რომან გოცირიძე: მინისტრი მთავრობას ატყუებს, მთავრობა კი ხალხს!
უკვე ბევრჯერ შევამჩნიე, რომ ფინანსთა სამინისტრო ატყუებს პრემიერ-მინისტრს. იგი აკეთებს განცხადებებს სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით და ინტერპრეტაციით, ხოლო რეალობა აღმოჩნდება სულ სხვა.
ბოლო ასეთი, მე ვიტყოდი სკანდალური ფაქტია ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებული მოვლენები. სამინისტროები საგმირო საქმესავით გვამცნობენ, თუ როგორ შემოუჭირეს ქამრებს და შეამცირეს ხარჯები. სინამდვილეში ერთი მუხლიდან(სამინისტროდან) მოხდა მეორეში თანხების გადატანა. არ მომხდარა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება არცერთი თეთრით.
კორექტირებული ბიუჯეტი არის გაცილებით უარესი, ვიდრე თავდაპირველი, რადგან:
-მცირდება შემოსავლების ყველაზე ჯანსაღი, საგადასახადო ნაწილი 200 მილიონი ლარით. მისი ჩანაცვლება ხდება მომავალში სავარაუდოდ მისაღები სალიცენზიო შემოსავლით, ახალი თაობის მობილური კავშირგაბმულობის სიხშირის გაყიდვიდან. აგრეთვე შემოსავლების დანაკლისის დაბალანსება ხდება ციფრების მანიპულაციით. ნაჩვენებია გრანტებისა და კრედიტების ზრდა 224 მილიონი ლარის ოდენობით. სინამდვილეში არავითარი ახალი უცხოური დაფინანსება არ შემოდის. იგივე რჩება რაც იყო ბიუჯეტში, ოღონ გადაანგარიშებულია ახალი, ლარის გაუფასურებული კურსით: 1დოლარი თუ თავიდან 1,85 ლარად იყო ნაანგარიშები, ახლა 2,25 ლარია.
-იზრდება საგარეო ვალის გასტუმრების ხარჯი 53 მილიონი ლარით. სინამდვილეში იგივეს გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში. ზრდა გამოწვეულია ლარის გაუფასურებული კურსით გადაანგარიშების გამო.
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით კორექტირებული ბიუჯეტი უარესია წინაზე და არ უწყობს ხელს სავალუტო სტაბილურობას. ხარჯვა კვლავინდებურად არათანაბარზომიერია და დიდი ნაწილი კვლავ დააწვება ბოლო ორ თვეს, როგორც მოხდა წინა წლებში და რაც იყო ლარის დევალვაციის ერთ-ერთი საშინაო მიზეზი. დღეისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულია ხარჯი 4,1 მილიარდი ლარის ოდენობით. დარჩენილ პერიოდში დასახარჯია 5,4 მილიარდი, რაც გასული ორი წლის სცენარს ემსგავსება.
მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია შიგა ვალი 100 მილიონი ლარით, ამას არ მოუხდენია დადებითი გავლენა ბიუჯეტის დეფიციტზე, ვინაიდან მისი ჩანაცვლება მოხდა დეფიციტური დაფინსნსების სხვა წყაროებით( საგარეო ვალის ზრდა 184 მილიონი ლარით).
მთლიანობაში მთავრობა მოიქცა უპასუხისმგებლოდ. არ შეამცირა ბიუჯეტი თუნდაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მოსალოდნელი კლების პროპორციულად.
თუ გავითვალისწინებთ ექსპორის სერიოზულ კლებას, უცხოური ინვესტიციების შემცირებას, უცხოეთიდან გადმორიცხვების შემცირებას და არც თუ ისე სახარბიელო სურათს ტურისტული სეზონის თვალსაზრისით, რისკები კვლავ საკმაოდ რჩება.
ფინანსთა სამინისტრო, როგორც ჩანს, შეგნებულად უმალავს მთავრობას და საზოგადოებას რეალურ ვითარებას, მთელი აქცენტები გადააქვს ეროვნულ ბანკზე და ე.წ. საგარეო ფაქტორებზე და ამით ცდილობს მშრალად გამოსვლას კრიზისული ვითარებებიდან.
გამოსდის ეს კიდევაც, რაც მთავრობის წევრებისა და სხვა ზემდგომების დაბალი ეკონომიკური კვალიფიკაციით თუ შეიძლება აიხსნას.