რას ურჩევს ხელისუფლებას ნატალია ზაქარეიშვილი
ეს პატარა წერილი-რეკომენდაცია „ივერიონს“ ექსპერტმა შრომისა და სოციალურ საკითხებში ნატალია ზაქარეიშვილმა გამოუგზავნა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად.
ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ეროვნული ვალუტის ვარდნამ და შემდგომ, 13 ივნისის სტიქიურმა უბედურებამ დღის წესრიგში დააყენა ანტიკრიზისული საბჭოს შექმნის აუცილებლობა.
ანტიკრიზისული საბჭო უფლებამოსილი იქნება შეისწავლოს ქვეყანაში კრიზისის გამომწვევი მიზეზები, შეიმუშაოს მისი დაძლევის მექანიზმები და ამავდროულად, გააკონტროლოს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და თბილისის დსახმარებლად შემოსული თანხების მიმდინარეობა.
სასურველი იქნება , თუ აღნიშნული საბჭო შეიქმნება პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ და მასში გაერთიანდებიან საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
საბჭოს თავმჯდომარედ კი შესაძლებელია არჩეული იყოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი, რომელიც იქნება კონსტრუქციული და ავტორიტეტული პიროვნება (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი მოიპოვება დღევანდელ ოპოზიციაში).
ამრიგად, ამ კრიზისულ მომენტში ხელისუფლებას დახმარებას სწორედ ანტიკრიზისული საბჭო გაუწევს. რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ხელისუფლების ყველა შტო და საზოგადოების წარმომადგენლები.
ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობა აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ჩართული იქნებიან მიმდინარე პროცესებში და თავადაც აიღებენ და გადაინაწილებენ პასუხისმგებლობას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო (მათაც აღარ გაუჩნდება პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ და ვეღარც მაყურებლის როლში .იქნებიან წარმოდგენილნი).
დღეს საზოგადოებას და დაზარალებულ მოსახლეობას უკვე აქვს კითხვები და უნდობლობის განცდა ხელისუფლების მიმართ, რომ მიღებული დახმარება არ მიდის დანიშნულების ადგილზე და მისი განკარგვაც არ ხდება მიზანმიმართულად.
ამ ყველაფერს კი პოლიტიკური მიზნებისთვის სათავისოდ იყენებს რადიკალური ოპოზიცია თავისი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით და მოსახლეობაში თესავს შუღლს, აღვივებს ეჭვებს ხელისუფლების მისამართით.
კიდევ ვიმეორებ: ყველა შემოსული, თუ მოზიდული თანხების გამჭირვალეობაზე პასუხისმგებელი იქნება ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც პარიტეტის საშუალებით მიიღებს ყოველგვარ გადაწყვეტილებას.