რა შუაშია ლარი მთავრობასთან?!

რა შუაშია ლარი მთავრობასთან?!

„როგორიცაა ლარი, ისეთია ხელისუფლება და პირიქით, როგორიცაა ხელისუფლება, ისეთია ლარი“ _ ეს სიტყვები პროფესორ მიხეილ ჯიბყუტს ეკუთვნის, რომელიც მან ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში გააჟღერა.

რა შუაშია ლარი ხელისუფლებასთან?


დიახ, ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ამ სიტყვებში ნამდვილად ჩანს ჭეშმარიტების მარცვალი.

ლარი ეროვნული ვალუტაა, რომლის სიმყარე არსებითად განსაზღვრავს ეკონომიკის მადგომარეობას ქვეყანაში - თუ არსებულ ვითარებას რეალურად შევაფასებთ, დღეს ლარს ისე უჭირს, როგორც საქართველოს ეკონომიკას.

საქმე ისაა, რომ ქვეყანას არათუ გონივრული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, არამედ, ზოგადად ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის ჩანასახიც არ გააჩნია და ყველაფერი „ველურ ბაზარზე“ არის მინდობილი - დიახ, „ველურ ბაზარზე“ და არა კლასიკურ საბაზრო ეკონომიკაზე, რომლის რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი მოთხოვნაა.

არ ვიქნებით სწორი ლართან დაკავშირებული ყველა უბედურება გიორგი ქადაგიძის შეგნებულ ავანტიურას გადავაბრალოთ, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენენ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: მთავრობამ ვერ შეძლო იმის უზრუნველყოფა, რომ სებ-ს სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა განეხორციელებინა და ოდნავ მაინც შეერბილებინა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებული პროცესები. მან „დემოკრატიულობის“ და სებ-ის საქმიანობაში „ჩაურევლობის“ უსუსური პრინციპით ხელიდან გაუშვა მართვისა და კონტროლის  სადავეები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - სპეციალისტთა პროგნოზით შესაძლოა უახლოეს მომავალში ლარის კურსი სამნიშნა ციფრამდეც ავიდეს, რომლის იქით სრული ეკონომიკური კოლაფსია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ლარი ზუსტად ასახავს მთავრობის დამოკიდებულებას ეკონომიკისადმი - დიახ, როგორც ზემოთ ვთქვი, ქვეყანას არ გააჩნია არათუ ეკონომიკის განვითარების სტრატეგია, არამედ კრიზისული სიტუაციიდან თავის დაღწევის (კრიზისული სიტუაციის მართვის) კონცეფცია. დღემდე ყველაფერი ეროვნულ ბანკს და მის მიერ გატარებულ არასწორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ბრალდება, მთელი აქცენტი გადატანილი იყო სებ-დან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე, რომელსაც როგორც იქნა მიაღწიეს, მაგრამ დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის დაკომპლექტება დროში გაიწელა!

საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებელი სამსახური უკვე დამტკიცებულია. აქედან გამომდინარე, ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას პირდაპირ ქადაგიძეს ვერ დააბრალებენ. თუმცა, თუ ობიექტურად განვსჯით, „განტევების ვაცის“ მოძებნა მთავრობას არ გაუჭირდება.

ისმება კითხვები: რატომ არ ჰქონდა მთავრობას ნება გამოეყენებინა მის ხელთ. არსებული ბერკეტები და ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა შეეჩერებინა? რატომ გარბის იგი საერთოდ ეკონომიკიდან?

აქ მხოლოდ მართვის უუნარობასთან თუ შეგნებულ უმოქმედობასთან გვაქვს საქმე, რომლის მიზანი ღარიბი მასის კიდევ უფრო გაღატაკება და ეკონომიკური საყრდენების სრული მოშლაა - ღატაკი მასის მართვა უფრო ადვილია, რადგან ყოველდღიურ ლუკმა-პურზე დაგეშილი ადამიანი საკუთარი უფლებების დაცვისთვის ვერ იცლის და ყოფითი პრობლემებისგან დასუსტებული და ძალაგამოცლილი ვერც საპროტესტო მუხტის აგორებას შეძლებს!

მთავრობას ეკონომიკის მართვა რომ არ შეუძლია (ან არ სურს) ნათლად ჩანს ე.წ. კახური აჟიოტაჟიდანაც - ნაცვლად იმისა, რომ ყურძენი უშუალოდ გლეხებისგან შეესყიდა (თუ, რა თქმა უნდა, სუბსიდირების აუცილებლობა არსებობს), მთავრობამ  პარტნიორად შუამავლი რგოლი - გადამამუშავებელი ქარხნები აირჩია, რომლებიც სხვადასხვა მაქინაციებით მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ - მაშინ, როცა გლეხს ყურძნისთვის ვერ მოუვლია და ტონობით მოსავალი ულპება ქარხნები ღვინის ფალსიფიკაციას ეწევიან...

უფრო გონივრული იქნებოდა, სუბსიდია პირდაპირ გლეხს მიეღო, ყურძენი დაეწურა და ნატურალური ქართული ღვინო თვითონვე გაეყიდა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ კახელ მევენახეს და სახელმწიფოს ისეთი შუამავლი, როგრიც მაქინაციებით განთქმული ღვინის ქარხნებია, არ სჭირდება.

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომ მიხეილ ჯიბუტის ფორმულაში - „როგორიცაა ლარი, ისეთია მთავრობა დავრწმუნდეთ!

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: