ლია ელიავა: საქართველოდან კაპიტალი გარბის, ლარი სერიოზულ კრიზისშია!

ლია ელიავა: საქართველოდან კაპიტალი გარბის, ლარი სერიოზულ კრიზისშია!

„ივერიონს“ მოსალოდნელ სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისზე და ლარის კურსის კატასტროფულ ვარდნაზე ესაუბრება ექსპერტი ფულად-საკრედიტო საკითხებში ქ-ნი ლია ელიავა.

 

-ქალბატონო ლია, რა მდგომარეობაშია დღეს ლარი და რა ელის მას მომავალში?

 

-ლარი დღეს  მხარდაჭერის გარეშეა მიტოვებული,  ამიტომ, მისი ვარდნა  საკმაოდ  მძიმე და ღრმაა, სხვა მეზობელ ვალუტებთან შედარებით.  

 

ეროვნულმა  ბანკმა მხარი არ დაუჭირა  ლარს და არ აამოქმედა მონეტარული  პოლიტიკა, რათა  საქართველოდან არ გაქცეულიყო კაპიტალი. დღეს  ლარი განაგრძობს ვარდნას და  ამას რა მოჰყვება,  ყველა ხედავს - ინფლაციის ზრდა, გაზრდილი ფასები, მოსახლეობის  შემოსავლისა და გადახდისუნარიანობის კლება,  ბიზნესშემოსავლის  შემცირება და  ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენ ვდგავართ სერიოზული ეკონომიკური  კრიზისის  წინაშე. ზოგადად, მსოფლიოში, სავალუტო კრიზისს მოჰყვება ხოლმე საბანკო კრიზისი. ესაა ობიექტური კანონზომიერება, რომელიც  შესაძლოა საქართველოში განვითარდეს.

 

-კონკრეტულად  რომელი მავნე ფაქტორები ზემოქმედებს ლარზე?

 

-პირველი - ესაა ვალუტის კურსის დადგენის არასწორი და მავნე მეთოდოლოგია, რომელიც შემუშავებული  აქვს ეროვნულ ბანკს და  ატარებს არასაბაზრო ხასიათს. არსებული მეთოდოლოგია, შეიძლება ითქვას, მახინჯია და ვერ ასახავს ლარის რეალურ გაცვლით კურსს. 

 

მეორე - ესაა სპეკულაციური პროცესები, რომელთა აღკვეთის უნარი ეროვნულ  ბანკს აქვს და ჯიუტად არ აკეთებს. 

 

მესამე - ქვეყნიდან კაპიტალის გადინება, რომლის აღკვეთა-შენელება ეროვნულ  ბანკს შეუძლია. 

 

საუბარი,  რომ,  აქაო და,  ფულადი ნაკადები არ ყოფნის საბანკო სექტორს და ამიტომ უფასურდება ლარიო, ნამეტანი “ოპტიმისტურია“ - რამდენი ფულიც არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, იმაზე მეტი გავარდება.  ეს ე.წ.  გავარდნის პროცესია შესაჩერებელი. ვალუტა გარბის არა იმიტომ, რომ აქ რაღაც საშინელება ხდება, არამედ იმიტომ,  რომ ის ეძებს კომფორტს.  ანუ:   სავალუტო კრიზისს 2 ეტაპი აქვს, პირველს განაპირობებს ეკონომიკური პირობები და მეორეს პანიკა და სპეკულაცია, რომელშიც  ჩვენ ვიმყოფებით. ვისაც ფული აქვს შემოტანილი, შიშით  გააქვს საქართველოდან, რომ არ დაკარგოს და,  ვისაც აქვს, არ შემოაქვს. ანუ საქართველო, ეს მცირეეკომიკური ქვეყანა, დარჩა ვალუტის გარეშე, რადგან ეროვნულმა  ბანკმა  ლარის კურსის დაცემა-გაუფასურების საწინააღმდეგო პირობები ვერც ადმინისტრაციულად შექმნა  და ვერც ეკონომიკურად. 

 

ერთი შეხედვით, რაც საქართველოში  ხდება,  განვითარებადი  ქვეყნებისთვის უცხო არაა.  მსოფლიო ტენდენციაა, რომ სავალუტო კურსის ვარდნას იწვევს ორი მიზეზი-ნავთობდამოკიდებულება და განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გაქცევა (რაც ჩვენთან ხდება). 

 

მე ლარის კურსი შევადარე თურქულ ლირას და დავასკვენი, რომ მათი ვარდნის გრაფიკი იდენტურია, რადგან თურქეთთან,  რომელიც არ არის  ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი,  ბიზნესურთიერთობა  გვაქვს და კაპიტალი იქ გარბის. მით უმეტეს,  თურქეთი ომობს, უძრავი ქონება  გაიაფდა და იქ დიდი მოგების ნახვა შეიძლება! 

 

 ამ ცეცხლზე ნავთს ასხამს ქართული კომერციული  ბანკები, რომლებსაც  უდიდესი თანხები უდევთ საზღვარგარეთის ბანკებში. მართალია, თურქ ბიზნესმენს ფულის გატანას ვერ  აღუკვეთავ,  მაგრამ  ხომ შეეძლო ეროვნულ ბანკს  კომერციული  ბანკებისთვის ფულის საქართველოში დაბრუნება დაევალებინა?!  

 

-გაიზიარებს თუ არა ლარი კუპონის ბედს?

 

- იმედია არა. იმედია ის კუპონოვით დახატული ქაღალდი არ იქნება! 

 

                                    ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: