრიუმფით მოვიდნენ ხელისუფლებაში.
მე მაინც ვურჩევდი ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ გადახედოს საკადრო პოლიტიკას.