თავდაცვის მინისტრის განცხადება სახელმწიფო დანაშაულია!

თავდაცვის მინისტრის განცხადება სახელმწიფო დანაშაულია!

რეპლიკა თინა ხიდაშელის  BBC-ის გადაცემაში მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით

 

“რესპუბლიკურ პარტიად” წოდებული ანტიქართული სულისკვეთების სექტა სხვადასხვა “არგუმენტაციისა” და “საბაბის” მოშველიებით თავდაუზოგავად აგრძელებს რუსული გეგმის _ აფხაზეთისა და  ცხინვალის  რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის _ რეალიზებას.

 

მორიგი მცდელობა თინა ხიდაშელის BBC – თვის მიცემული ინტერვიუა. 

 

როგორც ქალბატონმა მინისტრმა განაცხადა, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანა გერმანიის მსგავსად მოიქცევა.  ნაწილი გაწევრიანდება ალიანსში, ნაწილი-აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი დარჩება ოკუპაციის ქვეშ და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იქნება სტრატეგიული მოთმინება.

 

ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე დიალოგი არ გამართულა და კონსენსუსიც არ არსებობს. მის გარეშე კი თავდაცვის მინისტრისგან მსგავსი კაპიტულანტური პოზიციის გავრცელება   მსოფლიო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესუსტებისკენ მოწოდებაა.  რაც სახელმწიფო დანაშაულია!

 

,,სახალხო პარტია" ეჭვობს, რომ ქალბატონი მინისტრის მიერ უკვე მერამდენედ ცხინვალის რეგიონის “სამხრეთ ოსეთად” ჯიუტად მოხსენიება ხდება მიზანმიმართულად. თუ ის და მისი პარტია ადრე მხოლოდ აფხაზეთს განიხილავდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ამ განცხადებით ახლა მასთან ერთად ცხინვალის რეგიონიც ამ რანგშია აყვანილი.

 

რაც შეეხება გერმანიის ორ ნაწილად გაყოფას, ეს ვერაფერი მაგალითია ჩვენი სიტუაციისათვის, რადგან:

 

- გაყოფილი გერმანია იყო საერთაშორისო შეთანხმების შედეგი;

 

-გერმანიის გაყოფა იყო გარკვეული სადამსჯელო სანქცია გამარჯვებული მხარეების მხრიდან;

 

_ გერმანიის გაერთიანება ავტომატურად იქცეოდა რეალობად საბჭოთა ბლოკის დამარცხებისთანავე;

 

-გერმანიის გაყოფილ ორივე ნაწილში ძირითადი მოსახლეობა გერმანელები იყვნენ, რომლებიც ისწრაფვოდნენ გაერთიანებისკენ;

 

-გერმანიის ,,ოკუპაციურ" ნაწილში დემოგრაფიული სურათის შეცვლა ოკუპანტის მიერ გამორიცხული იყო;

 

- გერმანია  უალტერნატივოდ მიისწრაფვოდა დასავლეთის ცივილიზებულ სამყაროში თავისი სრულფასოვანი ადგილისა და თავის ქვეყანაში რეალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. 

 

გერმანელი ხალხის ,,სტრატეგიული მოთმინება" თუ შედეგის (გაერთიანება) აუცილებლად მომტანი იქნებოდა, ჩვენ შემთხვევაში პირიქით, ეჭვის ქვეშ აყენებს იგივეს, რაც შეუძლებელია არ იცოდეს ელემენტარული გონებრივი შესაძლებლობების ადამიანმა.

 

და ბოლოს: როცა ალიანსში გასაწევრიანებლად ქვეყნის დაყოფის პირობა არ არსებობს და პირიქით, ყველა ცნობს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და, კიდევ უფრო მეტი, მხოლოდ დასავლეთია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების გარანტი, დავფიქრდეთ, ხელისუფლებაში მყოფი პირი რატომ უწევს ლობირებას რუსეთის ინტერესებს?!   

 

„სახალხო პარტია“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: